USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ილონ მასკი - მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული
Date:  1175

კომპანია SpaceX-ის დამაარსებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა, რომელიც ამასთანავე ონლაინ საგადასახადო სისტემის PayPal ერთ-ერთი შემქმნელია, საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში გააჟღერა.

წითელ პლანეტაზე, დიდი ალბათობით, მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ორი ციფრული ვალუტიდან - მარსკოინიდან და დოჯკოინიდან ერთ-ერთს გამოიყენებენ. მარსკოინი 2014 წელს შეიქმნა და 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასის გაზრდის შემდეგ, ცოტა ხნით პოპულარობაც მოიპოვა, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ელექტრონული ფულის კიდევ ერთი სახეობის, დოჯკოინის ღირებულება კი გასულ კვირას 35 პროცენტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მასკმა ტვიტერის გვერდზე საკუთარი ბიოგრაფია განაახლა და თავი მის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორად მოიხსენია.

ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ ადამიანებმა იქ არსებობა დედამიწასთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით უნდა შეძლონ. მისი თქმით, წითელი პლანეტის პირველ კოლონისტებს საწყის ეტაპზე ცხოვრება შუშის გუმბათებში მოუწევთ, თუმცა იქ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი. ამის გარდა, მასკმა ისიც აღნიშნა, რომ SpaceX მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არამედ საკუთარს შექმნის. ეს შეეხება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების ქსელსაც, რომლის განთავსებასაც კომპანიის დამფუძნებელი წითელი პლანეტის გარშემოც გეგმავს.

SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება წითელ პლანეტასა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. Starship ზომითა და წონით კომპანიის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ ხომალდებზე პატარაა და სავარაუდოდ, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. რაც შეეხება მარსს, ილონ მასკის განცხადებით, Starship-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა იქ 2026 წელს განხორციელდება. მოცემული დროისთვის მისი მთავარი ამოცანა კოსმოსური ხომალდის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ბოლო ტესტირების დროს SN8-ის სახელით ცნობილი Starship-ის პროტოტიპი 12,5 კილომეტრის სიმაღლეზე წარმატებით აფრინდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში კი მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way