USD 2.6753
EUR 2.8473
RUB 2.8348
Tbilisi
ციფრული ტრანსფორმაცია - ლევან ბოძაშვილის ღია წერილი პრემიერ მინისტრს
Date:  1049

თავიდანვე აღვნიშვნავ, რომ ამ წერილს არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური ქვეტექსტი. მისი მიზანი მხოლოდ ინფორმირება და რეკომენდაციის მოცემაა, რადგან დაგროვილი პრობლემები, კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა და გამოსავლის ძებნა არის უმთავრესი.

ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა. პანდემიის მართვის სწორი ხედვა, რომელიც საზოგადოებამ და მსოფლიომ ნახა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი, რადგან, როდესაც ქვეყანას არ აქვს აკუმულირებული ფინანსური რესურსი, არ მუშაობს რეალური ეკონომიკა და პრიორიტეტული სექტორები კოლაფსის ზღვარზეა, არ გვაქვს უფლება უბრალოდ დამკვირვებლის ან კრიტიკოსის როლში ვიყოთ.

ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა ეძებს არასტანდარტულ, თუმცა უკვე აპრობირებულ გზებს ეკონომიკის მოდიფიცირებისთვის. ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მთელი ეკონომიკური სექტორის დიჯიტალიზაციას, გაციფრულებას. ციფრული ეკონომიკა, მოგეხსენებათ, არ არის ციფრული მარკეტინგი, ან მხოლოდ ციფრული სერვისები და ა.შ. პირველ რიგში ის წარმოადგენს დამატებითი საინვესტიციო საშუალებების შექმნის, ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის, ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და ბიზნესისთვის კომფორტული ციფრული გარემოს შექმნას. მისი მიზანი ხარჯების შემცირების ეკოგარემოს შექმნა და ციფრულ გლობალურ ეკონომიკაში ადგილის დამკვირდებაა ქვეყნისათვის.

ამ ეტაპზე საქართველო ბოლო ადგილზეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ეკონომიკის კანონმდებლობით, ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბების დონითა და შესაბამისი ეკოსისტემის არ არსებობით. პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, შექმნა შესაბამისი უპერტფელო თუ პორტფელიანი სამინისტროები, ახდენს საინვესტიციო გარემოს ადაპტაციას მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გამოწვევებისადმი. არც ერთი მსგავსი ჩვენთან არ არის დანერგილი, ხოლო რაც არის, ის ქაოტური, არასისტემურია და რაც მთავარია, არ ემყარება ერთიან სახელმწიფოებრივ სტრატეგიას.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სწორი ხედვის, სწორი და ეფექტიანი სტრატეგიის განსაზღვრა. ასეთი სტრატეგია ქვეყანას არ აქვს. მაგალითად მოვიყვან ტექნოლოგიების სააგენტოს. იხარჯება უამრავი გრანტი, როგორც საბიუჯეტო, ისე მსოფლიო ბანკის საკრედიტო დახმარებებიდან (ამ უკანასკნელის წილი 3.6 მილიონი დოლარია ამ ეტაპზე) მხოლოდ ჯიტასთვის. ეს გრანტები თავისთავად მიედინება სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებაზე, რომელთაგან ზოგი კარგი ინოვატორია, თუმცა უმრავლესობა არაეფექტურია და მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტარტაპების უდიდესი ნაწილი როგორც წესი კოტრდება ან ვერ აღწევს მიზანს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად სწორია ასეთ დაფინანსებაზე კრედიტების ხარჯვა, ეს ხომ ორმაგი ზარალია ქვეყნისათვის? ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ინოვაცია ინოვაციისთვის ეროვნული მასშტაბით არაფერია, თუ ის არ ემსახურება ეკონომიკის გაჯანსაღებას და დოვლათის გაჩენას ქვეყანაში. მაგალითად თუ ავიღებთ რაიმე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, დავინახავთ, რომ მისით დაინტერესება მოხდება მხოლოდ საზღვარგარეთული ინვესტორებით, ხოლო მისი საბოლოო ფინანსური წილი ქვეყნის ეკონომიკაში იქნება მიზერული, რადგან ასეთ ინოვაციებს გადინების დიდი პოტენციალი აქვთ, ხოლო აქ, ჩვენთან ამ ინვესტიციის დატოვების მექანიზმი არ გვაქვს. ასეთ მექანიზმს კი მხოლოდ ციფრული ეკონომიკა ქმნის.

ამიტომაც, სტრატეგია, ხედვა და მიზნობრიობა ამ დაფინანსებების უნდა მდგომარეობდეს:

ა) ეროვნული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობაზე. მაგალითად, მცირე ეფექტის მქონე კრიპტოვალუტის ვაჭრობის ინოვაციური მექანიზმის დაფინანსება 650 000 ლარით, არის სრულიად უსარგებლო მთლიანობაში ბაზრისათვის, მითუმეტეს, რომ კრიპტოვაჭრობა საქართველოში რეგულირებული არ არის.

ბ) ციფრული ტრანსფორმაციის და ციფრული ეკონომიკის ჩამოყალებებაზე. ინოვაცია, რომელიც მხოლოდ საგარეო ბაზარზეა გათვლილი და აქ ვერ მოიკიდებს ფეხს, გამოდის, რომ ჩვენი დაფინანსებით სხვა ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობია.

გ) ხარჯვით ნაწილის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში, შემცირებისკენ. ეს არის ირიბი დაფინანსების წყარო ეკონომიკის, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მილიონობით თანხების დოტაცია უხდება სწორედ ამ ხარჯვითი ნაწილის დასაფინანსებლად.

დ) ციფრული ინვესტიციებისა და სააქციო მექანიზმების შექმნა. მაგალითისთვის, სხვადასხვა სექტორის ტოკენიზაცია იძლევა საშუალებას დამატებითი საინვესტიციო თანხების მოსაზიდად. მაგალითად, საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების საინვესტიციო ტოკენიზაცია რომ განხორციელდეს, ეს საშუალებას მისცემს პროგრამაში მონაწილე ყველა მოქალაქეს დივიდენდი მიიღოს ხვალვე და არა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. დიახ, იმისათვის, რომ აგრარული, ტურისტული თუ სხვა სამეწარმეო სექტორები განვითარდეს, უნდა მოხდეს მათი გლობალურ საინვესტიციო პაკეტებში გაწილება, და რაც მთავარია შიდა ინვესტიციების წასახალისებლად. რომ წარმოვიდგინოთ, რომ სასტუმროთა დიდი ნაწილი შიდა ბაზარზე იყოს ტოკენიზებული, ანუ მოქალაქეები იყვნენ ამ სექტორის მეწილეები, იქნებოდა თუ არა შიდა ტურიზმის ბუმი? რა თქმა უნდა, კი. სხვაგვარად, წარმოებას საექსპორტო ეფექტი ნაკლებად ექნება, ხოლო ქვეყანა დარჩება დონორული და საკრედიტო დახმარებების იმედად, რაც ადრე თუ გვიან კოლაფსს გამოიწვევს.

ციფრული ტრანსფორმაცია და შესაბამისი ეკოსისტემის შექმნა საშუალება იძლევა დამატებითი დონორული თუ პირდაპირი საინვესტიციო პაკეტების მოსაზიდად. იგი ქმნის მექანიზმს, როგორც გლობალური მარკეტინგისათვის, ასევე ხსნის წვდომას მოქმედი ბიზნესისათვის მეორად ბაზრებზე. ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების სავალდებულო წახალისება არსებითია ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ეტაპზე განსახორციელებლია შემდეგი:

1.ელ.კომერციისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ და დაკავშირებული კანონების მიღება, რაც დაგვიანდა ძალიან და როგორც ასოცირების კუთხით, ისე მთლიანობაში დიდ შეფერხებას იწვევს.

2.სპეციალური სტრატეგიის მიღება და შესაბამისი სამთავრობო ერთეულის შექმნა;

3.ტექნოლოგიური ინოვაციების სპეციალური პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელზეც განთავსდება ყველა ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მასზე წვდომა ექნება კერძო სექტორს. ხოლო მისი გამოყენება იქნება სავალდებულო. შესაბამისად, ყველა ქართული სტარტაპისა თუ ინოვატორისთვის ეს იქნება დამატებითი მექანიზმი საკუტარი ინოვაციების მარკეტინგული ეფექტის შესაქმნელად და დახარჯული საგრანტო თუ საკრედიტო თანხები არ იქნება წყალში გადაყრილი.

4.სპეციალიზირებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კოლეჯებისა და თუ არსებული უნივერსიტეტების წახალისება ადამიანური რესურსების განსავითარებლად ციფრული ეკონომიკისათვის.

ბუნებრივია, ეს წერილი ვერ იქნება ყოვლისმომცველი და სრულად ადექვატური რეცეპტი თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ მასში მოცემული რეკომენდაციები მინიმალური და საბაზისო აუცილებლობაა და განსახორციელებელია. მცდარია პოლიტიკა, როდესაც ველოდებით სხვათა მაგალითებს, ხოლო ჩვენ შემდგომ იძულებით მივსდევთ მათ, მითუმეტეს, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ უკვე მოახდინა ზემოაღნიშნულის განხორციელება.

ლევან ბოძაშვილი

ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი

ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარი

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way