USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
ილია მეორე - ირაკლი ანდრიაძის ცხოვრებისეული გზა თავდადებული მოღვაწეობაა
Date:  2475

15 ივნისს ცნობილ ქართველ ინჟინერს, საზოგადო მოღვაწეს,  სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელს, ბ-ნ ირაკლი ანდრიაძეს 90 წელი შეუსრულდა.

მინი დოსიე: დაბადების თარიღი -15 ივნისი, 1930; გარდაცვ. თარიღი - 4 ივნისი 2012  (81 წლის ასაკში) დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ;  1967-1968წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე; 1972-1974წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე" "საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა", შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია;მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდა თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი; 1992-2003წწ. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1992-1996წწ. იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი; 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის "წმინდა ნინოს" მონუმენტის აღმართვას; საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს "XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის" წოდება (2000), მედალი -  "თბილისის ერთგულება", საქართველოს პრეზიდენტის სიგელი - "ერის გამორჩეული მოღვაწე" (2002). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე.

საქართველოში, ადამიანის ღვაწლის აღმატებული შეფასებისათვის ოდითგანვე ხმარობდნენ სიტყვებს: აღმაშენებელი, აღმშენებელი, მშენებელი. სწორედ ასეთ ადამიანებს არგუნა გამჩენმა განსაკუთრებული ხვედრი და მათაც მთელი ცხოვრება ქვეყნის, სამშობლოს შენებას მიუძღვნეს. ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანი იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძე.

ბატონ ირაკლის ცხოვრების ბოლო ოცი წელი სამების ტაძრის ისტორიასთან გაიგივდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გადაწყვეტილებით იგი და ჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ხარისხის წმინდა გიორგის ორდენით. საინჟინრო საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისათვის აღიარეს XX საუკუნის გამოჩენილ ინჟინრად.

და მისი დაბადების 90 წლის აღსანიშნავად წარმოთქმულ სიტყვაში ილია მეორემ მისი განვლილი ცხოვრების გზა თავდადებულ მოღვაწეობად შეაფასა

„დღეს არის იარკლი ანდრიაძის დაბადების დღე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ტაძრის მშენებლობას. თქვენ კარგად გახსოვთ მისი სიკეთე, მისი თავდადებული მოღვაწეობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ამინ!“- ბრძანა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ.

ბატონი ირაკლი ღმერთმა მართლაც გამოარჩია, ყოფილიყო  დიდებული და გრანდიოზული, თბილისში წმიდა სამების საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ორგანიზატორი.

 ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე:

„1988  წლის ნოემბერში  მისმა უწმინდესობამ ამ იდეით მიმართა თბილისის აღმასკომის თავმჯდომარეს  ირაკლი ანდრიაძეს,  რომელსაც აქვს განუზომელი  ღვაწლი და დამსახურება  სამების ტაძრის მშენებლობაში. ბატონი ირაკლი მორწმუნე ოჯახიდან იყო, ბუნებრივია, მან ძალიან ახლოს გულთან მიიტანა პატრიარქის სურვილი, ის გონიერი ადამიანი იყო და   იგრძნო, რომ ეს იყო ერისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ბატონმა ირაკლიმ   მძიმე  ტვირთი აიღო, საქმე ბევრი იყო -  საორგანიზაციო მხარე, სამუშაო რეჟიმი.  1989 წლის 7 თებერვალს თბილისის აღმასკომის თავმჯდომარემ ირაკლი ანდრიაძემ  გამოსცა დადგენილება, რომელიც  გახდა სამების ტაძრის ისტორიის ოფიციალური დასაწყისი.”      

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი ბ-ნ არჩილ მინდიაშვილი:

„რამდენიმე ადამიანზე  მინდა ვთქვა, რასაკვირველია, პირველ რიგში მისი უწმინდესობაა, ის რომ არა, ალბათ, წარმოუდგენელი  იქნებოდა ამ ტაძრის მშენებლობა.  ძალიან დიდი ღვალწი აქვს ედუარდ შევარდნაძეს, შემდეგ მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილს.  ამ საქმეს თავი დაადგა  თბილისის აღმასკომის თავმჯდომარემ  ირაკლი ანდრიაძემ, ის  ძალიან დაუდგა მხარში ეკლესიას.  ნაძალადევში აბანო იყო, მამას დავყავდი ხოლმე, სულ მაინტერესებდა, რატომ იყო აბანოში ლამაზი თაღები. მერე გავიგე, რომ იქ ეკლესია იყო, რომელიც კომუნისტებმა აბანოდ გადააკეთეს. ირაკლი ანდრიაძის ძალისხმევით  გადაკეთდა ბანო ისევ ეკლესიად  და დაუბრუნდა ძველი ფუნქცია. ირაკლი ანდრიაძემ  უზარმაზარი შრომა გაწია სამების მშენებლობაზე,  არა  მხოლოდ როგორც ორგანიზატორმა და ფონდის ხელმძღვანელმა, ის პირადად იყო ჩართული ისეთ დეტალებში, რაც ტაძრის მშემებლობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.“ 

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე:

„პატრიარქს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბატონ ირაკლი ანდრიაძესთან, რომელიც დაინიშნა ტაძრის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელად. ბუნებრივია, ძალიან ბევრი შრომა იყო დაკავშირებული ასეთი გრანდიოზული ტაძრის მშენებლობის ორგანიზებასთან, რაც წლები გაგრძელდა და რასაც უძღვებოდა ირაკლი ანდრიაძე. არ შემიძლია ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება არ გამოვხატო მის მიმართ.“

მხატვარი და მოქანდაკე გია ჯაფარიძე:

„ხაზი მინდა გავუსვა პროფესიონალთა გუნდს და ბატონი ირაკლი ანდრიაძის ღვაწლს, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცესს.  მან  დაადგა თავი ამ საქმეს საოცარი პატრიოტული დამოკიდებულებით, ორგანიზატორული ნიჭით, გამოცდილებით. მახსენდება ხანგრძლივი თათბირები, სამუშაო რეჟიმი. ისე მოხდა, რომ მე აღმოვჩნდი მისი უმცროსი მეგობარი, რაც ძალიან მეამაყება. რასაკვირველია არაფერი მოხდებოდა მისი უწმინდესის ღვაწლის გარეშე“

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილი:

„საბჭოს თავმჯდომარე იყო ირაკლი ანდრიაძე. მე არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ ვთქვა მასზე. მან შეძლო, რომ სამების ტაძრის მშენებლობა საათის მექანიზმივით ყოფილიყო აწყობილი. მას ვერავინ ვერ ცვლიდა, ერთადერთი კაცი, ვინც ირაკლი ანდრიაძის არყოფნის შემთხვევაში მის როლს ითავსებდა, იყო მისი მოადგილე არჩილ  ჯაფარიძე. მშენებლობის სისტემურად წარმართვაში ირაკლი ანდრიაძის დიდი წვლილია. ის სწორად მართავდა პროცესს და ვერ დაუკარგავს ვერავინ იმ როლს, რაც აქვს ამ ტაძრის მშენებლობაში.“

დავით იაკობიძე, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი:

„ირაკლის სისხლით,  მის  ძვლებზეა აშენებული ეს ტაძარი. ის, როგორც  ორგანიზატორული ნიჭით გამორჩეული ადამიანი,  იყო  ედუარდ შევარდნაძის "მარჯვენა ხელი. " ირაკლი ასევე  იყო პატრიარქის ნდობით აღჭურვილი ადამიანი, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა ამ  ორ ადამიანთან შეთანხმებით, ის აკავშირებდა სახელმწიფოს მეთაურს და მის უწმინდესობას  ერთმანეთთან.  თამამად შემიძლია ვთქვა, როგორც ნიკო ცხვედაძემ ააშენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე  ირაკლი ანდრიაძეა ის  ადამიანი,  ვინც ააშენა სამება. ამხელა მშენებლობის ორგანიზება, მუშებისთვის ხელფასების დარიგება, იმ დროში რკინა -ბეტონის, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალის  შოვნა, ჩამოტანა იოლი საქმე გგქონიათ?!  რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის ყველა შემომწირველს, მაგრამ  ამ ტაძრის შემოქმედები არიან მისი უწმინდესობა, ედუარდ შევარდნაძე, ირაკლი ანდრიაძე და რა თქმა უნდა ხალხი, ყველაფერის წყარო.“

ვაჟა ლორთქიფანიძე:

„ვფიქრობ, ბატონი ირაკლი ღმერთმა მართლაც გამოარჩია, რადგან სწორედ მას მიჰმადლა ხვედრი, ყოფილიყო მართლაცდა დიდებული და გრანდიოზული, თბილისში წმიდა სამების საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ორგანიზატორი. ამ უდიდესი ღვთიური და ეროვნული საქმის დასაწყისიდან მის გასრულებამდე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვითა და კურთხევით, ის იყო სამშენებლო პროცესის უშუალო ხელმძღვანელი და წარმართველი. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი მადლი არა მხოლოდ მას, არამედ მთელ მის დიდებულ ოჯახსა და შთამომავლობას შეეწევა…“

“აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, –  ასე შეაფასა მისი ღვაწლი, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ეს სიტყვები ყველაზე უკეთესად გამოხატავს იმ დიდ ღვაწლს, რაც ბ-მა ირაკლიმ გასწია თავისი ქვეყნის და დედა ეკლესიისთვის.

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way