USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
"Time" (აშშ): „ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავენ“
дата:  357

 

საერთაშორისო მასმედიაში ვრცელდება პუბლიკაციები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომლებშიც გადმოცემული და განხილულია როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მომენტები დაკავებამდე - 2021 წლის ოქტომბრამდე - და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები.

აშშ-ის ჟურნალის „თაიმის“ (Time) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავენ“ (ავტორი - თარა ლო). „მსოფლიოს ლიდერები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, რომლიც სხვადასხვა სენით არის დაავადებული და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. იგი ერთი წელია საპყრობილეში იმყოფება და როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, ექს-პრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში. ტექსტში დასმულია კითხვები, რომლებზეც იქვე პასუხებიც არის გაცემული. ავტორი ამ შემთხვევაში გარკვეულწილად რედაქციის პოზიციასაც გამოხატავს.

გთავაზობთ შემოკლებით:

ვინ არის მიხეილ სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ორი ვადით ჰქონდა დაკავებული - 2004-დან 2013 წლის ჩათვლით. მმართველობის პერიოდში იგი რეფორმატორად ითვლებოდა, ებრძოდა კორუფციას და ცდილობდა, რომ საქართველო მჭიდროდ ყოფილიყო ინტეგრირებული დასავლეთთან. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, განსაკუთრებით მისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ებრძოდა სეპარატისტულ მოძრაობას. მისი მმართველობის დროს მოხდა საქართველო-რუსეთის ომი 2008 წელს. საქართველოს მეთაურის პოსტიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, გახდა უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორად იქნა დანიშნული. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის პრეზიდენტი რეფორმების დამუხრუჭებაში დაადანაშაულა, შექმნა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია და უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციების ინიციატორი გახდა, ხელისუფლების სტრუქტურებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და საზღვარგარეთ გააძევა, თუმცა უკრაინის მოქალაქის სტატუსი მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღუდგინა 2019 წელს.

2018 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ქარტულმა სასამარტლომ მას დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეს რეჟიმით. ბრალდების თანახმად, პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი თავის უფლებამოსილებას ბოროტი მიზნებისათვის იყენებდა, არღვევდა ადამიანის უფლებებს, მისი ბრძანებით ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაასახიჩრეს ოპოზიციური დეპუტატი 2005 წელს. ექს-პრეზიდენტმა ბრალდებებეი უარყო და 2021 წელს გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ მას „საქართველოს ხელისუფლება ებრძვის, მთავრობა ასევე ცდილობს ოპოზიციის ხმის ჩახშობას“.

მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, როცა იგი საზღვარგარეთ 8-წლიანი ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა - მიუხედავად იმისა, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ექს-პრეზიდენტს დაპატიმრებით დაემუქრა. მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ქართველ ამომრჩევლებს ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში თავისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხმის მიცემისაკენ მოუწოდებდა.

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

(პასუხში აღწერილია მისი გარეგნული სახე, ვიდეოკადრების მიხედვით. საუბარია წონაში მკვეთრ დაკლებაზე, შიმშილობებზე, ციტირებულია „ნაციონალების“ განცხადებები, ექიმთა კომისიის დასკვნები...).

რას ამბობს საქართველოს მთავრობა?

(გადმოცემულია იუსტიციის მინისტრისა და იმ კლინიკის ხელმძღვანელის პოზიცია. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია. ექს-პრეზიდენტი თვითონ, სპეციალურად ამბობს უარს საკვების მიღებაზე. სიცრუეა მისი ნათესავებისა და მომხრეების განცხადებები, რომ ყოფილ პრეზიდენტს აწამებენ. სინამდვილეში იგი საკუთარ თავს თვითონ ვნებს).

როგორია მსოფლიოს ლიდერების რეაქცია?

(მოცემულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმის ზელენსკის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს წამლავს და დე-ფაქტოდ საჯაროდ ნელ-ნელა კლავს“. მან ოფიციალურ თბილისს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა მოსთხოვა. ასევე ციტირებულია მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუსა და ევროსაბჭოს თანათავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული). წყარო: https://time.com/6252483/mikheil-saakashvili-georgia-president-zelensky/

მიხეილ სააკაშვილის შესახებ პუბლიკაციები ასევე გამოქვეყნდა:

ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) სათაურით „უკრაინა საქართველოს სთხოვს, რომ ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამება შეწყვიტოს“ (ავტორი - არონ რეიჩი. წყარო: https://www.jpost.com/international/article-730443);

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) სათაურით „ისინი მას ნელ-ნელა კლავენ“: ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის“ (ავტორი - ალექსანდერ კლოსი). წყარო: https://www.tagesspiegel.de/internationales/sie-toten-ihn-stuck-fur-stuck-kampft-georgiens-inhaftierter-ex-prasident-um-sein-leben-9281688.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати