USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
«Bild» (გერმანია): „რუსების შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ?“ // „უკრაინასთან შედარებით, კრემლს შეიარაღებაში აშკარად უპირატესობა აქვს“
Date:  196

გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ?“ (ავტორი - ჯულიან რეპკე), რომელშიც განხილულია უკრაინისა და რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მდგომარეობა - მძიმე ტექნიკისა და დრონების წარმოების თვალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„რუსეთმა უკრაინაში უკვე 6 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას იარაღით მთელი დასავლეთი ამარაგებს, ვლადიმერ პუტინის არმია ძველებურად უპირატესობას ფლობს მძიმე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.

რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ბევრად წინ უსწრებს უკრაინის შესაძლებლობებს და განუწყვეტლად აგრძელებს თავისი სიმძლავრის გაფართოებას. ფრონტის ხაზზე სულ უფრო მეტ თანამედროვე რუსულ ტექნიკას ვხედავთ. ამიტომაც, იმის თქმა, რომ ასი დასავლური ტანკით ვლადიმერ პუტინის არმია შეჩერდება, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის შესაძლებლობებს სწორად და სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

უკრაინის ფრონტიდან ევროკავშირში ახალ-ახალი „ცუდი ამბები“ მოდის: რუსეთი უკრაინის არმიის შევიწროვებას აგრძელებს. მიუხედავად მძიმე ტექნიკის საგრძნობი დანაკარგებისა, კრემლის არმია, როგორც ჩანს, არ განიცდის შეიარაღებისა და მატერიალური რესურსების ნაკლებობას - არც აღმოსავლეთში და არც სამხრეთში.

რუსეთის ტელეარხები აჩვენებენ ვიდეოკადრებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ხდება თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორების БТР-82А-ების განთავსება დონეცკის ოლქში. დიდი ალბათობით, ისინი ახლახან არიან ქარხნის კონვეიერიდან გადმოსულები. 14-ბორბლიანი БТР-82А-ების სერიული წარმოება რუსეთში 2013 წლიდან დაიწყო

აშკარად ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა სრული სიმძლავრით არა მარტო ჯავშანტრანსპორტიორების გამოშვების საკითხში მუშაობს, არამედ Т-90М ტიპის თანამედროვე ტანკების აწყობის თვალსაზრისითაც. უკრაინული დრონები ხშირად ნადირობენ ესოდენ „ძვირადღირებულ სამიზნეზე“, თუმცა უშედეგოდ. Т-90М-ები რუსეთის ქარხნებში 2017 წლიდან მზადდება.

შეიძლება მტკიცედ ითქვას: ფრონტის ხაზზე ახალი რუსული ტექნიკის სულ უფრო ხშირად გამოჩენა იმას მოწმობს, რომ რუსული ეკონომიკა წარმატებით გადავიდა „სამხედრო რელსებზე“.

ომის დაწყებამდე, როგორც სტატისტიკა მოწმობს, რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა საერთო რაოდენობით 130 ერთეულ БТР-82А-ს უშვებდა და 60 ერთეულ Т-90М-ს. დღეს კი, ექსპერტების შეფასებით, მათი გამოშვება ორჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ რუსები აწყობენ აგრეთვე ტანკ-„ფრანკენშტეინებს“, ანუ ტანკ-მონსტრებს, რომლებიც ძველი და ახალი ტექნიკის ერთმანეთთან შედუღებული ნაწილებისაგან შედგება.

მაგრამ უკრაინელ სამხედროებს არამარტო რუსული ტანკები აშფოთებთ, არამედ დრონებიც: „რუსებს ოთხჯერ მეტი ე.წ. „კამიკაძე-დრონები“ აქვს, ვიდრე ჩვენ“, - ჩივის ჯარისკაცი, რომელმაც „ბილდთან“ საუბარში ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

თუ ერთი წლის წინათ რუსეთის არმიის განკარგულებაში საკმაოდ ბევრი საარტილერიო საბრძოლო მასალები (ჭურვები) იყო, ახლა მათ ნაცვლად (დაზოგვის მიზნით) ისინი პატარა და იაფფასიან უპილოტო მფრინავ აპარატებს იყენებენ, მეტსახელად „კამიკაძეებს“ (იაპონური გაგებით - „მსხვერპლადშეწირულებს“). და ეს მიუხედავად იმისა, რომ სწორედ უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყენეს პირველებმა მასიურად დრონები (განსაკუთრებით თურქული „ბაირაქტრები“), ქვემეხების ჭურვების დაზოგვის მიზნით.

„რუსეთი ჩვენგან ყოველდღიურად ბევრს სწავლობს“, - ამოიოხრა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა „ბილდის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს. მართლაცდა, უკრაინელების მიერ დრონების გამოყენების შემდეგ მხოლოდ ორიოდე თვე იყო გასული, რომ რუსულმა კომპანიებმაც დაიწყეს უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი წარმოება - ირანული და ჩინური ანალოგების საფუძველზე. გარდა ამისა, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ირანშიც იქნა შესყიდული. ამჟამად რუსული კომპანიები არმიას თვეში 5 ათასამდე დრონით ამარაგებენ. მართალია, უკრაინის მრეწველობაც აფართოებს უპილოტოების წარმოებას, მაგრამ რუსეთს ამ მხრივ ბევრად ჩამორჩება. ამიტომაც კიევი ძირითადად მაინც დასავლეთის შეწირულებებზე და შესყიდვებზეა დამოკიდებული.

ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ბევრად უწრებს უკრაინის ეკონომიკას და ომის მეორე წლის დასასრულს თავის უპირატესობას აჩვენებს. კიევის  არმია, დასავლური ტანკებისა და სხვა თანამედროვე ტექნიკის მიწოდების გარეშე, მოსკოვის არმიას სულ უფრო და უფრო ჩამორჩება.

ის, ვინც თვლის, რომ ასიოდე დასავლური ტანკის მიცემა საკმარისი იქნებოდა ვლადიმერ პუტინის არმიის შესაჩერებლად, რუსეთის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს“, -  ნათქვამია გერმანული გაზეთის „ბილდის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.bild.de/bild-plus/politik/ausland/politik-ausland/immer-mehr-neue-waffen-und-technik-unterschaetzen-wir-die-russen-86245824.bild.html

 

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way