USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
"იმელი“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „Институт Маркса, Енгельса, Ленина“ - თბილისის ძველი შენობები
дата:  1983

იმელის შენობა — ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1938 წელს საბჭოთა არქიტექტორი ალექსეი შჩუსევის პროექტით სოციალისტური კლასიციზმის სტილში აგებული შენობა. შენობის თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო. 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული. 2007 წლიდან პრივატიზებულია.

აბრევიატურა „იმელ“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „Институт Маркса, Енгельса, Ленина“. შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და „იმელს“ დაერქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სტალინი და ენგელსი მოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდა მისი მფლობელები და ფუნქციები.

1933 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, „მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის“ შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა — ი. ფომინმა, ვ. კოკორინმა, ნ. სევეროვმა, კალაშნიკოვმა, ა. ვლასოვმა და ა. შჩუსევმა. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მისივე პროექტით აშენდა ბათუმის „ინტურისტი" და ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა.

სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები გამოყოფილია ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი სტალინისტური არქიტექტურის ტიპური ნიმუშია. უკანა ფასადი კი კონსტრუქტივიზმის ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც შემკულია ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით. ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული მარმარილოებით და ბოლნისის ტუფით. ეკლექტიკურობის მიუხედავად, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.

მონუმენტური შენობის მშენებლობაში რამდენიმე სიახლე გამოიყენეს: ეს შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა — არმირებული პემზობეტონი. ამით მშენებლებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი დეფიციტური მასალა — აგური და ცემენტი.

შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ²-ს შეადგენდა. მისი მშენებლობა 14 მილიონი მანეთი დაჯდა.

„იმელში“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, პარტიული არქივი და ლენინის მუზეუმის თბილისის ფილიალი განთავსდა. ლენინის მუზეუმს 22 დარბაზი დაეთმო. „იმელის“ შენობის აგებიდან სამი წლის თავზე შენობით მოხიბლულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ისედაც სახელოვანი არქიტექტორი ალექსეი შჩუსევი კიდევ ერთხელ დააჯილდოვა.

„1941 წლის 15 მარტს - თბილისში მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის არქიტექტურული პროექტისათვის არქიტექტურაში პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა არქიტექტურის აკადემიკოსს - ალექსეი ვიქტორის ძე შჩუსევს,“ - ამგვარი შინაარის განცხადება გაზეთ „პრავდაში“ 1941 წლის 16 მარტს დაიბეჭდა.

მომდევნო წლებში, უფრო ზუსტად, სტალინის გარდაცვალებიდან ორი წლის მანძილზე (1954-56 წლებში) - მარქსს-ენგელსს-ლენინს სტალინიც დაემატა და „იმელს” მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის ინსტიტუტი დაერქვა. შესაბამისად, თბილისის „იმელი“ ცენტრალური „იმელს“-ის ფილიალი იყო. 1956 წელს, ხრუშოვის მიერ სტალინის კულტის წინააღმდეგ გალაშქრების შემდეგ ,„იმელსს“ ერთბაშად ენგელსი და სტალინი გამოაკლეს და 1956-91 წლებში ამ დაწესებულებას მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი ეწოდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ცივილიზებულად მოხდა ინსტიტუტის ტრანსფორმირება. 1991 წლიდან მარქსიზმ-ლენინიზმის სამეცნიერო დაწესებულება სოციალურ და ეროვნულ პრობლემათა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და, რაც მთავარია, რუსეთის მთავრობის განკარგულებით ძველი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკა სახელმწიფო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბიბლიოთეკად ჩამოყალიბდა. ჩვენთან კი, სამწუხაროდ თითქმის ერთნაირი ხვედრი ერგოთ ბიბლიოთეკასაც და შენობასაც. თავდაპირველად 1990 წელს შენობის მთავარ ფასადს იაკობ ნიკოლაძის ბარელიეფები ჩამოამტვრიეს. საბჭოთა სიმბოლიკის ნგრევას არასრულად, თუმცა გადაურჩა თამარ აბაკელიას ბარელიეფი შენობის ფრიზზე.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე, იმელის შესახებ სტატიაში წერდა: „თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია“.

სანამ იმელში 1995 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განთავსდებოდა, 1992-1995 წლებში აქ მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

შენობა 1997 წელს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით მერიამ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღო. ამ საკითხის  განხილვას საბჭოზე, სადაც შენობის ბედი გადაწყდა გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდა, საბჭოს შემადგენლობაში თბილისის მერი გიგი უგულავაც შედიოდა. კულტურის სამინისტროს საბჭოს განხილვას არქიტექტორთა 50 კაციანი ჯგუფიც ესწრებოდა, მათთვის „იმელისთვის“ ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით აზრი არავის უკითხავს. „საბჭოზე იმელის შენობის საკითხი რომ დადგა, უგულავამ განაცხადა - „იმელს“ უნდა მოეხსნას ძეგლის სტატუსი. კითხვაზე თუ რატომ უნდა მომხდარიყო ასე, დამსწრეებმა პასუხი ვერ მივიღეთ, ალბათ ეს იყო პოლიტიკური ნება“ - განაცხადა მაშინ  არქიტექტორმა კოკა ამირეჯიბმა.

საინტერესოა ის, რომ შენობას ძეგლის სტატუსი სწორედ მაშინ მოეხსნა, როცა მისი ყიდვის მსურველი ინვესტორი გამოჩნდა.

2007 წელს, კულტურის მაშინდელი მინისტრის, გ. გაბაშვილის ხელმოწერით კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებული იმელი სტატუსის მოხსნიდან ერთ კვირაში კომპანია „კაპიტალ ინვესტზე“ გაიყიდა.

პარტიული არქივის ძირითადი ნაწილი გადაეცა შსს-ს, ბიბლიოთეკის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას, ნაწილი — დაიკარგა, ნაწილი კი დაზიანდა. პროექტი, რომელიც სასტუმრო „კემპინსკისთვის“ რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, ითვალისწინებდა იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას და არ აქცევდა ყურადღებას მის ისტორიულ ღირებულებას.

შენობის ნგრევა იმავე წელს დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არასდროს არ დაწყებულა.

"იმელის" დემონტაჟისა აღმოჩნდა, რომ  შენობის პირველი სართულის სარტყელი მხოლოდ საფლავის ქვებისგან შედგებოდა. მოსაპირკეთებლად გამოყენებული იყო იმ მიცვალებულთა საფლავის ქვები, ვინც ბოლშევიკების მიერ აოხრებულ და განადგურებულ ქრისტიანულ სასაფლაოებზე განისვენებდნენ.

რამდენიმე ადგილას, ბეტონის ფენაზე მკაფიოდ ჩანდა წარწერიანი ქვის ასლი. ეზოში ასეთი ქვების გორები იდგა. ერთგან, ნაკლებად დაზიანებულ ფილაზე გარკვევით იკითხებოდა, რომ იგი ეკუთვნოდა ვინმე არსინაშვილს, რომელიც 27 წლისა დაღუპულა ბრძოლის ველზე თურქეთთან ომის დროს, 1916 წლის 6 იანვარს.

 "იმელის" შენობაში ათეული წლების განმავლობაში მომსახურე ხალხს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მათ კაბინეტებს გარს ერტყა ათასობით შეურაცხყოფილი მიცვალებულის უკანასკნელი განსასვენებლების ფრაგმენტები.სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, „დაბი ჯგუფის“ ხელში გადავიდა.

არსებულ სიტუაციას ასე აღწერდა არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე:

„საფლავის ქვებიდან წარწერების წაშლაც კი არ ინებეს, ისე მიაკრეს ფილები კედელს. წინათ ქვის მჭრელებად პატიმრებს ამუშავებდნენ. შესაძლოა, ამ შენობის აგების დროსაც რეპრესირებულები ჰყავდათ დაკავებული ამ საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკვირს, ჭკუათამყოფელს ასეთ საქმეზე როგორ უნდა ემუშავა. ჩვენი ვარაუდით, შენობის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიებზე განადგურებული ეკლესიებისა და სასაფლაოების ქვები. კერძოდ, ეკლესია იყო ალექსანდრეს და ვერის ბაღების ადგილზე, ასევე გრიბოედოვის ქუჩაზე და იქ, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას. ყველა ეკლესიის ეზოში იყო მცირე ან დიდი სასაფლაო. ამ "აღმოჩენის" შემდეგ კომპანია "დაბი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შენობა დაანგრიოს. თუმცა, მანამდე გადაწყვეტილი იყო, ფასადი შეგვენარჩუნებინა. ახლა მის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

„იმელის" ბიბლიოთეკა სამეცნიერო და საჯარო ბიბლიოთეკებს გადავეცით. აქ დაცული იყო სასიგნალო ეგზემპლარები იმ ავტორებისა, ვისაც ხვრეტდნენ ან აპატიმრებდნენ. ამიტომაც ბევრ ადგილზე მათი სახელი და გვარი გადაშლილია. ჩანს, მათი ხსენება ისე იკრძალებოდა, რომ ცდილობდნენ შემთხვევით სადმე არ ამოეკითხათ ტაბუდადებულთა ვინაობა".

„იმელის" შენობამ კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა. სარდაფებში უზარმაზარ ლაბირინთებსა და გვირაბებს წააწყდებით, რომელთა „შესწავლა" ჯერ ვერავინ გაბედა და ალბათ ისე დაინგრევა ეს შენობა, ვერც ვერავინ დაადგენს, რა იმალებოდა ოდესმე იმ გვირაბებში. შესაძლებელი გახდა მხოლოდ გისოსებიანი საკნების, ე.წ. დილეგებისა და დაკითხვის ოთახების ნახვა.

ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დაფა, რომელზეც ცარცით ვიღაცას წაუწერია, - ხატებს მოუარეთ, ბუთხუზი, ჯიმა, გვიშველეთ!..“

2011 წელს, თბილისის მერიის ნებართვით, შენობის უკან დაიწყო 34-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა, რის გამოც დაიწყო იმელის შენობის რეაბილიტაცია. 2016 წელს დასრულდა ცათამბჯენის მშენებლობა. მას შემდეგ შენობაში განთავსებულია მილენიუმის სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати