USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Dikgazete» (თურქეთი): „იენს სტოლტენბერგმა რუსეთის გამარჯვება აღიარა“
Date:  408

თურქულ გამოცემა „დიკგაზეტეში“ (Dikgazete) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იენს სტოლტენბერგმა რუსეთის გამარჯვება აღიარა“ (ავტორი - ერხან ალტიპარმაკი).  

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ახლოვდება უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და ომის დაწყების მეორე წლისთავი. როგორც ცნობილია, მოსკოვის ძირითადი მოთხოვნა ის იყო, რომ ნატო  რუსეთის საზღვრებს არ უნდა მიახლოვებოდა, იმავდროულად კრემლი აცხადებდა, რომ იცავდა უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეების უფლებებს, რომელსაც კიევის რეჟიმი არღვევდა.

რა თქმა უნდა, ომის დაწყებისთანავე აშშ და ევროკავშირი მტრულად განეწყვნენ რუსეთის მიმართ და უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ - მაგალითად, თითქოსდა რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. მაგრამ მოსკოვმა თავისი სიმართლე დაამტკიცა და მსოფლიოს აჩვენა, რომ დასავლეთი ცრუობს.

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას იარაღით და ფინანსური რესურსებით ეხმარებიან და აცხადებენ, რომ მათი რეგულარული არმიის ჯარისკაცები ომში კიევის მხარეზე არ იბრძვიან. რუსეთმა გამოავლინა უცხოელი მოხალისე-ვოლონტერები (დაქირავებულები) და გაანადგურა. ვინც გადარჩა, ისინი უკრაინიდან გაიქცნენ.

ვლადიმერ პუტინმა თავიდან აიცილა რუსეთის შიდა კონფლიქტი და უზრუნველყო როგორც ქვეყნის, ასევე ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა.

რუსეთის არმიამ უკუაგდო დასავლეთის მიერ შეიარაღებული უკრაინის ჯარი, კიევის კონტრშეტევა ჩაიფუშა. უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეები ვერ გადალახა, ძალა გამოელია და შეჩერდა.

რუსი დიპლომატები აქტიურად იცავენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. მათი პროგნოზით, დასავლეთის ქვეყნებში, უპირველესად კი ევროკავშირში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზსები განვითარდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა: ევროპის ქვეყნებში კრიზისი ბობოქრობს - პოლიტიკური, ენერგეტიკული, სოციალური და ა.შ. კრიზისებმა მთავრობებსა და ამომრჩევლებს შორის ნდობა შეარყია, ამიტომაც რიგ ქვეყნებში არჩევნების შედეგად მთავრობები შეიცვალნენ.

დასავლეთს რესურსების დეფიციტი გაუჩნდა უკრაინის დასახმარებლად. ვაშინგტონმა არსებითად შეამცირა მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა. თავის მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობაც სასოწარკვეთილად მოუწოდებს ალიანსის წევრებს, რომ გააფართოვონ თავიანთი ძალისხმევა კიევისათვის იარაღისა და ფინანსების მიწოდებისათვის. გენმდივანი იენს სტოლტენბეგი პირდაპირ ამბობს: „თუ დასავლეთი იარაღის მიწოდებას არ გაზრდის, უკრაინაში სიტუაცია უფრო გაურესდება, ცუდი ამბების გასაგონად მომზადება მოგვიწევსო“. ეს ემოციური ნათქვამი არ არის - ნატოს გენმდივანს აქვს იმის რაციონალური მიზეზები, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს.

ამრიგად, აღიარებს რა იმას, რომ დასავლეთის მიზნები უკრაინაში ჩაიშალა და რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა პროცესების მართვა ვერც პოლიტიკურად და ვერც სამხედრო თვალსაზრისით, ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ომში გამარჯვებულად აცხადებს. იმიტომ, რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს. ნატო და აშშ სულ მალე რუსეთის მიერ კუთხეში მიმწყვდეულნი იქნებიან.

აშშ და ნატო დარწმუნდნენ, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. ახლა ვაშინგტონს და ბრიუსელს ომის გაჭიანურება სურთ რუსეთის დასასუსტებლად, მაგრამ ეს მათი ბოლო გაფართხალებაა. ნათქვამია - „სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე“.

აშშ და ნატო იმასაც კარგად ხედავენ, რომ უკრაინაში კრიზისი მწიფდება - მოსახლეობა სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას ამჟღავნებს მთავრობისა და პრეზიდენტის მიმართ. აშკარაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან არის დაქანცული. იგი ნერვიულობს. მან თავისი მეტოქე, ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საზღვარგარეთ არ გაუშვა - ვაითუ გამაკრიტიკოსო. უფრო მეტიც - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის სერიოზული განხეთქილება გაჩნდა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვოლოდიმირ ზელენსკი ავტორიტარიზმში ამხილა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ხშირად თავისი არასწორი მოქმედებით ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს არღვევს და საერთოდ, მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული.

კიევში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე პრეზიდენტის ცოლმა ელენა ზელენსკაიამ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ ქმარი პრეზიდენტის პოსტზე დარჩეს კიდევ ერთი ვადით.. ეს განცხადება შეგნებულად არის გაკეთებული. ელენა ზელენსკაიამ კარგად იცის, რომ უკრაინაში ბევრი პოლიტიკური პიროვნება და დაჯგუფება მომენტს ელოდება, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდეს და შური იძიოს. გასაგებია, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინაში შეიძლება შიდა კონფლიქტი დაიწყოს. ასეთ სავარაუდო სიტუაციაში, თუ შიდა კონფლიქტი მართლაც განვითარდება, სრულიად შესაძლებელია, რომ პრეზიდენტისა და მისი ცოლის ახალი მისამართი აშშ გახდეს.

სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი 2024 წლის შემდეგ კიევის რეჟიმი იძულებული გახდება რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. თუ ეს მართლაც ასე იქნება, მოსკოვი მოლაპარაკებაზე ძლიერი პოზიციებით წარსდგება. დიდი ალბათობით, კრემლი მოითხოვს, რომ უკრაინამ და დასავლეთმა ყირიმი და მის მიერ კონტროლირებული სხვა ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში აღიაროს, უკრაინა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

სავარაუდოდ, რუსეთი უკან არ დაიხევს და თავისი პირობების შესრულებას მოითხოვს. სწორედ ამ მიზეზით იენს სტოლტენბერგმა მთელ მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნა - მან ხომ კარგად იცის რუსეთის პირობები.

მოკლედ, ომი უკრაინაში [გაისად] მალე დასრულდება, რუსეთი თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, დასავლეთი კი - დამარცხებულად.

წყარო: https://www.dikgazete.com/yazi/stoltenberg-rusya-nin-zaferini-ilan-etti-6299.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way