USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ილია მეორე -ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას! - უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია მიღწეულ იქნას დიალოგი
თარიღი:  951

ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! - ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ასევე, პატრიარქი საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.

„ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები.

ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.

ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება).

ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული.

მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.

ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა.

ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი“.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას.

დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა.

თქვენთვის მლოცველი, ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის