USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
თბილისი
ილიას სახლი – ევროპული საქართველოს მეტაფორა
თარიღი:  

ივანე ჯავახიშვილის 7 – ამ მისამართს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათისაკენ – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისაკენ მიჰყავხართ. აქ ცოტა ხნის წინ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლებული მუზეუმი ყოველდღიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

მისი დათვალიერების შემდეგ ყველა რწმუნდება იმაში, რომ ეს სივრცე მუზეუმზე მეტია. ის, ერთი მხრივ, ინარჩუნებს უნიკალურ ისტორიას და მეორე მხრივ, ამ ისტორიის ფონზე წარმოაჩენს უმთავრეს კონცეფციას – ესაა სახლი-სიმბოლო იმისა, თუ როგორია (როგორი უნდა იყოს) ქვეყნის მოწყობის ევროპული მოდელი.

700 DSC 6616 museum  - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

ეს ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მისივე დიდი მასპინძლის – ილია ჭავჭავაძის სიმბოლოცაა. ილიაც ხომ, არც მხოლოდ მწერალი იყო, არც მხოლოდ საზოგადო მოღვაწე, არც მხოლოდ მეცნიერი, პოლიტიკოსი, ბანკირი თუ მოსამართლე. მისი ძალა ამ ყველაფრის ერთობლიობაში იყო, ეს ძალა აქცია მან იდეად და ეს იდეა დღესაც ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ორი საუკუნის წინ.

ილია ევროპული ყაიდის მოღვაწეა – მისთვის ისტორიაც და კულტურაც არა ლოკალური სუბსტანცია, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებათა, ტრადიციათა, სულიერ აქტთა უწყვეტი დინამიკაა. მისთვის მთავარი არამხოლოდ ისტორიის შენახვა, არამედ მისი გა(და)ცემაა, მისი აწმყოში გაცოცხლება და მომავლისთვის მომზადება.

ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, იონა მეუნარგიას, ეკატერინე გაბაშვილის, გიორგი ჟურულისა და სხვა თანამედროვეთა მოგონებების მიხედვითაა აღდგენილი, ილიას იდეალებს ამ მხრივაც ირეკლავს.

ნიკოლოზის ქუჩა – ასე ერქვა მე-19 საუკუნის ბოლოს დღევანდელი ჯავახიშვილის ქუჩას, სადაც საქვრივოდ მიღებული 40 000 მანეთით, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი შეიძინა ელისაბედ საგინაშვილმა და ძმასთან – ილია ჭავჭავაძესთან ერთად, 1889 წელს დასახლდა.

ეს ის დროა (მე-19 საუკუნის მიწურული), როცა თბილისი მკაფიოდ ევროპულ იერს იძენს არქიტექტურული და კულტურული თვალსაზრისით – ორივე სანაპიროზე არნახული მშენებლობებია გაჩაღებული; მაცხოვრებლები ახალ ტერიტორიებს ითვისებენ; უკვე დასახლებული პუნქტები კი (მათ შორის: მიმდებარე სოფლები, ჩუღურეთი, დიდუბე, კუკია, გერმანელთა კოლონია) ქალაქის შემადგენლობაში შემოდის. თბილისის მარჯვენა სანაპირო – მდინარე ვერედან ორთაჭალის ბაღებამდე, მარცხენა კი – დიდუბიდან ნავთლუღამდეა გადაჭიმული.

ქალაქში ახალი სამრეწველო, სამეცნიერო და სახელოვნებო დაწესებულებები ჩნდება – რკინიგზა, საოპერო და დრამატული თეატრები, ობსერვატორია, მუზეუმები, ბიბლიოთეკა, გიმნაზია, საავადმყოფო, მეფისნაცვლის სასახლე.

ახალი უბნების არქიტექტურული სტილი, ევროპის მსგავსად, თბილისშიც ეკლექტურია; დიდ ნაგებობებს ორ და სამსართულიანი საცხოვრებელი სახლები ენაცვლება, მარცხენა სანაპიროს მშვენებად კი ჯერაც რჩება „საზაფხულო ბაღები“ – „გერმანული კოლონიების“ სახსოვარი ქალაქისათვის.

მეუღლის – გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედმა ნიკოლოზის ქუჩა #21-ში მდებარე სახლი ბაგრატიონ-გრუზინსკებისაგან შეიძინა. ეს სახლი მე-19 საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და ტიპური ქართული აივნიანი ნაგებობა გახლდათ.

700 DSC 6692 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

ქალაქის სამმართველოსადმი მიწერილ განცხადებაში, ელისაბედ საგინაშვილმა სახლის ფასადის რესტავრაცია და ფლიგელების მიშენება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახლის ევროპულ ყაიდაზე გამართვა ითხოვა. ილია ჭავჭავაძე თავად ხელმძღვანელობდა სარემონტო სამუშაოებს; მან ეს შენობა, დასთან და თანამოაზრეებთან ერთად, ერთგვარ საგანმანათლებლო-კულტურულ და სოციალურ სივრცედ აქცია: მეორე სართულზე გაზეთ „ივერიის“ რედაქცია განათავსეს, სარდაფში კი, 1891 წლიდან – მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბა, სადაც „ივერიის“ გარდა სხვა პერიოდული გამოცემები და სხვადასხვა სახის ლიტერატურა იბეჭდებოდა. საქართველოში, პირველად სწორედ „ივერიის“ სტამბაში დაიბეჭდა ნოტებზე გადაღებული ქართული საგალობლები. სტამბის დაარსების ისტორია ცალკე ფურცელია მუზეუმის ისედაც ამაღელვებელ თავგადასავალში. აქ მოისმენთ საქმის სიყვარულით და ერთგულებით გამსჭვალული ადამიანების დიდი თავგანწირვის ამბავს, აქ გიამბობენ ისეთ მაგალითებზე, რომლებიც ყოველთვის, ჩვენი ისტორიული ბედისწერის ნებისმიერ მომენტში, ქართული საქმის იდეას განსაზღვრავდა და გადამდები ძალით ზემოქმედებდა საზოგადოებაზე…

„ივერიის“ რედაქციას კი, რომელიც იმდროინდელი ქართველი ინტელექტუალური საზოგადოების მთავარი მიზიდულობის ცენტრი იყო, ასე აღწერს იონა მეუნარგია:

„…რომ ახვიდოდით მეორე სართულზე, მარცხენა კარებს შეყავდით თქვენ გაზეთის რედაქციაში და მარჯვენას ილიას სადგომში. სადგომის ყურაში, შესვლისთანავე, მარცხნივ იყო რედაქტორის კაბინეტი – პატარა ტანის ოთახი – სწორედ ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს შეეფერებოდა მის პატრონს – პოეტს და მამულის მოყვარე რედაქტორს… მთავარი მაგიდა კაბინეტში სავსეა რაგინდარათი: წიგნებით, გაზეთებით, სამწერლო იარაღებით… აი გლობუსი, საანგარიშე, სათვალე, გაზეთის ორიგინალები, ვეებერთელა წითელი ყარანდაში… თუ საღამოა, ამ მაგიდასთან თვითონ რედაქტორი ზის და აქ ამ ვიწრო ქარხანაში მზადდება დღეს ის აზრი, რომელიც ხვალ შეიძლება სახელმძღვანელოდ გახდეს ყველა ქართველისათვის ბაქოდან დაწყებული სოხუმამდის და კავკასიის გარეთაც.“  

700 DSC 6576 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

იონა მეუნარგია რომ „პატარა ტანის ოთახს“ ეძახის, იმ სამუშაო კაბინეტის ჭერი მოხატული იყო. მის მიერ ჩამოთვლილ ნივთთაგან რამდენიმე დღესაც ამშვენებს ამ სივრცეს – მწვანე ხავერდის მაგიდაზე ილიას სამელნე დგას,  აქვეა პარიზის მსოფლიო გამოფენის საჩუქრები – დათვის პატარა ქანდაკებები; კედლებზე „ივერიის“ ნიმუშებია გამოკრული…

700 DSC 6481 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

კაბინეტს ორად გაყოფილი მისაღები ოთახი მოსდევდა – ერთი ნაწილი კაცებისათვის, მეორე – ქალებისთვის. ეს კონტექსტი დღესაც დაცულია – ოთახს ორ სიმბოლურ სივრცედ ფარდის ტიხარი ყოფს. ეს ნიუანსი, ზოგადად, იმდროინდელი ყოფის აღმოსავლურ-დასავლური ესთეტიკის სინთეზზეც მეტყველებს. ამ ოჯახში იყო ტრადიციები – წარსულისა და თანადროულობის იერით გამსჭვალული, ეს ანიჭებდა ხიბლს სტუმარ-მასპინძლებსაც, ურთიერთობებსაც, ცხოვრებასაც; კედლებზე განთავსებული ფოტოებიდან ეს ხალხი გვიცქერს – ზოგი ჩიხტიკოპით დამშვენებული, ზოგიც – შლაპით და ცილინდრით; მათ ყველას მთავარი ფასეულობები აერთიანებს, დიდი იდეები და საქმეები, და რაც მთავარია, სიყვარული… პირუთვნელი სიყვარული, რომელიც თავად იქცა ტრადიციად!

700 DSC 6527 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

ქართველი თუ უცხოელი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები – საქმიანი და პირადი ვიზიტებით, ნიკოლოზის ქუჩა #21-ის ხშირი და საპატიო სტუმრები იყვნენ.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილიამ აქ ხუთშაბათობების ტრადიცია დაამკვიდრა. სიმბოლურად, საწყის თარიღად 1886 წლის 1 იანვარი დასახელდა – დღე, როცა „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა. ხუთშაბათობებზე თავს ბევრი სტუმარი იყრიდა, საუბრობდნენ, ბჭობდნენ, კითხულობდნენ, ილხენდნენ კიდეც და რაც მთავარია, ეს ხუთშაბათობები იყო ერთგვარი „ინტელექტუალური დრო“, რომელშიც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები წყდებოდა, ეროვნული იდეები იბადებოდა და მკაფიოვდებოდა, საქართველოს თავგადასავალი იწერებოდა… ეს ტრადიცია, ილიას მუზეუმში, დღესაც ცოცხალია – ყოველ მესამე ხუთშაბათს აქ ისევ იკრიბება საზოგადოება ფიქრისა და მსჯელობისათვის.

700 DSC 6567 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

700 DSC 6552 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

ილია მხოლოდ საგანმანათლებლო მისიას არ დასჯერდა და, სახლის სივრცე დიდად კეთილშობილურ საქმეს – მედიცინასაც დაუთმო. სწორედ ამ შენობის პირველ სართულზე განთავსდა 1899 წლის 1 სექტემბრიდან მთელ ამიერკავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტი, რომელიც ცნობილმა ექიმმა და საზოგადო მოღვაწემ მიხეილ გედევანიშვილმა, პარიზიდან თავისი ხარჯებით ჩამოიტანა. პროფესიონალ ექიმთა გუნდში, რომელიც მოსახლეობას ამ კაბინეტში ემსახურებოდა, იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ექიმი ქალი, მწერალ შიო არაგვისპირელის მეუღლე, პედიატრი მარიამ ბაქრაძე. აქ ღარიბებს უფასოდ ემსახურებოდნენ. გაზეთი „ივერია“ კი პერმანენტულად აქვეყნებდა სარეკლამო განცხადებებს და მკითხველს სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ამავე სახლში ცხოვრობდა მიხეილ გედევანიშვილი მეუღლესთან ერთად 1902 წლამდე, სანამ თბილისში საკუთარ სახლს შეიძენდა. თუმცა  ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე სახლში გახსნილი კლინიკა ილიას გარდაცვალების შემდეგაც დიდხანს განაგრძობდა ფუნქციონირებას ძველ მისამართზე.

მიხეილ გედევანიშვილმა, ილიას მიმართ მადლიერება და პატივისცემა, მისი მკვლელობის შემდეგ არაერთხელ გამოხატა. 1914 წელს მან საკუთარი ხარჯებით გამოსცა პოლონელი მხატვრის, ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ ილუსტრირებული და მხატვრულად გაფორმებული ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა. ეს გამოცემა დღესდღეობით ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. წიგნზე თავადვე წაუწერია: „ეს წიგნი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების სრული კრებულის 1 ტომი – არის ოცნება საქმედ ქცეული, დიდი ხნის ნაფიქრ-ნააზრევი“. მიხეილ გედევანიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მის სახელთან დაკავშირებული მემორიალური ნივთების, ფოტოების, ავტოგრაფების, წერილების, ბიოგრაფიული ცნობებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შეგროვების საქმეში. მთელი ეს კოლექცია გედევანიშვილის ვაჟმა, პროფ. დიმიტრი გედევანიშვილმა 1931 წელს უსასყიდლოდ გადასცა ლიტერატურის მუზეუმს. რამდენიმე უნიკალური ნივთი დღესაც ინახება გედევანიშვილების ოჯახში, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის ფაქსიმილე.

ხოლო რაც შეეხება ჰენრიკ ჰრინევსკის – პოლონური წარმოშობის მხატვარ-ილუსტრატორს, არქიტექტორს, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ დამფუძნებელს და საზოგადო მოღვაწეს – მისი ილუსტრაციების საგამოფენო ექსპოზიცია დღეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ერთ-ერთი მშვენებაა.

ამ სახლის ყოველი სივრცე დიდი კონტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილია – მემორიალური თუ ავთენტური ოთახები, ნივთები, ვირტუალური თუ ციფრული გზამკვლევები: გულგრილად ვერ ჩაუვლით ოლღა გურამიშვილის ოთახს, რეაბილიტაციის შემდეგ აღმოჩენილს თავისი მწვანე, მცენარიული ორნამენტის კანტიანი კედლით; ის ოლღას ერთგვარი პორტრეტიცაა – მისი ესთეტიკით, სადა და ფაქიზი ტონებით გაწყობილი; გულს აგიფორიაქებთ სასადილო ოთახში სტუმრობა – მუდმივად გაშლილი სუფრა და ილიას საყვარელი ხალხური სიმღერების ჰანგები; თავად ამ ოთახის გადარჩენა ერთი თავგადასავალია. ეს საშვილიშვილო საქმე გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ სახლში მცხოვრები ქალბატონის – ნიცა ახვლედიანის და მისი მემკვიდრეების დამსახურებაა. ისინი რუდუნებით იცავდნენ და უვლიდნენ ოთახის ყველა კუნჭულს, წლების მანძილზე კედლებზე ქაღალდები ჰქონდათ აკრული, რათა უხარვეზოდ შეენარჩუნებინათ უნიკალური შპალერი, თავის დროზე ევროპული შპალერის მაღაზიიდან გამოწერილი…

700 DSC 6540 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

700 DSC 6534 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

მეორე სართულზე განთავსებულ სივრცეებს შორისაა ელისაბედ საგინაშვილის საძინებელიც – ფარდაგიანი ტახტითა და მუთაქებით; კედლებზე განთავსებული ფოტოები კი  იმდროინდელ თბილისურ ყოფაზე, საწესჩვეულებო რიტუალებზე, ტრადიციებზე გიამბობენ;

ამ ნივთებს, ფოტოებს, ქრონიკებს, ნაცნობ და უცნობ ამბებს ილიას და მთელი იმდროინდელი ეპოქის ცხოვრების ნიუანსებში შეჰყავხარ – თავზარდამცემად მონუმენტურ და დრამატულ ეპოპეაში, სადაც ყოველი ყოფითი და უმცირესი ნაბიჯიც კი რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს ემსახურება; ილია და აჭარა, ილია და აფხაზეთი, ილია და თეატრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ავტოკეფალია, ადამიანთა უფლებების დაცვა თუ საბანკო საქმე… და ბოლოს, ტრაგიკული აღსასრულის ანაბეჭდი – წიწამურის ნიში – ადგილი, სადაც უნდა განმარტოვდე და იმაზე დაფიქრდე, თუ როგორ დაუშვა საქართველომ ეს (თვით)მკვლელობა…

700 DSC 6557 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

700 DSC 6562 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

700 DSC 6591 27jul ilia - ილიას სახლი - ევროპული საქართველოს მეტაფორა

ილიას გარდაცვალების შემდეგ, ამ სახლის ისტორიაც დრამატულად განვითარდა. მას შემდეგ, რაც ის ელისაბედ საგინაშვილმა საქართველოს მწერალთა კავშირს უანდერძა, მასში მწერლები შესახლდნენ. საზოგადოების ლიკვიდაციის მერე კი იქ სხვა ოჯახებიც ცხოვრობდნენ, რის გამოც დროთა განმავლობაში მემორიალური სივრცე, სასადილო ოთახის გარდა, სრულიად განადგურდა. სხვადასხვა პირის ხელში აღმოჩნდა ილიასეული ნივთებიც. ახალი მუზეუმი აქ მხოლოდ 1987 წელს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა.

დღეს ეს სახლი თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2016 წლიდან მიმდინარეობდა არქიტექტურული ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი. დღეისათვის მუზეუმი სრულად მოდერნიზებულია.

ილიას სახლი, ივანე ჯავახიშვილის #7-ში, კვლავ მიზიდულობის ცენტრია თბილისში: აქ წარსული არამხოლოდ დამახსოვრებული და დაცულია, არამედ – ცოცხალი და განახლებული. ზუსტად იმ იდეალებით და პრინციპებით, როგორითაც ამ სახლის თავდაპირველი მასპინძლები ცხოვრობდნენ და ემსახურებოდნენ ქვეყანასაც და მთელ კაცობრიობასაც.

ავტორი: ნინია სადღობელაშვილი

ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

წყარო:https://tbilisimuseumsunion.ge/

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.