USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ილია მეორე ირაკლი ანდრიაძეზე: - “აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”
Date:  7021

საქართველოში, ადამიანის ღვაწლის აღმატებული შეფასებისათვის ოდითგანვე ხმარობდნენ სიტყვებს: აღმაშენებელი, აღმშენებელი, მშენებელი. ალბათ იმიტომ,რომ გამუდმებულ, დამანგრეველ ომებში მყოფი საქართველოსათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ დანგრეულის აღდგენა და ახლის შენება-აღმშენებლობა იყო. ასე ნარჩუნდებოდა ქვეყნის ძველი და იქმნებოდა ახალი დიდება. ამიტომ მგონია, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ხვედრი არგუნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქვეყნის, სამშობლოს შენებას მიუძღვნეს. ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანია ბატონი ირაკლი ანდრიაძე.

დღეს ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის გარდაცვალების დღეა.

„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც.მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“;- ეს სიტყვები მისმა უწმინდესობამ, სამების ტაძრის კურთხევის 15 წლისთავზე ბრძანა 2019 წლის 23 ნოემბერს.

 

„ის სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უნივერსიტეტის პრორექტორი იყო პერსპექტიული მშენებლობის დარგში. სწორედ იმ პერიოდში აშენდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი ბაგების ტერიტორიაზე, ძირითად სასწავლო კორპუსთან მათი შემაერთებელი ხიდი და საბაგირო გზა, დაიწყო ბიოლოგიური ფაკულტეტისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის კორპუსების მშენებლობა. იმ დროს მიშენდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ახალი ,,სააქტო დარბაზი“.  ყველა ამ მშენებლობას, რექტორებთან ერთად, უშუალოდ სწორედ ბატონი ირაკლი უძღვებოდა და წარმართავდა.“- იხსენებს მისი მეგობარი ვაჟა ლორთქიფანიძე

"უნივერსიტეტის შემდეგ, ბატონი ირაკლის მოღვაწეობა, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მრავალ ახალ სარბიელზე გაიშალა. საბედნიეროდ, მასთან ჩემი საქმიანობა, სამსახურებრივი თუ მეგობრული ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მჭიდრო იყო, როდესაც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯერ თბილისის მერი, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ურთულესი, დრამატული მოვლენებით აღსავსე პერიოდი იყო. ამავე დროს, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენების პირველი წლები გახლდათ და ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობაში უშუალო, აქტიური მონაწილეობა დიდი პატივისა და ბედნიერების შეგრძნებასაც ბადებდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო სრულად გამოვლინდა ბატონი ირაკლისათვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები. უმაღლესი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, გასაოცარი შრომის უნარი და ენერგია, - ის თითქმის 24 საათის განმავლობაში სრული თავგანწირვით შრომობდა და ამავე დროს, რა დიდი და მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო, გაკეთებული - არასდროს იყო მისთვის საკმარისი. ის მუდმივი, მოუსვენარი ძიებისა და შენების პროცესში იყო ჩართული, ამით ცხოვრობდა. ამავე დროს, ის ყოველთვის გამორჩეული იყო ერთი დიდი თვისებით - ეს არის განსაკუთრებული თავმდაბლობა და მოკრძალება. დიდ საქმეებს ის მუდამ უხმაუროდ და დაუმადლებლად აკეთებდა"-ასე ახასიათებდნენ მას მეგობრები.

"თბილისი პოსტი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ნოდარ ანდრიაძესთან, სადაც ბ-ნი ნოდარი იხსენებს ძმას და მის განვლილ გზას სამების საკათედრო ტაძრამდე.

 ბ-ნო  ნოდარ მოგვიყევით თქვენი ძმის შესახებ

ჩემი უფროსი ძმა, ირაკლი ანდრიაძე  გამორჩეული ადამიანი იყო. უხერხულია  ძმის ქება, მაგრამ    დარწმუნებული ვარ, დრო და ისტორია  მეტად დააფასებს იმ ღვაწლს, რაც მიუძღვის ირაკლის როგორც სამების საკათედრო ტაძრის  მშენებლობაში, ასევე უამრავ სასიკეთო საქმეში, რაც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა.  ირაკლი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, გაბედული ადამიანი იყო, მისი პორტრეტი ვერ იქნება სრულყოფილი თუ არ გავიხსენებ ბავშვობას, საიდანაც მე და ჩემი ძმა მოვდივართ.  ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც დავობლდით. ირაკლიმ შეძლო შეუძლებელი - შრომისმოყვარეობით, გამძლეობით, ნებისყოფით  ომის  წლების და უმამობის მძიმე ტვირთის მიუხედავად, დადგა ჩვენი ერის გამორჩეული მამულიშვილი და ღირსეული ადამიანი.

ჩვენი გვარი უძველეს გვარებს შორის არის მოხსენიებული. როგორც მისი უწმინდესობისგან მაქვს ინფორმაცია, ჩვენი  გვარის წარმოშობა უკავშირდება ანდრია პირველწოდებულს და  ლაზეთს, სადაც არის სოფელი ანდრიავათი-დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ჩემმა ძმისშვილმა თემურ ანდრიაძემ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. ჩვენი ოჯახი სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში  ცხოვრობდა. მე და ირაკლი  იქ გავიზარდეთ. ირაკლი ჩემზე ცოტა უფროსი იყო. დედა თამარ ვაშაკიძე იყო სოფელ დიდი ჯიხაიშიდან, მამა ონისიმე ანდრიაძე გოჩა ჯიხაიშიდან.

დედას და მამას  ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებდათ, როდესაც შეუღლდნენ მამას უკვე გარდაცვლილი ჰყავდა  დედა, ჯვარშეიშვილის ქალი, რომელსაც რვა შვილი ჰყავდა. დედის მამამ იაკობმა  დედა და მამა თავისთან დიდ ჯიხაიშში  წაიყვანა საცხოვრებლად. ასე დაფუძნდნენ  ჩემი მშობლები  დიდ ჯიხაიშში. იაკობ ბაბუა დურგალი იყო, დედას და მამას ძალიან ეხმარებოდა, მათ სოფლის ცენტრში  აიშენეს სახლი. სამწუხაროდ, მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის ქუთაისში საფერშლო სასწავლებელში სწავლობდა, გაცივდა, ფილტვების ანთება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. მახსოვს, დედას მთელი ცხოვრება უჭირდა გავლა დიდუბეში რკინიგზის საავადმყოფოსთან, სადაც მამამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. დედამ  მარტომ დაიწყო ჩვენზე -შვილებზე ზრუნვა. ვცხოვრობდით თბილისში, დიდუბის რაიონში, ოზურგეთის  ქუჩის ჩიხში. ეს ბინა მამამ 1932 წელს შეიძინა. ჩემი მეხსიერება იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა, მე და ირაკლი საცხოვრებლად გადავდივართ  სოფელში. ომის დაწყების შემდეგ, თბილისში ისეთი გაჭირვება იყო, აქ  ცხოვრებას ვერ შევძლებდით, ერთადერთი გამოსავალი იყო სოფელი  და იაკობ ბაბუა, მშრომელი, ყოჩაღი ადამიანი, რომელმაც შეიფარა ჩვენი ოჯახი. ამდენი წელი გავიდა და  ჩემს მეხსიერებას დღემდე შემორჩა ჩვენი წასვლა სოფელში, მატარებლი, რომელიც მეწყერის გამო გამთენიისას შუა გზაში გაჩერდა და ჩემი ძმა, რომელიც როგორც უფროსი ფუთებს  მიათრევდა, მახსოვს როგორ გვეხმარებოდნენ უცნობი ადამიანები ორ ბავშვს შავოსან დედასთან ერთად. სოფელში დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება, გაჭირვებული დრო იყო. დედა და ჩვენ, ძმები, დღის განმავლობაში ვიყავით ბაბუას სახლში, ღამით   მივდიოდით მამის სახლში, რომ იქარობა  გამოკეტილი არ ყოფილიყო.   

ამ გარემომ  განსაზღვრა თქვენი და თქვენი ძმის  მომავალი ცხოვრება? 

დიახ, პირველ რიგში ბაბუამ, რომელიც პროგრესული კაცი იყო, გაზეთი არ გამოვიდოდა, რომ არ წაეკითხა. ძალიან უყვარდა კითხვა. ეს მისგან მეც გადმომედო,  ბაბუას ეტაჟერში ბევრი წიგნები იყო, სულ ვკითხულობდი, ამის გარდა ჩვენთან  ერთი მწიგნობარი კაცი ცხოვრობდა, მისგან მომქონდა წიგნები და ღამით ლამპის შუქზე ვკითხულობდი, მთელი კლასიკა მაშინ წავიკითხე, განსაკუთრებით სტენდალის კითხვა  მიყვარდა.ბაბუა მომთხოვნი და მკაცრი იყო. ირაკლი პატარა ასაკიდან ჩაერთო შრომაში. ბაბუა ბევრს მუშაობდა და შრომას ჩვენც  გვაჩვევდა. სახლის პირველ სართულზე სადურგლო გვქონდა, ირაკლი ეხმარებოდა ბაბუას კარ-ფანჯრის, ავეჯის გაკეთებაში, რომლებსაც  ყიდდა კულაშელი ებრაელების დახმარებით, მათთან ბაბუა  მეგობრობდა. მათგან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენზე მეტად უჭირდათ, ბევრი  სიკეთე გვახსოვს, იმ გაჭირვებულ დროში. 1942 წელს, მოსავალი არ მოვიდა, სოფელი შიმშილობის პირას იყო. იმ წლებში ბარის იმერეთის სოფლების მოსახლეობა სამეგრელომ გადაარჩინა. იმერეთიდან მიდიოდნენ ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად სამეგრელოში, მიჰქონდათ ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთები, სამეგრელოდან მოჰქონდათ სიმინდი. ასე წაიღო დედამ გადასაცვლელად მამის ტანსაცმელი და პატეფონი, რაზედაც ძალიან დარდობდა. ჩვენთვის, ობლებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ბაბუას გარდაცვალება. ბაბუა 1946 წელს გარდაიცვალა. მამაჩემის მსგავსად ისიც ფილტვების ანთებით დაიღუპა. 

მე 11-12  წლის ვიყავი, ირაკლი 16 წლისაც არ იყო. ჩვენ  დაგვაწვა ოჯახის სიმძიმე. დედა საავადმყოფოში მუშაობდა, მამის სახლის ერთი ოთახი გვქონდა გაქირავებული. მე, დედა და ირაკლი ბევრს ვმუშაობდით, ირაკლი და მე გუთნით მიწას ვამუშავებდით ხოლმე, შემდეგ როდესაც ირაკლი თბილისში წამოვიდა, მე და დედას დაგვაწვა მთელი სიმძიმე. 

       

როგორ წარიმართა ირაკლი ანდრიაძის კარიერა თბილისში?

ირაკლი თბილისში წამოვიდა,  გეპეიში მოეწყო, სამშენებლო ფაკულტეტზე. დედამ ამდენ გაჭირვებას ისე გაუძლო, მამიდას ნაყიდი ბინა არ გაყიდა. ირაკლი ამ ბინაში ცხოვრობდა. მას უკვე ჰყავდა მეუღლე, ჩემი ციალა.ირაკლი და ციალა ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ციალაც ჩვენი სოფლიდან იყო, ისიც ობლად იყო გაზრდილი. ციალას ქუთაისის  პედაგოგოგიური  ინსტიტუტი ჰქონდა  დამთავრებული. ციალა კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი იყო, კარგი ოჯახი შექმნეს, საუკეთესო შვილები გაზარდეს. მაშინ, როდესაც ჩემი ძმა დაოჯახდა, მე კიევში ვიყავი, სატანკო სასწავლებელში ვაპირებდი სწავლას, თუმცა იქ სიტუაცია არ მომეწონა და უკან მალე დავბრუნდი.

ირაკლი და ციალა უკვე  თბილისში ცხოვრობდნენ. ირაკლი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, კარგად სწავლობდა. კათედრაზე უნდოდათ  მისი დატოვება, მაგრამ ჩვენი მდგომარეობის გამო, თავს ამისი  უფლება არ მისცა და  მუშაობა დაიწყო. თიანეთში წავიდა სამუშაოდ, სიონის წყალსაცავის პროექტზე. მერე რუსთავში მუშაობდა ბეტონის ქარხნის ცვლის უფროს  ინჟინრად, ყოველ დილით ექვს საათზე დგებოდა.  იმ პერიოდში დიდუბეში ყველა ერთად ვცხოვრობდით. მახსოვს, ერთ დღეს მოვიდა და  ჩუმად მითხრა, მაწინაურებენ, რაიონში უნდა გადავიდე სამუშაოდო. იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება მეუღლის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ციალა ყველაფერში გვერდში ედგა,  მაინც  ერიდებოდა  ციალასთან ამის თქმას. ციალას ერთი სიტყვა არ დაუჩივლია, როდესაც ირაკლიმ  უთხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ -   სადაც შენ, იქაც მეო, უთხრა ქმარს და ორი პატარა ბავშვით  გადავიდნენ საცხოვრებლად ჭიათურაში,  რომელიც მაშინ  ინდუსტრიულ ცენტრად ყალიბდებოდა. ირაკლი სრულიად ახალგაზრდა იყო,  მისი კარიერა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ისეთი ხასიათი, უნარები ჰქონდა, შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. ობოლ ბიჭს არც მფარველი ჰყავდა, არც დამხმარე,  ყველაფერს თავისით მიაღწია.

ჭიათურიდან ორ წელიწადში გადმოიყვანეს თბილისში, ჩააბარეს   ინდუსტრიული სამშენებლო ობიექტები. თავს არც ერთ საქმეში არ შეირცხვენდა. ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, რაც იყო მისი წარმატების საფუძველი. თბილისში მუშაობდა, როდესაც ცეკას მაშინდელმა  მდივანმა გეგეშიძემ შეამჩნია ირაკლი სპორტის სასახლის გუმბათის მონტაჟის დროს, გეგეშიძის ინიციატივით ირაკლი დააწინაურეს და უკვე  ქვეყნის მასშტაბით ჩააბარეს ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობა.        

1987 წელს,  როდესაც ირაკლი თბილისის აღმასკომის თავმჯდომრედ დანიშნეს, ჯუმბერ პატიაშვილს მისთვის უთქვავს, საქართველოს გულს გაბარებო. მაშინ აღმასკომის თავმჯდომარე ქალაქის მერის ფუქნციებს ასრულებდა. ირაკლიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა თბილისში, ვარკეთილსა და სხვა ახალ უბნებში  წყლის მიწოდება ირაკლის ხელმძღვანელობის დროს დაიწყო.  ირაკლი იყო კულტურის დიდი მოამაგე, განსაკუთრებით უყვარდა  თეატრი, არც ერთ სპექტაკლს არ გამოტოვებდა. მან აღადგინა ეკლესია ნაძალადევის რაიონში, რომელიც აბანოდ იყო გადაკეთებული,  ირაკლის სახელთან არის დაკავშირებული მეტეხის ეკლესია, სადაც იმ დროს  თეატრი იყო. ირაკლის გაკეთებულია სიონის ეკლესიის ეზო, კარ-მიდამო, ანჩისხატის და ქაშუეთის ტაძრების შესასვლელები.  

როგორ ახერხებდა  კომუნისტური  წყობის  პირობებში ასეთი მაღალი თანამდებობის პირი  ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე ზრუნვას?        

ირაკლი ძალიან გაბედული ადამიანი იყო,  საკმოდ დიპლომატიურიც. მორწმუნეც იყო. ირაკლის მძღოლისგან შევიტყვეთ მოგვიანებით, როგორ დადიოდა ირაკლი   წლების განმავლობაში დიდუბის ეკლესიაში, თურმე, შორს აჩერებინებდა მანქანას, გაივლიდა  კორპუსებს შორის და  ისე  მიდიოდა ეკლესიაში, რომ ვერავინ ხედავდა.  როდესაც ირაკლი აღმასკომის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც არ შეუწყვეტია ეკლესიაში სიარული. ბებია გვყავდა მორწმუნე, საეკლესიო დღესასწაულებზე კარს  ურდულით დაკეტავდა, საკმეველს ანთებდა,  კვერებს აცხობდა ხოლმე,  ყველა რელიგიურ  დღესასწაულს ასე აღნიშნავდა.      

როდესაც სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყო ამ ქვეყანაში მძიმე დრო იყო, ირაკლიმ უზარმაზარი შრომა გაწია,  ორგანიზება გაუკეთა  ამ დიდ პროექტს,  შეკრა გუნდი საუკეთესო სპეციალისტებისგან.  ერთ-ერთი პირველი  მე  ვიყავი, ვისაც გამარჯვებული პროექტი  აჩვენა.  პლენუმზე ვიყავი თბილისში ჩამოსული,  ორივე  ისეთი დაკავებულები ვიყავით,   ხანდახან თვეები ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. ხუთი წუთით შევურბინე სამსახურში, მაშინაც  სამებაზე დამიწყო საუბარი. ირაკლი საორგანიზაციო საქმეებში  გამოცდილი იყო. იმ მძიმე დროში თანხების მოძიება და სწორად წარმართვა მარტივი არ იყო, ირაკლი  ყველაფერს თავს ართმევდა. 

ირაკლი სამების ტაძრის მშენებლობაში ისე იყო ჩართული, იმ წლებში მეტი არაფერი არ ახსოვდა.  როდესაც ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში, ერთადერთი პარტიული მუშაკი იყო ირაკლი, ვინც პრეზიდენტმა თავის პოზიციაზე დატოვა და განთავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა. ყველამ იცოდა, ჩემი ძმა საქმის კაცი იყო. ირაკლი იყო თბილისის პირველი პრეფექტი და  მერი. სასტუმრო "მეტეხის" მშენებლობა და გახსნაც ირაკლის თაოსნობით მოხდა. ირაკლის დიდი  მხარდაჭერა ჰქონდა გუდაურის პროექტს, რომელსაც  ცხონებულმა სოლიკო ხაბეიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

ჩემი ძმა პროგრესული ადამიანი იყო, დროს უსწრებდა. მეც წარმატებული კარიერა მქონდა, ვისწავლე ჯერ ტიმირიაზევში, შემდეგ კი  რიგაში, სასოფლო- სამეურნეო განხრით,  აგრონომიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.  წლები ვიმუშავე სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციაზე, 12 წელი ვიყავი ვანის რაიკომის მდივანი, იმ დროს დაიწყო ვანში  ცნობილი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც საოცარი არტეფაქტები გამოავლინა. ძალიან ვუწყობდი ხელს ამ პროცესს.  ირაკლისგან ყოველთვის მქონდა დიდი მხარდაჭერა. ძლიერი პიროვნული თვისებები ჰქონდა, ღმერთის მფარველობაც. რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ, როდესაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.  მარიამობის დღესასწაულზე გვქონდა ტრადიცია, სადაც არ უნდა  ვყოფილიყავით, დედასთან ჩავდიოდით სოფელში. ერთ წელიწადს, ირაკლიმ მითხრა, ძალიან ადრე უნდა წავიდეთ, სანამ დედასთან ჩავალთ, ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელისთვის თეთრ ქვაზე ქუთაისში უნდა შევიაროო.  გორთან საშინელ  ავტოკატასტროფაში მოვყევით,  ავტომობილში მე, მძღოლი, ირაკლი და მისი ქალიშვილი მარინა ვისხედით. სამივე დავზიანდით, ირაკლი ისე გადარჩა, ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა, უფრო მეტიც,  ჩვენ სამივეს გორის საავადმყოფოში თავზე დაგვტრიალებდა. ირაკლი თითქოს რჩეული იყო. ბავშვობაში, ბაბუამ არაჩვეულებრივი არაბული ჯიშის ცხენი იყიდა. ისეთი ლამაზი ცხენი იყო, ხალხი მის სანახავად მოდიოდა. ირაკლის უყვარდა ცხენით ჯირითი, უუნაგიროდ აჭენებდა ხოლმე. ერთხელ გადმოვარდა ცხენიდან, ისეთ ადგილზე გადმოვარდა, იქ გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ისე გადარჩა, არაფერი   არ დაუშავებია.   მეორე შემთხვევაც მახსოვს. ირაკლი უკვე მეორე კურსზე გადადიოდა, ზაფხულში სოფელში  იყო ჩამოსული, მოხუცებს ჭის ამორეცხვაში დაეხმარა,  იმ დღეს გაცივდა და  ფილტვების ანთება დაემართა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ გადარჩა, ეს იყო სასწაული.  

 

როგორ გახსოვთ ირაკლი ანდრიაძის პატიმრობის თვეები, რაც ძალიან მძიმე "განაჩენი"  აღმოჩნდა  მისთვის,  სამწუხაროდ,   ის ვერ დაესწრო  სამების ტაძრის კურთხევას, რასაც თურმე, პატიმრობაზე მეტად   განიცდიდა.     

ეს იყო უმძიმესი პერიოდი.  ირაკლის დაპატიმრება შევიტყვე ტელევიზიით, ამის გამო  ინსულტი  დამემართა.  ძლივს გადავრჩი. საშინელი დღეები გადაიტანეს ირაკლის მეუღლემ, შვილებმა  და შვილიშვილებმა.  ჩემი ძმა  უსამართლოდ დააკავეს,  ვერც ერთი დარღვევა ვერ აღმოაჩინა გამოძიებამ,  ვერაფერი  რომ ვერ უპოვეს, სამებაში შეცვივდნენ, ან რა უნდა ეპოვათ?   თავად ფონდი "ქართუ" უძღვებოდა  მშენებლობის ფინანსურ ნაწილს ირაკლის თხოვნით.  ირაკლიმ  პატიმრობაში გაატარა  ორი თვე. პატრიარქი ყოველდღე ტრაპეზს უგზავნიდა, ციხიდან როგორც კი განთავისუფლდა,  წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. წარმოიდგინეთ, მთელი წელი იკვლევდნენ დოკუმენტაციას და ბრალად  ის წაუყენეს, პარლამენტის შენობა რატომ არ გააქირავეო. ანუ საიჯარო ქირა რატომ არ გადაახდევინე აფხაზეთიდან დევნილ აფხაზეთის მთავრობას, ასევე საკონსტიტუცია სასამართლოს, საარჩევნო კომისიას და სხვ. ეს ერთადერთი ბრალდება გახლდათ. ეს ხომ აბსურდია, ირონიაა. მხოლოდ ამ ბრალდების საფუძველზე სტენოკარდიული შეტევით ჩაწოლილი 75 წლის კაცი დააპატიმრეს.  სწორედ პატიმრობის დროს  დაემართა მუცლის აორტის ანევრიზმა.  ციხიდან განთავისუფლებული რამდენიმე თვე ავადმყოფობდა,  მის გადასარჩენად მისმა შვილებმა ყველაფერი იღონეს, მაგრამ ვერაფერმა  ვეღარ უშველა. ირაკლი გარდაიცვალა  2012 წლის 4 ივნისს,  წმინდა სამების ხსენების დღეს.  არ არის საოცრება?! მამა შობას გარდაიცვალა, დედა -აღდგომას, თვითონ  ასეთ დღეს.  როდესაც პატრიარქმა ეს შეიტყო, ღიმილით თქვა, არ შევმცდარვარ,  ვისთვის უნდა ჩამებარებინა ამ ტაძრის მშენებლობაო. ირაკლიმ   დიდ ჯიხაიშში  წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია ააშენა, ხის გუმბათით, როგორც ტაო კლარჯეთში ჰქონდა ჩვენს ძველ ტაძრებს. ამ ტაძრის კურთხევაზე ჩვენთან  სოფელში  ჩამობრძანდა  პატრიარქი,  როგორ გავხართ ძმასო - ღიმილით  მითხრა. მისმა უწმინდესობამ საოცარი სიტყვები თქვა  ჩემი ძმის  შესახებ მის  გამოთხოვებაზე სამების ტაძარში: ირაკლის უკეთებია დიდი საქმეები ხალხისთვის, ეკლესიისთვის.   ეს ტაძარი, საიდანაც ირაკლის ვაცილებთ, არ აშენდებოდა, ირაკლი რომ არ  ყოფილიყოო.  ირაკლი ჩემთვის მარტო ძმა კი არა, მამაც იყო. 81 წლის ასაკში  დასრულდა  ცხოვრება კაცისა, რომელმაც ძალიან საინტერესო გზა გაიარა და რომელიც გულწრფელად ემსახურა თავის ქვეყანას. მისი წასვლით  ჩემთვის   ცხოვრება  დაცარიელდა!

ბოლოს ისევ პატრიარქის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ ეს სტატია:

 “აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, –  ასე შეაფასა მისი ღვაწლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ეს სიტყვები ყველაზე უკეთესად გამოხატავს იმ დიდ ღვაწლს, რაც ბ-მა ირაკლიმ გასწია თავისი ქვეყნის და დედა ეკლესიისთვის.

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way