USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
Tbilisi
«Time» (აშშ): „ვოლოდიმირ ზელენსკი - „ველური ბარათის“ მფლობელი: პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობა უკვე სარისკო ხდება“
Date:  

„ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა სულ უფრო მეტი სარისკო ოპერაციები განახორციელოს, რუსეთთან ომის ესკალაციის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის ჟურნალის „თაიმის“ (Time) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც „ველური ბარათის“ მფლობელი: პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობა უკვე სარისკო ხდება“ (ავტორი - იენ ბრემერი, ჟურნალის რედაქტორი), - „უკრაინის ლიდერს შიში ამოძრავებს და მისი მოქმედება გაუთვალისწინებელი ხდება, მას ეჭვი ეპარება დასავლეთის დაპირებებში დაფინანსების თვალსაზრისით, ფულის გარეშე კი უკრაინის არმიას მარცხი ელოდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იანვრის დასაწყისში უკრაინის დრონებმა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე გაზის ტერმინალი დაბომბეს, უფრო ადრე უკრაინის აგენტებმა ციმბირის სარკინიგზო მაგისტრალზე ყველაზე დიდი გვირაბი ააფეთქეს... ეს ადგილები რუსეთ-უკრაინის ომის ზონიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობენ... მოსალოდნელია, რომ ასეთი დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სულ მეტი იქნება - იმიტომ, რომ კიევში ძლიერდება შიში: უკრაინის არმია ვერაფრით ვეღარ შეაჩერებს რუსეთის ჯარებს  ბრძოლის ველზე.

უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული აფეთქებები და დარტყმები იმის ნიშანი კი არ არის, რომ უკრაინა ძლიერია, არამედ იმისა, რომ ხელისუფლებას სულში შიში აქვს გამჯდარი: ქვეყანამ ასეულობით ათასი ახალგაზრდა მოქალაქე დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მილიონობით უკრაინელმა ლტოლვილის სტატუსით უცხოეთს შეფარა თავი, რომლებიც საეჭვოა, სამომავლოდ უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ ბოლო კვირეების განმავლობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გენერლებს სულ უფრო მეტი საფუძველი აქვთ ეჭვი შეეპაროთ დასავლეთის დაპირებებში შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფის თაობაზე, რომელზეც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უკრაინის ყოფნა-არყოფნა, გამარჯვება თუ დამარცხება.

აცნობიერებენ რა იმას, რომ ამერიკელ და ევროპელ ამომრჩევლებს, რომელთა გუნება-განწყობა და პოზიცია განაპირობებს სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას კიევისადმი და რომლებსაც სულ უფრო ნაკლებად სჯერათ უკრაინის უნარისა წარმატების მოპოვების თაობაზე, ქვეყნის ხელისუფლებას ნერვიულობისა და შეშფოთების სრული საფუძველი აქვს.

იმ შემთხვევაშიც, თუ კონგრესი დამატებითი დახმარების პაკეტს დაამტკიცებს, ეს იქნება უკანასკნელი საჩუქარი კიევისათვის 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. და თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, აქედანვე ჩანს, რომ იგი მკვეთრად შეამცირებს უკრაინისადმი დახმარების მოცულობას. ევროკავშირული პროგნოზები შედარებით უკეთესია - ბრიუსელში ცდილობენ გამოსავალი იპოვონ უნგრეთის ჯიუტობიდან, გერმანიის საბიუჯეტო პრობლემებიდან და ალბათ, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოახერხებენ კიევის იარაღითა და ფულით უზრუნველყოფას, ანუ უკვე იქმნება იმის წინაპირობა, რომ ევროპა საშუალოვადიან პერსპექტივაში საომარი რესურსებით უკრაინის მთლიანად დაკმაყოფილებას აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებს.

ამასობაში კი რუსეთი დროს უქმად არ კარგავს: ვლადიმერ პუტინმა ქავეყანა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და ერთ დიდ საომარ ბანაკად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ უკრაინაც გეგმავს მობილიზაციის ჩატარებას (კანონპროექტი უკვე არსებობს) 500 ათასი მოქალაქის ჯარში გაწვევის მიზნით, მაგრამ კიევს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: როგორც არ უნდა ეცადოს ქვეყნის ხელისუფლება, რუსეთზე მეტი რიცხოვნობის მქონე ჯარს მაინც ვერ შექმნის - იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად მეტია უკრაინის მოსახლეობასთან შედარებით. იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო ძლიერი, მდგდრადი და ამტანი გამოდგა, ვიდრე ამას დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობდნენ.

აი, სწორედ ამიტომ არის უკრაინის ხელისუფლება ჩავარდნილი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. კიევი სულ უფრო მეტ დრონებს ამზადებს, რომ რაც შეიძლება ხშირად დაბომბოს შორს, მტრის ღრმა ზურგში მდებარე რუსული ობიექტები [უკრაინელი ჯარისკაცების მებრძოლი სულისკვეთების ასამაღლებლად]. 

ამავე მიზეზით იზრდება შეშფოთება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ არ არიან ჩართულნი. ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი მოქმედებით ძალიან რისკავს, როცა ასეთი მეთოდებით ცდილობს ომის მსვლელობის შეცვლას და ქვეყნის შიგნით თავისი პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.

უეჭველია, კიევი სულ უფრო ხშირად მიაყენებს დარტყმებს დრონებითა და რაკეტებით მტრისგან ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტებს და რუსეთის სხვა რეგიონებს. არ არის გამორიცხული ნავთობ- და გაზსაცავების დაბომბვა, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის არმიის საწვავით მომარაგებას. ბუნებრივია, უკრაინის მოქმედება გამოიწვევს იმას, რომ კიევს მოსკოვიც ინტენსიურ პასუხს გასცემს.

კიევმა და სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყოველ ასეთ დარტყმას რუსეთის ღრმა ზურგში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კრემლის მხრიდან შურისძიება შეიძლება მოჰყვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო სულ უფრო მეტად იქნება ჩათრეული რუსეთ-უკრაინის ომში. კაცმა რომ თქვას, არც ნატოს და არც რუსეთს ომის ესკალაცია ნამდვილად არ ჭირდებათ, მაგრამ კონფლიქტები, როგორც ამბობენ ხოლმე, „თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ“, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე (ამ შემთხვევაში - ვოლოდიმირ ზელენსკი) არაპროგნოზირებად ჯოკერად იქცევა, რომლის მიმართ მეტი ყურადღება და კონტროლია აუცილებელი.

წყარო: https://time.com/6589796/zelensky

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way