USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
ილია მეორე: ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს
дата:  1856

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში, ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მსახურების ბოლოს მრევლი დალოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა,

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადმიანი ღვთის მადლის მიმღები უნდა იყოს და მადლობა შესწიროს მას ამისთვის.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე ტაძარში ის მომლოცველები დალოცა, რომლებმაც ტრადიციისამებრ წმინდა ნინოს გზა ჯავახეთიდან ფეხით გამოიარეს. მათი მსვლელობა 1 ივნისს დაიწყო.

„დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, - განაცხადა პატრიარქმა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати