USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«Times of India» (ინდოეთი): „საქართველო ინდოელ სტუდენტ მედიკოსებს სასწავლებლად ისევ იზიდავს“
дата:  635

ინდოეთის ყველაზე ძველ ინგლისურენოვან და მრავალტირაჟიან გაზეთ „თაიმს ოფ ინდიაში“ (Times of India) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ინდოელ სტუდენტ მედიკოსებს სასწავლებლად ისევ იზიდავს“ (ავტორი - იშანი დუტაგუპტა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინდოელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სასწავლებლად საქართველოში მიემგზავრებიან - ქვეყანაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაშესაყარზე მდებარეობს - განუხრელად მატულობს. როგორც 2021 წელს ინდოეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, იმ დროისათვის ინდოელი სტუდენტების რიცხვი რვა ათასს აღწევდა, ახლა კი ბევრად მეტია.

ინდოელი ახალგაზრდებიდან ისინი, რომლებიც ცოდნის (ძირითადად სამედიცინო განათლების) მიღების მიზნით საქართველოს ირჩევენ, ექიმის პროფესიას ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ევროპულ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისში და ბათუმში არსებულ  უნივერსიტეტებში.

შინმაი შარად დაჯავმა, თბილისის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში რომ სწავლა დაეწყო, ამისათვის მან 2018 წელს ქალაქ პუნაში შესაბამისი გამოცდები ჩააბარა და ნებართვა მიიღო: „უმაღლესი სამედიცინო განათლებისათვის ყველაზე მიზენშეწონილად საქართველო ჩავთვალე, რომლიც ინდოეთის მოქალაქეებისათვის ყველაზე უსაფრთხო და მისაწვდომ ქვეყანას წარმოადგენდა“, - ამბობს შინმაი დაჯავი. მისი არჩევანი კიდევ ერთ მიზეზი ის იყო, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო პროფილი მოწონებული იქნა ინდოეთის ეროვნული სამედიცინო კომისიის მიერაც.

„სამედიცინო კურსის გავლის დროს ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა ექიმებთან და პაციენტებთან - იმიტომ, რომ ჩვენი სამედიცინო დისციპლინების უმეტესობა საავადმყოფოებში ტარდება. დიპლომი და ცოდნის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მოწონებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, უფლება გვაქვს განაცხადი შევიტანოთ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში სამედიცინო განათლების ლიცენზირებისათვის, რომელიც უცხოელ ექიმებს მოეთხოვებათ“, - ამბობს შინმაი დაჯავი.

ინდოელი სტუდენტების მიერ საქართველოში სამედიცინო განათლების დაუფლებას ხელს უწყობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორისაა ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება“, რომელსაც დარპან პრაშერი ხელმძღვანელობს. იგი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობს: „ჩემი ორგანიზაცია ინდოელ სტუდენტებს სხვaდასხვა საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება, იურიდიული მხარდაჭერის ჩათვლით და ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას, კულტურული ღონისძიებების მეშვეობით. ამას წინათ ერთად ვიზეიმეთ ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე, ჩავატარეთ ჩვენი ეროვნული ფესტივალები („დივალი“, „ნავრატრი“, „რამნავი“), ავღნიშნეთ იოგის საერთაშორისო დღე და ა.შ.“, - ამბობს დარპან პრაშერი, რომელიც ინდოელ სტუდენტებს პანდემიის დროს დაეხმარა, განახორციელა მათი უზრუნველყოფა ანტიკოვიდური პრეპარატებით და ხელი შეუწყო ევაკუაციას ჩარტერული ავიარეისებით, ინდოეთში დასაბრუნებლად.

ინდოელი სტუდენტები თვლიან, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარენი არიან და ხშირად ინტერესდებიან ინდური კულტურით. „საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეებს კარგად ახსოვთ ბოლივუდის მიერ [1940-1980-იან წლებში] გადაღებული ინდური ფილმები. ეს ჩვენთვის, ინდოელი სტუდენტებისათვის, რომლებიც სამშობლოსგან მოშორებით ვცხოვრობთ, ძალიან პოზიტიურია, რომ ქართველებს ინდური კულტურის მიმართ ასეთი კეთილი განწყობა აქვთ“, - ამბობს შინმაი დაჯავი, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ ინდოეთში დაბრუნებას გეგმავს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ირჩევენ ის სტუდენტებიც, რომლებიც სხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ. მაგალითად, ანანია ატრიმ, რომელიც ლატვიაში ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს და პანდემიის გამო განათლების მიღება ვერ დაასრულა, ახლა ცოდნას საერთაშორისო პოლიტიკისა და პოლიტოლოგიის სფეროში შავი ზღვის უნივერსიტეტში იღებს, თანაც ხშირად დისტანციური წესით.

„როგორც კი პანდემიის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, საქართველოში გავემგზავრე და უნივერსიტეტი მეგობრების რეკომენდაციით ავირჩიე. რა თქმა უნდა, მეც ბევრი რამ წავიკითხე ამ მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად არის აღიარებული საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის““, - ამბობს ანანია ატრი.

„იმ დროს, როცა საქართველოში ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა სფეროში, ინდოელებისათვის უმეტესად სამდიცინო განათლება დომინირებს. მე ჩემს კურსზე მხოლოდ ერთადერთი სტუდენტი ვარ განსხვავებული პროფილით. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტში მულტიკულტურული გარემო არსებობს და შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ინტეგრირებული ვარ ქართველებთან. ჩემთვის პირადად საქართველოს უპირატესობა იმაშია, რომ აქ ინდოელ სტუდენტს მაღალხარისხიან განათლების მიღება შეუძლია სხვადასხვა სფეროში, თანაც საკმაოდ იაფად“, - ამბობს ანანია ატრი. იგი პოზიტიურ და მიმზიდველ ფაქტორად მიიჩნევს იმასაც, რომ საქართველოში გარემო უსაფრთხოა, იოლია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა... საქართველოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მეტი შესაძლებლობა აქვთ  ევროპაში [წასასვლელად], რადგან ქართული სახელმწიფო კარგად არის ცნობილი საერთაშორისო დონეზე, [განსაკუთრებით დასავლეთში].

ინდოელები საქართველოში, ცოდნის დაუფლების გარდა, სხვადასხვა ბიზნესითაც არიან დაკავებულნი - სასტუმროებისა და რესტორნული ბიზნესით. ინდოელები მუშაობენ აგრეთვე სოფლის მეურნეობაში - ფერმერების სახით, ასევე ელექტროენერგეტიკისა და მეტალურგიის სფეროში.

საქართველომ ამას წინათ ინდოელი ტურისტებისა და საქმიანი ადამიანებისათვის  შემოიღო პროგრამა Georgia eVisa, რომელიც ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე საქართველოში წამსვლელი სხვადასხვა მონაცემებს და დამატებით ინფორმაციებს  ტოვებს DuVerify-ს გვერდზე, რომლებიც მოწმდება, შემდეგ კი ანგარიში იგზავნება საქართველოს საგარეო სამინისტროში გადაწყვეტილების მისაღებად.

წყარო: https://timesofindia.indiatimes.com/nri/us-canada-news/georgia-continues-to-attract-indian-medical-students/articleshow/102917392.cms?from=mdr

 

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати