USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
«Time» (აშშ): „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“
Date:  186

ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-ში (Time) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის საიმონ შუსტერის სტატია სათაურით „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“, რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი, კერძოდ, დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებთან.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეშფოთებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არცერთი ხალხისთვის არ არის ფსონები ისეთი მაღალი, როგორც უკრაინელებისათვის: კიევს ვაშინგტონის იმედი აქვს, უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის ბედი ამერიკაში წყდება. უკრაინის ლიდერები თვეობით იბრძვიან პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის გულის მოსაგებად. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელ ვიზიტს აშშ-ში, გაეროს სესიის ფონზე, მის შეხვედრებს აშშ-ის მმართველი წრეების წარმომადგენლებთან, ხელი შეუწყო სამღვდელოებამ, მილიარდერებმა, მაღალი ანაზღაურების მქონე ლობისტებმა და თვით დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც ბორის ჯონსონმა...

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პერიპეტიებით ჩანს, მის გარემოცვას მოლოდინები გაუცრუვდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის აღიარებით, „უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენთვის ყველა შემთხვევაში სიტუაცია მძიმე იქნება“. მისი აზრით, კამალა ჰარისის გამარჯვებით ჯო ბაიდენის კურსი გაგრძელდება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები რუსეთის მიმართ ძალზე ფრთხილს და გაუბედავს უწოდებენ. დონალდ ტრამპის გამარჯვება კი უკრაინელებისთვის დიდ რისკებსაც ნიშნავს და გარკვეულ შესაძლებლობებსაც.

„არის გარკვეული იმედები დონალდ ტრამპის მიმართ“, - ამბობს უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი „თაიმთან“ საუბრის დროს (მან ანონიმად დარჩენა ისურვა საკითხის დელიკატურობის გამო), - რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ვცდებით და ბოლომდე არ ვიცით მისი ჭეშმარიტი პოზიცია... შეიძლება მას დასავლელი მოკავშირეების პოზიციის დასუსტება სურს... მაგრამ აშკარაა, რომ ეს ომის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. კამალა ჰარისი ომის შემჩერებელი ადამიანის როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. თეორიულად დონალდ ტრამპს მართლად შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“. 

არადა, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ყოფნის დროსაც კი, თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს, დასცინის, პოლიტიკურ „ვაჭრუკანას“ უწოდებს... მისი ასეთი ქცევა უკრაინელებს აკვირვებს: სულ ორიოდე თვის წინათ ამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას. „აბა, მაშ როდის ამბობს დონალდ ტრამპი სიმართლეს?, - ასეთი კითხვა დასვა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, - ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს აუცილებლად შეხვდება (უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება - რედ.) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბული კამპანიის გათვალისწინებით, უკრაინელებისათვის ორივე კანდიდატთან და მათი გარემოცვის წევრებთან კონტაქტები აუცილებელია - როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთანაც.

ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ცდილობს რა დონალდ ტრამპი უკრაინით დააინტერესოს, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულზე, რესურსების სიმდიდრეზე, რომელიც შეიძლება ამერიკამ დაამუშაოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემი აღნიშნავს, უკრაინას ტრილიონობით დოლარის ბუნებრივი სიმდიდრე აქვს, რომლის გამოყენება ამერიკელებისთვისაც კარგი იქნება და უკრაინელებისთვისაც. ეს მან რამდენიმე თვის წინ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ, პრეზიდენტი სენატორის ნათქვამს ღიმილით შეხვდა, თავი აარიდა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბარს და დასძინა, რომ უკრაინა მოსკოვთან ომით არამარტო თვითონ იცავს თავს, არამედ დასავლეთსაც იცავს და ეს გარემოება ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

აშშ-ში ვიზიტის დროს, ორიოდე დღის წინათ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჭურვების დამამზადებელი სამხედრო ქარხანა დაათვალიერა ქალაქ სკრენტონში, პენსილვანიის შტატში. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ ფაქტში ცუდი არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ... ეს ის ქალაქია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიბადა და გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უპირატესობას დემოკრატებს აძლევს?

შედეგმაც არ დააყოვნა: დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას მოუმატა და სწორედ ქარხნის მონახულების შემდეგ უწოდა მას „მსოფლიოს უდიდესი ვაჭრუკანა“. „როგორც ჩანს, ტრამპს ეწყინა. ალბათ, ჩვენც შევცდით, სამხედრო ქარხნები სხვა ქალაქებშიც ბევრია და მაინცდამაინც ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქი არ ამოგვერჩია“, - აღიარა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

მოკლედ, აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მნიშვნელობა უკრაინისთვის ძალიან დიდი და საბედისწერო მნიშვნელობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტს განზრახული აქვს თავისი „გამარჯვების გეგმის“ მიმართ ამერიკელებში მხარდაჭერა მოიპოვოს. იგი უკვე შეხვდა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მაგრამ ახლა მატავარია, როგორ დასრულდება მისი სეხვედრა „მტრულად განწყობილ მეგობართან“ - დონალდ ტრამპთან, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.

წყარო: https://time.com/7023450/ukraine-effort-donald-trump/

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way