USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, ახლახან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს პოზიტიური ნიშანია
თარიღი:  895

სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პოლონელმა ჟურნალისტმა იაკობ კარეიბამ ილჰამ ალიევს კითხა, ხედავს თუ არა რაიმე შანსს რეგიონული ინტეგრაციისათვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ერთგვარი ბენელუქსის მოდელის შექმნისათვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელის შექმნა სავსებით რეალისტურია და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დისკუსიის დროს ეს საკითხიც განიხილეს.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, რადგან ეს არის მიწოდების სანდო წყარო, ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი.

„არსებობს შანსი სამხრეთ კავკასიისათვის, რომ დავიწყოთ პროცესი, კონსულტაციებით მაინც. შეიძლება ჯერ ადრეა ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონსულტაციებით. და ვფიქრობ, პირველი კონსულტაციები გაიმართა საქართველოში, ახლახან ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს იქ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია.

ვფიქრობ, ამას ძალიან პრაქტიკული გავლენა შეუძლია ჰქონდეს ამ თანამშრომლობაზე. თუ მაგალითად შევხედავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ბოლო წლების, დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის ორი ქვეყანა ინტეგრირებული, როგორ ახორციელებს ორი ქვეყანა საერთო პროექტებს ურთიერთ სარგებლიანობისათვის და როგორ გახდა ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე. შეუძლია სომხეთს შეუერთდეს ამ უკვე არსებულ პროექტებს? დიახ, როცა ხელს მოვაწერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ბუნებრივია. რა წვლილი შეუძლია სომხეთს შეიტანოს ამ თანამშრომლობაში, ამ ეტაპზე ეს ღია კითხვაა, რადგან აქ არა მარტო უფლებებზეა საუბარი, არამედ მხარეებს აქვთ ვალდებულებებიც. საქართველოს და აზერბაიჯანს უკვე აქვთ დიდი კონტრიბუცია ამ მიმართულებით, ნავთობის მილსადენები, ბუნებრივი აირის მილსადენები, ტრანსპორტირება, სარკინიგზო გზები, ენერგო კაბელი, უსაფრთხოების საკითხები. სულ ახლახან, ბაქოში შედგა სამი ქვეყნის, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ეს უკვე ტრადიციული გახდა. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, არა მარტო თავდაცვის, არამედ სხვა სფეროებში, რომელიც მოიცავს ეკონომიკისა და ა.შ. საქართველოს მთავრობა სრულად იზიარებს ამ ხედვას, ჩვენ კვლავ არ გვაქვს ნათელი პოზიცია სომხეთის მხრიდან, თუ ვიგრძნობთ მათგან ამას, ჩვენ შეგვიძლია დაწყება. ისინი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის. რადგან ეს არის სანდო წყარო მიწოდებისა, ეს არის ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის