USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ილია ჭავჭავაძის სააღდგომო წერილი
дата:  2600

“ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის – რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ”, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ – მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!

“არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა”, – ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს – ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.

ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ – რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.

აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.

არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღზდგაო”. – ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი – ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვებს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.

ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა… მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!

ივერია

ტფილისი, 4 აპრილი, 1887 წელი”

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати