რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, პუტინს საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს.
„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ეს არის საშინელება და უკრაინელი ხალხის ტანჯვას იწვევს, მაგრამ ეს, ასევე ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ომის ბუნებას, მის მიერ კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსული ძალები, დონბასის სრულად ასაღებად ემზადებიან.
„ახლა, ჩვენ, კიევისგან მოშორებით, რუსული ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას ვხედავთ იმისათვის, რომ გადაჯგუფდნენ, ხელახალი შეიარაღება მიიღონ, ხელახლა მომარაგდნენ და აქცენტი აღმოსავლეთზე გადაიტანონ. მომავალი კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ჩვენ, რუსეთის შემდგომ ბიძგს ველით, რათა შეეცადოს, აიღოს მთელი დონბასი და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდი შექმნას“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/