USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „ევროპელთა ნადირობა კრემლის ფულზე: სადაა რუსეთის ცენტრობანკის საგანძური?“
дата:  435

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპელთა ნადირობა კრემლის ფულზე: სადაა რუსეთის ცენტრობანკის საგანძური?“ (ავტორი - შტეფან ბეიტელსბახერი), რომელშიც განხილულია ევროპულ ბანკებში არსებული რუსული აქტივების ბედი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ბანკებში განთავსებული რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვის თაობაზე და იმედოვნებენ, რომ ამ ფულს უკრაინის ეკონომიკის ომისშემდგომ აღდგენაში დახარჯავენ. ასე თვლის, მაგალითად, ურსულა ფონ დელ ლაიენი. მის პოზიციას მხარს უჭერენ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ევროკავშირის ისტორიაში ასეთ გეგმას უპრეცედენტო ხასიათი აქვს, ასეთი რამ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან იშვიათად თუ ხდება. შეიძლება გავიხსენოთ ერაყთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა 2003 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დიქტატორ სადამ ჰუსეინის მთავრობის აქტივების კონფისკაცია განახორციელა.

მაგრამ როგორ არის საქმე რეალურად რუსეთის კუთვნილი აქტივების მიმართ?

ევროპის კავშირის ინიციატივის შესრულება დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, რუსული ფულს დასავლეთი ვერ დახარჯავს. საქმე იმაშია, რომ დღემდე არ არის გარკვეული, თუ ზუსტად სად, რომელ სახელმწიფოში და რომელი ბანკის ანგარიშზე არის განთავსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 300 მილიარდი ევროს ოდენობით. საკითხი ეხება არა სეიფებში დამალულ ოქროს ზოდებს, არამედ იმ აქტივებს, რომლებიც განაწილებულია მრავალ ანგარიშზე. სპეციალისტებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ამ ანგარიშებს მოსკოვთან კავშირი აქვთ, რაც ძალიან რთულია. როგორც ჩანს, ელვირა ნაბიულინას საგანძურზე ნადირობა ევროპაში უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ეს თავდაპირველად ეჩვენებოდათ ევროკავშირის ლიდერებს.

ევროკომისიას იმ ქვეყნების - ევროკავშირის წევრების - დასჯაც კი უნდოდა, რომლებიც თავიანთ ბანკებში რუსული აქტივების ადგილმდებარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ წარადგენდნენ, მაგრამ რადგანაც ათზე მეტმა ევროპულმა სახელმწიფომ წინააღმდეგობა გამოხატა, ინიციატივა ვერ განხორციელდა. თანაც ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ფულის პოვნას არ ეხება, რაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბრიუსელმა ფული რომც იპოვოს, წინ რთულად გადასაჭრელი საკითხი დგას: რამდენად შეუძლია ევროკავშირს ამ ფულის დახარჯვა უკრაინის აღსადგენად? დიახ, ამისათვის ევროკავშირის პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ იურიდიული დაბრკოლებები ისეთია, რომ მათი გადალახვა თითქმის შეუძლებელია.

ამ დღეებში „ველტს“ ხელში ჩაუვარდა გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკომისია მივიდა გამომაფხიზლებელ დასკვნამდე: გაყინული რეზერვების ხარჯვა არ შეიძლება - იმიტომ, რომ როცა ომის დასრულდება, თანხა რუსეთს უნდა დაუბრუნდეს.

თუმცა იმავდროულად ბრიუსელმა მაინც მოიფიქრა წესი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს რუსული ფულით გარკვეულწილად მაინც ისარგებლოს: თანხა ინვესტიციის სახით გამოიყენოს, მისგან მიღებული მოგება კი კიევს მისცეს ეკონომიკის აღსადგენად. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის გეგმა არ გაამართლებს და დაზარალდება, რაც არ უნდა გამოირიცხოს? გამოთვლების თანახმად, უარეს სიტუაციაში ევროკავშირი, სავარაუდოდ, 4 მილიარდიან ზიანს მიიღებს.

რაც შეეხება რუსი ოლიგარქების აქტივებს, აქაც სიტუაცია მარტივი არ არის: სიძნელეები ჩნდება უკვე მათი გაყინვის მცდელობის საკითხშიც. გასული წლის ოქტომბრამდე ევროკავშირმა 17 მილიარდი ევრო „დააპატიმრა“, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, ომის პირველ წლისთავზე,  3 მილიარდი. ანუ სანქციების მთელი ათი პაკეტის პირობებში ყადაღადადებულ ანგარიშებზე თანხის რაოდენობა მხოლოდ 21 მილიარდამდე გაიზარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ბელგიამ და ლუქსემბურგმა დიდი რაოდენობით ფული გაყინა, მაგრამ სხვებს ამ საკითხში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებიათ: მალტამ რუსების კუთვნილი მხოლოდ 222470 ევრო „შეაგროვა“, საბერძნეთმა - 212 201 ევრო. ევროკომისია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ოლიგარქები თავიანთ აქტივებს კარგად ინახავენ და ნიღბავენ: იახტები გაუმჭვირვალე სტრუქტურების მქონე კომპანიებზეა გაფორმებული, ვილები კი - შორეულ ნათესავებზე, რომლებიც სასანქციო სიებში არ არიან.

და თუ ევროკავშირის ორგანოები რუსი ოლიგარქების ფულს და აქტივებს მაინც იპოვიან და გაყინავენ, ბრიუსელს მათი კონფისკაციის უფლება არ აქვს. კონფისკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დადგენილია მათი მფლობელის კავშირი დანაშაულის ჩადენასთან. ევროკავშირი ვალდებულია ყველა ეს საკითხი ცივილიზებულად, სასამართლოს მეშვეობით გადაწყვიტოს, პროცესი კი შეიძლება წლები გაგრძელდეს. თანაც ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა  უკვე შეძლეს თავიანთი უფლების დამტკიცება სასამართლოებში, მაგალითად, „ფორმულა-1“-ის ავტომრბოლელმა ნიკიტა მაზეპინმა. გასულ წელს იტალიამ მისი აქტივები, 105 მილიონი ევროს ოდენობით, გაყინა, მაგრამ ორიოდე კვირის წინ ევროსასამართლომ სანქციები გააუქმა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა პირდაპირი კავშირების დადგენა ნიკიტა მაზეპინსა და კრემლის მეთაურ ვლადიმერ პუტინს შორის.

წყარო: https://www.welt.de/wirtschaft/plus244756304/Geld-fuer-Reconstruction-der-Ukraine-Europas-heikle-Jagd-auf-Russlands-Staatsschatz.html

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати