USD 2.6543
EUR 3.0787
RUB 3.6482
Тбилиси
იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება ეგვიპტის სასამართლოს მიერ წმინდა ეკატერინეს მონასტერზე მოქმედი გადაწყვეტილების შესახებ
дата:  1200

„შეიწყალე ისინი, ვინც პატივს სცემს ჩემს ხსოვნას. “

 წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის ამ სიტყვებით იწყება იერუსალიმის საპატრირქოს განცხადება რომელიც 30 მაისს გავრცელდა და ეგვიპტის სასამართლოს მიერ სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერს ეხება.

  ,, იერუსალიმის საპატრიარქო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტის სასამართლოს მიერ სინას მთაზე მდებარე ჩვენი წმინდა ეკატერინეს მონასტრის მიმდებარე მიწების ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

 მონასტერი, სადაც ღმერთი მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში გამოეცხადა და სადაც ალექსანდრიის წმინდა ეკატერინეს რელიქვიები ინახება, უძველესი, უწყვეტად დასახლებული ქრისტიანული მონასტერია და ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი წმინდა ადგილი.

 იერუსალიმის საპატრიარქო ამტკიცებს საკუთარ საეკლესიო იურისდიქციას მონასტერზე,

 რადგან ის მტკიცედ ჩვენი მფარველობის ქვეშაა.

 ჩვენი წმინდა ვალდებულებაა, ვუზრუნველვყოთ ქრისტიანული ღვთისმსახურების გაგრძელება ამ წმინდა მიწაზე, როგორც ეს 17 საუკუნის განმავლობაში ხდებოდა.

 ჩვენ ვგმობთ ჩვენი საკულტო ადგილების ფიზიკური, ან იურისდიქციული სტატუსის ნებისმიერ ხელყოფას.

გარდა ამისა, იერუსალიმის საპატრიარქო მტკიცედ უჭერს მხარს უსაფრთხოდ და თავისუფლად ღვთისმსახურების უფლებას.

იგულისხმება ჩვენს ადგილებში მომლოცველთათვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა.

 ეს ღვთისმსახურების თავისუფლების საკითხია.

 წმინდა ეკატერინეს მონასტერს ათასწლეულების განმავლობაში სტუმრობდნენ და პატივს სცემდნენ მომლოცველები. 623 წელს წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (მშვიდობა მასზე) მიანიჭა დაცვის წერილი, ანუ აშტინამე - და იგივე კიდევ ერთხელ დაადასტურა სულთან სელიმ I-მა 1517 წელს - მონასტერი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობის  საძირკველია და იმედის

თავშესაფარი კონფლიქტით გაჟღენთილი მსოფლიოსთვის.

 ჩვენ მოვუწოდებთ ეგვიპტის ხელისუფლებას, დაიცვას ეს ყველაზე პატივსაცემი ტრადიცია და უზრუნველყოს თაყვანისცემის თავისუფლება და ჩვენს მონასტერში შესვლა.

 დაე, ჩვენმა მონასტერმა გააგრძელოს მშვიდობიანი ქრისტიანული მოწმობის, განათლებისა და კაცთმოყვარეობის ეს ტრადიცია.

 იერუსალიმის საპატრიარქო აღიარებს ეგვიპტის ხელისუფლების მიერ გუშინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებს, რომლებშიც დადასტურებულია ჩვენი მონასტრის სიწმინდე და მთლიანობა და მისი ნებისმიერი ხელყოფისგან თავის შეკავება.

  იერუსალიმის საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და საფუძვლიანად შეისწავლის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საჭიროების შემთხვევაში, საპატრიარქო დაგმობს და იმოქმედებს მონასტრის ნებისმიერ ხელყოფაზე, ან ამ წმინდა ადგილას წვდომის ხელყოფაზე." - ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати