USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Nikkei Asia» (იაპონია): „ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“
Date:  255

იაპონური ყოველკვირეული ინგლისურენოვანი ჟურნალი Nikkei Asia აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ (ავტორი  - ჰიროიუკი აკიტა), რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის დროს ბევრი სამხედრო-სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომლებმაც კრემლის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა., თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი გავლენის სფეროების გაფართოებისათვის მიმდინარე  გეოპოლიტიკურ  ომში მარცხდება, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ძალისხმევით ცდილობს, რომ მეზობელი ქვეყნები თავის მხარეზე გადაიბიროს „ჰიბრიდული ომების“ დახმარებით - კულისებსმიღმა მოქმედებებით, რომლებიც მიმართულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზებისაკენ, როგორც აშკარა და ღია, ასევე მალული ჩარევებით, კიბერშეტევების, აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა ძირგამომთხრელი მეთოდების ჩათვლით. ამ ტაქტიკისთ სარგებლობისას მოსკოვმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საქარტველოში.

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა და მისი სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ კრემლი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ეფექტურად აკონტროლებს. უკვე 15 წელია საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, მოსახლეობაში კი ანტირუსული განწყობები ისევ ძლიერია.  2022 წლის დეკემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველების დაახლოებით 80%-ს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურთ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელშიც კიევის მხარეზე [არაოფიციალურად, მოხალისეთა სახით] თითქმის 2 ათასამდე ქართველი მეომარი იბრძვის.

მაგრამ, როგორ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, საქართველოს მთავრობა მოსკოვთან მიმართებით, შესამჩნევად ლოიალური გახდა. რუსეთ-უკრაინის ომი სულ რაღაც ორიოდე დღის დაწყებული იყო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით კიევი გააღიზიანა - მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდებოდა - „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რადგან სანქციებით მოსახლეობა, ქართველი ხალხი დაზარალდებოდა“. ბევრმა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა პრორუსული პოზიცია დაიკავა: მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, რომელმაც დასავლეთის ხშირი კრიტიკა დაიწყო.

ბოლო დროს საქართველოს რუსეთის ორბიტისაკენ გადახვევის ტენდენცია აშკარად დაჩქარდა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი მოვლენები ხდება, რომელიც მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე მიუთითებს: ეს მჟღავნდება ისეთი კანონპროექტების მიღების მცდელობაში, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ კანონმდებლობას (ვთქვათ, კანონპროექტი „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ“). სწორედ ამის გამო თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე უამრავი თბილისელი გამოვიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და უკან გაიწვია. ირაკლი კობახიძემ კი აქციის მონაწილეები დასავლეთის მიერ მართულ პაიკებად შერაცხა.

საქართველოს მთავრობის მიდრეკილება მოსკოვისაკენ გამოიხატა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენით. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ საქართველო მტკიცედ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და ამიტომ გარკვეულ დათმობებზე წავიდა (განაახლა 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები და შემოიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის). თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ეთანხმება კრემლის მოქმედებას და  მას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს. ავიამიმოსვლის აღდგენამ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა გამოიწვია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვის ნაბიჯს დაეთანხმა.

უასაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა, რომლებიც 18-19 მაისს თბილისში იყვნენ შეკრებილნი (რონდელის სახელობის სტრატეგიული კვლევების ცენტრში), საქარტველოსში რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატეს. ზოგიერთმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომების საცდელ ლაბორატორია გახდა და საბოლოო ჯამში, შეიძლება რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ გადაიქცეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების რეალიზებისათვის „მათრახისა და თაფლაკვერის“ მეთოდით სარგებლობს.

 „თაფლაკვერში“ იგულისხმება მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური მოგება რუსეთთან განვითარებული ურთიერთობების შედეგად. მართლაცდა, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International-ის მონაცემებუთ, 2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაახლოებით 15 ათასი ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით. იმავე 2022 წელს საქართველოში რუსული პროდუქციის იმპორტის მოცულობა 79%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბევრმარუსმა მოქალაქემ თავისი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოიტანა, რათა თავი აერიდებინათ დასავლური სანქციებისა და არმიაში მობილიზებისაგან. „პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ ხელი შეუწყო უფრო მეტად რუსული ბიზნესი განვითარებას და რუსული კომპანიების წარმატებას“, - აღნიშნა უსაფრტხოების სფეროს ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების მისაღწევად „მათრახსაც“ იყენებს - სხვადასხვა ქვეყნებს შიშს უნერგავს, რომ თუ ისინი კრემლის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათაც უკრაინის მსგავსი ბედი ელოდებათ. კრემლს საქართველოში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, პირველ რიგში კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება ძირითადად რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა (მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც). ითვლება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან მტკიცე კავშირები აქვს შენარჩუნებული და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე უაღრესად დიდ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის აღიარებით, ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურად შეიძლება არ არის განწყობილი, მაგრამ იგი აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და ამიტომ არ სურს ვლადიმერ პუტინის სახით მტერი ჰყავდეს.

საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენა აჩვენებს, თუ რამდენად მოხერხებულად სარგებლობს კრემლი ადამიანური რესურსებით, საინფორმაციო პოლიტიკით და დაშინებით, რომ თბილისი თავის ქსელში გაახვიოს. ის რაც საქართველოში ხდება, შეიძლება სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც მოხდეს, მათ შორის მოლდოვაშიც.

წყარო: https://asia.nikkei.com/Spotlight/Comment/Vladimir-Putin-turns-Georgia-into-a-hybrid-warfare-test-ground

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way