საქართველოში, ადამიანის ღვაწლის აღმატებული შეფასებისათვის ოდითგანვე ხმარობდნენ სიტყვებს: აღმაშენებელი, აღმშენებელი, მშენებელი. ალბათ იმიტომ,რომ გამუდმებულ, დამანგრეველ ომებში მყოფი საქართველოსათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ დანგრეულის აღდგენა და ახლის შენება-აღმშენებლობა იყო. ასე ნარჩუნდებოდა ქვეყნის ძველი და იქმნებოდა ახალი დიდება. ამიტომ მგონია, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ხვედრი არგუნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქვეყნის, სამშობლოს შენებას მიუძღვნეს. ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანია ბატონი ირაკლი ანდრიაძე.
დღეს ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის გარდაცვალების დღეა.
„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც.მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“;- ეს სიტყვები მისმა უწმინდესობამ, სამების ტაძრის კურთხევის 15 წლისთავზე ბრძანა 2019 წლის 23 ნოემბერს.
„ის სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უნივერსიტეტის პრორექტორი იყო პერსპექტიული მშენებლობის დარგში. სწორედ იმ პერიოდში აშენდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი ბაგების ტერიტორიაზე, ძირითად სასწავლო კორპუსთან მათი შემაერთებელი ხიდი და საბაგირო გზა, დაიწყო ბიოლოგიური ფაკულტეტისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის კორპუსების მშენებლობა. იმ დროს მიშენდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ახალი ,,სააქტო დარბაზი“. ყველა ამ მშენებლობას, რექტორებთან ერთად, უშუალოდ სწორედ ბატონი ირაკლი უძღვებოდა და წარმართავდა.“- იხსენებს მისი მეგობარი ვაჟა ლორთქიფანიძე
"უნივერსიტეტის შემდეგ, ბატონი ირაკლის მოღვაწეობა, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მრავალ ახალ სარბიელზე გაიშალა. საბედნიეროდ, მასთან ჩემი საქმიანობა, სამსახურებრივი თუ მეგობრული ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მჭიდრო იყო, როდესაც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯერ თბილისის მერი, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ურთულესი, დრამატული მოვლენებით აღსავსე პერიოდი იყო. ამავე დროს, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენების პირველი წლები გახლდათ და ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობაში უშუალო, აქტიური მონაწილეობა დიდი პატივისა და ბედნიერების შეგრძნებასაც ბადებდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო სრულად გამოვლინდა ბატონი ირაკლისათვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები. უმაღლესი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, გასაოცარი შრომის უნარი და ენერგია, - ის თითქმის 24 საათის განმავლობაში სრული თავგანწირვით შრომობდა და ამავე დროს, რა დიდი და მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო, გაკეთებული - არასდროს იყო მისთვის საკმარისი. ის მუდმივი, მოუსვენარი ძიებისა და შენების პროცესში იყო ჩართული, ამით ცხოვრობდა. ამავე დროს, ის ყოველთვის გამორჩეული იყო ერთი დიდი თვისებით - ეს არის განსაკუთრებული თავმდაბლობა და მოკრძალება. დიდ საქმეებს ის მუდამ უხმაუროდ და დაუმადლებლად აკეთებდა"-ასე ახასიათებდნენ მას მეგობრები.
"თბილისი პოსტი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ნოდარ ანდრიაძესთან, სადაც ბ-ნი ნოდარი იხსენებს ძმას და მის განვლილ გზას სამების საკათედრო ტაძრამდე.
ბ-ნო ნოდარ მოგვიყევით თქვენი ძმის შესახებ
ჩემი უფროსი ძმა, ირაკლი ანდრიაძე გამორჩეული ადამიანი იყო. უხერხულია ძმის ქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დრო და ისტორია მეტად დააფასებს იმ ღვაწლს, რაც მიუძღვის ირაკლის როგორც სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში, ასევე უამრავ სასიკეთო საქმეში, რაც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ირაკლი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, გაბედული ადამიანი იყო, მისი პორტრეტი ვერ იქნება სრულყოფილი თუ არ გავიხსენებ ბავშვობას, საიდანაც მე და ჩემი ძმა მოვდივართ. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც დავობლდით. ირაკლიმ შეძლო შეუძლებელი - შრომისმოყვარეობით, გამძლეობით, ნებისყოფით ომის წლების და უმამობის მძიმე ტვირთის მიუხედავად, დადგა ჩვენი ერის გამორჩეული მამულიშვილი და ღირსეული ადამიანი.
ჩვენი გვარი უძველეს გვარებს შორის არის მოხსენიებული. როგორც მისი უწმინდესობისგან მაქვს ინფორმაცია, ჩვენი გვარის წარმოშობა უკავშირდება ანდრია პირველწოდებულს და ლაზეთს, სადაც არის სოფელი ანდრიავათი-დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ჩემმა ძმისშვილმა თემურ ანდრიაძემ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. ჩვენი ოჯახი სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა. მე და ირაკლი იქ გავიზარდეთ. ირაკლი ჩემზე ცოტა უფროსი იყო. დედა თამარ ვაშაკიძე იყო სოფელ დიდი ჯიხაიშიდან, მამა ონისიმე ანდრიაძე გოჩა ჯიხაიშიდან.
დედას და მამას ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებდათ, როდესაც შეუღლდნენ მამას უკვე გარდაცვლილი ჰყავდა დედა, ჯვარშეიშვილის ქალი, რომელსაც რვა შვილი ჰყავდა. დედის მამამ იაკობმა დედა და მამა თავისთან დიდ ჯიხაიშში წაიყვანა საცხოვრებლად. ასე დაფუძნდნენ ჩემი მშობლები დიდ ჯიხაიშში. იაკობ ბაბუა დურგალი იყო, დედას და მამას ძალიან ეხმარებოდა, მათ სოფლის ცენტრში აიშენეს სახლი. სამწუხაროდ, მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის ქუთაისში საფერშლო სასწავლებელში სწავლობდა, გაცივდა, ფილტვების ანთება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. მახსოვს, დედას მთელი ცხოვრება უჭირდა გავლა დიდუბეში რკინიგზის საავადმყოფოსთან, სადაც მამამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. დედამ მარტომ დაიწყო ჩვენზე -შვილებზე ზრუნვა. ვცხოვრობდით თბილისში, დიდუბის რაიონში, ოზურგეთის ქუჩის ჩიხში. ეს ბინა მამამ 1932 წელს შეიძინა. ჩემი მეხსიერება იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა, მე და ირაკლი საცხოვრებლად გადავდივართ სოფელში. ომის დაწყების შემდეგ, თბილისში ისეთი გაჭირვება იყო, აქ ცხოვრებას ვერ შევძლებდით, ერთადერთი გამოსავალი იყო სოფელი და იაკობ ბაბუა, მშრომელი, ყოჩაღი ადამიანი, რომელმაც შეიფარა ჩვენი ოჯახი. ამდენი წელი გავიდა და ჩემს მეხსიერებას დღემდე შემორჩა ჩვენი წასვლა სოფელში, მატარებლი, რომელიც მეწყერის გამო გამთენიისას შუა გზაში გაჩერდა და ჩემი ძმა, რომელიც როგორც უფროსი ფუთებს მიათრევდა, მახსოვს როგორ გვეხმარებოდნენ უცნობი ადამიანები ორ ბავშვს შავოსან დედასთან ერთად. სოფელში დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება, გაჭირვებული დრო იყო. დედა და ჩვენ, ძმები, დღის განმავლობაში ვიყავით ბაბუას სახლში, ღამით მივდიოდით მამის სახლში, რომ იქარობა გამოკეტილი არ ყოფილიყო.
ამ გარემომ განსაზღვრა თქვენი და თქვენი ძმის მომავალი ცხოვრება?
დიახ, პირველ რიგში ბაბუამ, რომელიც პროგრესული კაცი იყო, გაზეთი არ გამოვიდოდა, რომ არ წაეკითხა. ძალიან უყვარდა კითხვა. ეს მისგან მეც გადმომედო, ბაბუას ეტაჟერში ბევრი წიგნები იყო, სულ ვკითხულობდი, ამის გარდა ჩვენთან ერთი მწიგნობარი კაცი ცხოვრობდა, მისგან მომქონდა წიგნები და ღამით ლამპის შუქზე ვკითხულობდი, მთელი კლასიკა მაშინ წავიკითხე, განსაკუთრებით სტენდალის კითხვა მიყვარდა.ბაბუა მომთხოვნი და მკაცრი იყო. ირაკლი პატარა ასაკიდან ჩაერთო შრომაში. ბაბუა ბევრს მუშაობდა და შრომას ჩვენც გვაჩვევდა. სახლის პირველ სართულზე სადურგლო გვქონდა, ირაკლი ეხმარებოდა ბაბუას კარ-ფანჯრის, ავეჯის გაკეთებაში, რომლებსაც ყიდდა კულაშელი ებრაელების დახმარებით, მათთან ბაბუა მეგობრობდა. მათგან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენზე მეტად უჭირდათ, ბევრი სიკეთე გვახსოვს, იმ გაჭირვებულ დროში. 1942 წელს, მოსავალი არ მოვიდა, სოფელი შიმშილობის პირას იყო. იმ წლებში ბარის იმერეთის სოფლების მოსახლეობა სამეგრელომ გადაარჩინა. იმერეთიდან მიდიოდნენ ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად სამეგრელოში, მიჰქონდათ ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთები, სამეგრელოდან მოჰქონდათ სიმინდი. ასე წაიღო დედამ გადასაცვლელად მამის ტანსაცმელი და პატეფონი, რაზედაც ძალიან დარდობდა. ჩვენთვის, ობლებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ბაბუას გარდაცვალება. ბაბუა 1946 წელს გარდაიცვალა. მამაჩემის მსგავსად ისიც ფილტვების ანთებით დაიღუპა.
მე 11-12 წლის ვიყავი, ირაკლი 16 წლისაც არ იყო. ჩვენ დაგვაწვა ოჯახის სიმძიმე. დედა საავადმყოფოში მუშაობდა, მამის სახლის ერთი ოთახი გვქონდა გაქირავებული. მე, დედა და ირაკლი ბევრს ვმუშაობდით, ირაკლი და მე გუთნით მიწას ვამუშავებდით ხოლმე, შემდეგ როდესაც ირაკლი თბილისში წამოვიდა, მე და დედას დაგვაწვა მთელი სიმძიმე.
როგორ წარიმართა ირაკლი ანდრიაძის კარიერა თბილისში?
ირაკლი თბილისში წამოვიდა, გეპეიში მოეწყო, სამშენებლო ფაკულტეტზე. დედამ ამდენ გაჭირვებას ისე გაუძლო, მამიდას ნაყიდი ბინა არ გაყიდა. ირაკლი ამ ბინაში ცხოვრობდა. მას უკვე ჰყავდა მეუღლე, ჩემი ციალა.ირაკლი და ციალა ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ციალაც ჩვენი სოფლიდან იყო, ისიც ობლად იყო გაზრდილი. ციალას ქუთაისის პედაგოგოგიური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ციალა კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი იყო, კარგი ოჯახი შექმნეს, საუკეთესო შვილები გაზარდეს. მაშინ, როდესაც ჩემი ძმა დაოჯახდა, მე კიევში ვიყავი, სატანკო სასწავლებელში ვაპირებდი სწავლას, თუმცა იქ სიტუაცია არ მომეწონა და უკან მალე დავბრუნდი.
ირაკლი და ციალა უკვე თბილისში ცხოვრობდნენ. ირაკლი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, კარგად სწავლობდა. კათედრაზე უნდოდათ მისი დატოვება, მაგრამ ჩვენი მდგომარეობის გამო, თავს ამისი უფლება არ მისცა და მუშაობა დაიწყო. თიანეთში წავიდა სამუშაოდ, სიონის წყალსაცავის პროექტზე. მერე რუსთავში მუშაობდა ბეტონის ქარხნის ცვლის უფროს ინჟინრად, ყოველ დილით ექვს საათზე დგებოდა. იმ პერიოდში დიდუბეში ყველა ერთად ვცხოვრობდით. მახსოვს, ერთ დღეს მოვიდა და ჩუმად მითხრა, მაწინაურებენ, რაიონში უნდა გადავიდე სამუშაოდო. იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება მეუღლის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ციალა ყველაფერში გვერდში ედგა, მაინც ერიდებოდა ციალასთან ამის თქმას. ციალას ერთი სიტყვა არ დაუჩივლია, როდესაც ირაკლიმ უთხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ - სადაც შენ, იქაც მეო, უთხრა ქმარს და ორი პატარა ბავშვით გადავიდნენ საცხოვრებლად ჭიათურაში, რომელიც მაშინ ინდუსტრიულ ცენტრად ყალიბდებოდა. ირაკლი სრულიად ახალგაზრდა იყო, მისი კარიერა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ისეთი ხასიათი, უნარები ჰქონდა, შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. ობოლ ბიჭს არც მფარველი ჰყავდა, არც დამხმარე, ყველაფერს თავისით მიაღწია.
ჭიათურიდან ორ წელიწადში გადმოიყვანეს თბილისში, ჩააბარეს ინდუსტრიული სამშენებლო ობიექტები. თავს არც ერთ საქმეში არ შეირცხვენდა. ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, რაც იყო მისი წარმატების საფუძველი. თბილისში მუშაობდა, როდესაც ცეკას მაშინდელმა მდივანმა გეგეშიძემ შეამჩნია ირაკლი სპორტის სასახლის გუმბათის მონტაჟის დროს, გეგეშიძის ინიციატივით ირაკლი დააწინაურეს და უკვე ქვეყნის მასშტაბით ჩააბარეს ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობა.
1987 წელს, როდესაც ირაკლი თბილისის აღმასკომის თავმჯდომრედ დანიშნეს, ჯუმბერ პატიაშვილს მისთვის უთქვავს, საქართველოს გულს გაბარებო. მაშინ აღმასკომის თავმჯდომარე ქალაქის მერის ფუქნციებს ასრულებდა. ირაკლიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა თბილისში, ვარკეთილსა და სხვა ახალ უბნებში წყლის მიწოდება ირაკლის ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. ირაკლი იყო კულტურის დიდი მოამაგე, განსაკუთრებით უყვარდა თეატრი, არც ერთ სპექტაკლს არ გამოტოვებდა. მან აღადგინა ეკლესია ნაძალადევის რაიონში, რომელიც აბანოდ იყო გადაკეთებული, ირაკლის სახელთან არის დაკავშირებული მეტეხის ეკლესია, სადაც იმ დროს თეატრი იყო. ირაკლის გაკეთებულია სიონის ეკლესიის ეზო, კარ-მიდამო, ანჩისხატის და ქაშუეთის ტაძრების შესასვლელები.
როგორ ახერხებდა კომუნისტური წყობის პირობებში ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე ზრუნვას?
ირაკლი ძალიან გაბედული ადამიანი იყო, საკმოდ დიპლომატიურიც. მორწმუნეც იყო. ირაკლის მძღოლისგან შევიტყვეთ მოგვიანებით, როგორ დადიოდა ირაკლი წლების განმავლობაში დიდუბის ეკლესიაში, თურმე, შორს აჩერებინებდა მანქანას, გაივლიდა კორპუსებს შორის და ისე მიდიოდა ეკლესიაში, რომ ვერავინ ხედავდა. როდესაც ირაკლი აღმასკომის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც არ შეუწყვეტია ეკლესიაში სიარული. ბებია გვყავდა მორწმუნე, საეკლესიო დღესასწაულებზე კარს ურდულით დაკეტავდა, საკმეველს ანთებდა, კვერებს აცხობდა ხოლმე, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ასე აღნიშნავდა.
როდესაც სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყო ამ ქვეყანაში მძიმე დრო იყო, ირაკლიმ უზარმაზარი შრომა გაწია, ორგანიზება გაუკეთა ამ დიდ პროექტს, შეკრა გუნდი საუკეთესო სპეციალისტებისგან. ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვისაც გამარჯვებული პროექტი აჩვენა. პლენუმზე ვიყავი თბილისში ჩამოსული, ორივე ისეთი დაკავებულები ვიყავით, ხანდახან თვეები ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. ხუთი წუთით შევურბინე სამსახურში, მაშინაც სამებაზე დამიწყო საუბარი. ირაკლი საორგანიზაციო საქმეებში გამოცდილი იყო. იმ მძიმე დროში თანხების მოძიება და სწორად წარმართვა მარტივი არ იყო, ირაკლი ყველაფერს თავს ართმევდა.
ირაკლი სამების ტაძრის მშენებლობაში ისე იყო ჩართული, იმ წლებში მეტი არაფერი არ ახსოვდა. როდესაც ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში, ერთადერთი პარტიული მუშაკი იყო ირაკლი, ვინც პრეზიდენტმა თავის პოზიციაზე დატოვა და განთავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა. ყველამ იცოდა, ჩემი ძმა საქმის კაცი იყო. ირაკლი იყო თბილისის პირველი პრეფექტი და მერი. სასტუმრო "მეტეხის" მშენებლობა და გახსნაც ირაკლის თაოსნობით მოხდა. ირაკლის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გუდაურის პროექტს, რომელსაც ცხონებულმა სოლიკო ხაბეიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
ჩემი ძმა პროგრესული ადამიანი იყო, დროს უსწრებდა. მეც წარმატებული კარიერა მქონდა, ვისწავლე ჯერ ტიმირიაზევში, შემდეგ კი რიგაში, სასოფლო- სამეურნეო განხრით, აგრონომიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. წლები ვიმუშავე სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციაზე, 12 წელი ვიყავი ვანის რაიკომის მდივანი, იმ დროს დაიწყო ვანში ცნობილი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც საოცარი არტეფაქტები გამოავლინა. ძალიან ვუწყობდი ხელს ამ პროცესს. ირაკლისგან ყოველთვის მქონდა დიდი მხარდაჭერა. ძლიერი პიროვნული თვისებები ჰქონდა, ღმერთის მფარველობაც. რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ, როდესაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მარიამობის დღესასწაულზე გვქონდა ტრადიცია, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, დედასთან ჩავდიოდით სოფელში. ერთ წელიწადს, ირაკლიმ მითხრა, ძალიან ადრე უნდა წავიდეთ, სანამ დედასთან ჩავალთ, ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელისთვის თეთრ ქვაზე ქუთაისში უნდა შევიაროო. გორთან საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევით, ავტომობილში მე, მძღოლი, ირაკლი და მისი ქალიშვილი მარინა ვისხედით. სამივე დავზიანდით, ირაკლი ისე გადარჩა, ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა, უფრო მეტიც, ჩვენ სამივეს გორის საავადმყოფოში თავზე დაგვტრიალებდა. ირაკლი თითქოს რჩეული იყო. ბავშვობაში, ბაბუამ არაჩვეულებრივი არაბული ჯიშის ცხენი იყიდა. ისეთი ლამაზი ცხენი იყო, ხალხი მის სანახავად მოდიოდა. ირაკლის უყვარდა ცხენით ჯირითი, უუნაგიროდ აჭენებდა ხოლმე. ერთხელ გადმოვარდა ცხენიდან, ისეთ ადგილზე გადმოვარდა, იქ გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ისე გადარჩა, არაფერი არ დაუშავებია. მეორე შემთხვევაც მახსოვს. ირაკლი უკვე მეორე კურსზე გადადიოდა, ზაფხულში სოფელში იყო ჩამოსული, მოხუცებს ჭის ამორეცხვაში დაეხმარა, იმ დღეს გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ გადარჩა, ეს იყო სასწაული.
როგორ გახსოვთ ირაკლი ანდრიაძის პატიმრობის თვეები, რაც ძალიან მძიმე "განაჩენი" აღმოჩნდა მისთვის, სამწუხაროდ, ის ვერ დაესწრო სამების ტაძრის კურთხევას, რასაც თურმე, პატიმრობაზე მეტად განიცდიდა.
ეს იყო უმძიმესი პერიოდი. ირაკლის დაპატიმრება შევიტყვე ტელევიზიით, ამის გამო ინსულტი დამემართა. ძლივს გადავრჩი. საშინელი დღეები გადაიტანეს ირაკლის მეუღლემ, შვილებმა და შვილიშვილებმა. ჩემი ძმა უსამართლოდ დააკავეს, ვერც ერთი დარღვევა ვერ აღმოაჩინა გამოძიებამ, ვერაფერი რომ ვერ უპოვეს, სამებაში შეცვივდნენ, ან რა უნდა ეპოვათ? თავად ფონდი "ქართუ" უძღვებოდა მშენებლობის ფინანსურ ნაწილს ირაკლის თხოვნით. ირაკლიმ პატიმრობაში გაატარა ორი თვე. პატრიარქი ყოველდღე ტრაპეზს უგზავნიდა, ციხიდან როგორც კი განთავისუფლდა, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. წარმოიდგინეთ, მთელი წელი იკვლევდნენ დოკუმენტაციას და ბრალად ის წაუყენეს, პარლამენტის შენობა რატომ არ გააქირავეო. ანუ საიჯარო ქირა რატომ არ გადაახდევინე აფხაზეთიდან დევნილ აფხაზეთის მთავრობას, ასევე საკონსტიტუცია სასამართლოს, საარჩევნო კომისიას და სხვ. ეს ერთადერთი ბრალდება გახლდათ. ეს ხომ აბსურდია, ირონიაა. მხოლოდ ამ ბრალდების საფუძველზე სტენოკარდიული შეტევით ჩაწოლილი 75 წლის კაცი დააპატიმრეს. სწორედ პატიმრობის დროს დაემართა მუცლის აორტის ანევრიზმა. ციხიდან განთავისუფლებული რამდენიმე თვე ავადმყოფობდა, მის გადასარჩენად მისმა შვილებმა ყველაფერი იღონეს, მაგრამ ვერაფერმა ვეღარ უშველა. ირაკლი გარდაიცვალა 2012 წლის 4 ივნისს, წმინდა სამების ხსენების დღეს. არ არის საოცრება?! მამა შობას გარდაიცვალა, დედა -აღდგომას, თვითონ ასეთ დღეს. როდესაც პატრიარქმა ეს შეიტყო, ღიმილით თქვა, არ შევმცდარვარ, ვისთვის უნდა ჩამებარებინა ამ ტაძრის მშენებლობაო. ირაკლიმ დიდ ჯიხაიშში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია ააშენა, ხის გუმბათით, როგორც ტაო კლარჯეთში ჰქონდა ჩვენს ძველ ტაძრებს. ამ ტაძრის კურთხევაზე ჩვენთან სოფელში ჩამობრძანდა პატრიარქი, როგორ გავხართ ძმასო - ღიმილით მითხრა. მისმა უწმინდესობამ საოცარი სიტყვები თქვა ჩემი ძმის შესახებ მის გამოთხოვებაზე სამების ტაძარში: ირაკლის უკეთებია დიდი საქმეები ხალხისთვის, ეკლესიისთვის. ეს ტაძარი, საიდანაც ირაკლის ვაცილებთ, არ აშენდებოდა, ირაკლი რომ არ ყოფილიყოო. ირაკლი ჩემთვის მარტო ძმა კი არა, მამაც იყო. 81 წლის ასაკში დასრულდა ცხოვრება კაცისა, რომელმაც ძალიან საინტერესო გზა გაიარა და რომელიც გულწრფელად ემსახურა თავის ქვეყანას. მისი წასვლით ჩემთვის ცხოვრება დაცარიელდა!
ბოლოს ისევ პატრიარქის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ ეს სტატია:
“აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, – ასე შეაფასა მისი ღვაწლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
ეს სიტყვები ყველაზე უკეთესად გამოხატავს იმ დიდ ღვაწლს, რაც ბ-მა ირაკლიმ გასწია თავისი ქვეყნის და დედა ეკლესიისთვის.