USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
ილია მეორე - მანანა ანდრიაძე ჩვენი საყვარელი სულიერი შვილი იყო, დახვეწილი, სულიერი არისტოკრატობითა და ამავე დროს, ქართული სისადავით გამორჩეული ადამიანი
თარიღი:  4376

ქ-ნი მანანა ანდრიაძე იყო პირველი ქართველი მუსიკათმცოდნე ქალი, რომელმაც დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დააარსა საეკლესიო მუსიკის კათედრა და შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა.

მინი დოსიე: მანანა ანდრიაძე - მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე დაბადების თარიღი: თბილისი 12 მაისი, 1951; გარადცვალება 13თებერვალი, 2013  (61 წლის ასაკში). დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1982 წლიდან იყო . სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის პედაგოგი, 1991 წლიდან დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი; 2004 წელს დააარსა სტუდენტურფოლკლორული ანსამბლი; 1998–2000წწ. მუსიკისმცოდნეობისა და კომპოზიციის კათედრის დეკანი; 2001–2005წწ. . სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და რექტორის მოადგილე სამეცნიეროსასწავლო დარგში; 2005 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო სასწავლო და სამეცნიერო დეპარტამენტის დირექტორი, პედაგოგი; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქრისტიანული კვლევის დარბაზის წევრი; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის კონსულტანტი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

საქართველოში კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება  2007 წელს ჩამოყალიბდა. მის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა 80-იანი წლების ბოლოს კონსერვატორიის  პროფესორ-მასწავლებელთა და  სტუდენტთა მხრიდან ძველი პროფესიული მუსიკის კვლევისა და მისი საღვთისმსახურო პრაქტიკაში დაბრუნების მცდელობა.  სწორედ ამ მიმართულების სულიჩამდგმელი და ხელმძღვანელი გახლდათ  პროფესორი მანანა ანდრიაძე. 2008 წლიდან   საეკლესიო მუსიკის მიმართულება მუსიკის თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელ ერთეულად გამოიყო და 2008-2012 წლებში მას სათავეში ედგა ქ-ნი მანანა.

მისი ხელმძღვანელობით, ამ პერიოდში მომზადდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა ქართული საეკლესიო საგალობლის მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტებით შესწავლას, ქართული საეკლესიო გალობის ისტორიას, საგალობელთა ჟანრულ, რვა ხმის, ნევმური დამწერლობის სისტემებისა და მუსიკალური ენის კანონზომიერებათა კვლევას.

ქ-ნი მანანა გახლდათ - მოსიყვარულე დედა და მეუღლე, ყოველმხრივ მოწესრიგებული, განსაკუთრებული ნიჭით და საოცარი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი.

უდიდესი სიყვარულით იხსენებენ მას ის ადამიანები ვისთანაც, ქ-ნ მანანს პროფესიული თუ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა.

„მანანა ანდრიაძის სახელს უკავშირდება ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის გაწეული მრავალმხრივი საქმიანობა. ქალბატონ მანანას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, კონსერვატორიაში შეიქმნა ქართული გალობის მიმართულება და თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა ჩვენი საეკლესიო მუსიკის სამეცნიერო კვლევა. ის ჩვენი საყვარელი სულიერი შვილი იყო, დახვეწილი, სულიერი არისტოკრატობითა და ამავე დროს, ქართული სისადავით გამორჩეული ადამიანი“... ბრძანა მასზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ქ-ნი მანანა მისი უწმინდესობის სულიერი შვილი გახლდათ.

კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. მანანა დოიჯაშვილი: „იგი იყო ადამიანი, რომლის მსგავსი ამ ქვეყანას იშვიათად ევლინება. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თბილისის კონსერვატორიის ისტორიაში ასეთი პიროვნებები თითზე ჩამოსათვლელები არიან...“

ანზორ ერქომაიშვილი: „მახსოვს, მააღალი, მომხიბვლელი გარეგნობის, ღიმილიანი, ყველანაირად მოწესრიგებული, ზრდილობითა და სათნოებით გამორჩეული გოგონა, ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული...“

საოცარი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს ქ-ნი მანანს, მისი მეუღლე, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე.

„ჩემი მეუღლე, მანანა ანდრიაძე, კონსერვატორიის პრორექტორი იყო სასწავლო დარგში. უკრავდა, მღეროდა, აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ის და რექტორი მანანა დოიჯაშვილი ერთად ბევრს მუშაობდნენ. ჩემმა მეუღლემ კონსერვატორიაში პირველად ჩამოაყალიბა საეკლესიო მუსიკის კათედრა. მანანა 25 თებერვალს დავკრძალეთ. პატრიარქი მას დიდ პატივს სცემდა და ქაშუეთის ეკლესიაში გადაგვასვენებინა. დასაფლავებაზე თავად მობრძანდა და ჩემს მეუღლეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა. მანანას ძალიან უცნაური დაავადება დაემართა, კუნთების ატროფია. არავინ იცის, ის საიდან და რატომ ჩნდება, არც წამალი არსებობს. რამდენჯერმე ჩინეთში ჩავედით და იქ ვმკურნალობდით ერთ-ერთ პროვინციაში. შემდეგ პეკინში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაუკეთეს, მაგრამ დაავადება ვერ დავამარცხეთ. პეკინიდან დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ჩემი მეუღლე ძილში გარდაიცვალა. მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა. 

ბ-ნი გივის თქმით საოცარი იყო მათი გაცნობის და სიყვარულის ისტორიაც.

„ ნუცა ჭირაქაძე, ლექსო თორაძე და მანანა კლასელები იყვნენ. ნუცა ფალიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მასთან მოსკოველი სტუმარი ჩამოვიდა, რომელმაც ჩემთვის ამანათი ჩამოიტანა. მის წამოსაღებად რომ წავედი, ნუცას ბინის კარი მანანამ გამიღო. დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა. 29 წლის ვიყავი. სამი წელი ვცდილობდი, მისთვის თავი მომეწონებინა. რას აღარ ვაკეთებდი. მანანა მოსკოვში სამუშაოდ რომ გაემგზავრა, ერთი თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს მასთან მივფრინავდი და შაბათ-კვირას იქ ვრჩებოდი. ვპატიჟებდი დიდ თეატრში, კინოში და ა.შ. მიმყავდა პასტერნაკებთან სტუმრად. მოგეხსენებათ ბებიაჩემს, დედაჩემ ნიტას და პასტერნაკებს რა ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ასპირანტურაში სასწავლებლად რომ ჩავედი, მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეის მოპირდაპირე მხარეს პასტერნაკებთან ვცხოვრობდი, რადგან მათ სხვაგან არ გამიშვეს. ტიციანი ხუთი წელი მოსკოვში სწავლობდა და იქ დაუმეგობრდა პასტერნაკებს, ესენინს, მაიაკოვსკის და სხვა პოეტებს.

აქვე გეტყვით, რომ 22 დეკემბერს ტიციანისა და ნიტას ხსენების დღეა, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოდის ნატაშა სოკოლოვსკაია, ანა კანდინსკაია და ლენაჩკა პასტერნაკი, ანუ ბორის პასტერნაკის შვილიშვილი, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩერდება.

ერთხელ მანანასთან ერთად პერედელკინოში ჩავედი. ზღაპარი ადგილია, სადაც პასტერნაკის მუზეუმია. იქ შესანიშნავად დაგვხვდნენ და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ბოლოს, 2 აპრილს ტიციანის დაბადების დღეს, მანანას ცოლობა შევთავაზე და დამთანხმდა.“

ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველ 12 მაისს, მანანა ანდრიაძის დაბადების დღეს, კონსერვატორიაში მისი ხსოვნის საღამო იმართება.

წელს კორონოვირუსის პანდემიის გამო, ბუნებრივია არ მოხერხდა ამ საღამოს რეალურ სივრცეში ორგანიზება, თუმცა ამ ღონისძიების ორგანიზატორების რწმუნებით, საღამო აუცილებლად გაიმართება და ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის ონ-ლაინ რეჟიმში.  და ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს და პატივს მიაგებს დიდებული ქალბატონის ხსოვნას, რომლის დამსახურებაა თბილისის კონსერვატორიაში საეკლესიო მუსიკის კათედრის არსებობა და ფუნქციონირება.

 

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.