USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Lidové noviny» (ჩეხეთი): „როცა მეგობარი ტელეფონით გირეკავს: თუ დონალდ ტრამპი დათანხმდება იმას, რომ ომის დასრულების ერთადერთი საშუალება დახმარების შეწყვეტაა, მაშინ ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული იქნება“
თარიღი:  719

ჩეხეთის ავტორიტეტულ გაზეთ „ლიდოვე ნოვინეში“ (Lidové noviny) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როცა მეგობარი ტელეფონით გირეკავს: თუ დონალდ ტრამპი დათანხმდება იმას, რომ ომის დასრულების ერთადერთი საშუალება დახმარების შეწყვეტაა, მაშინ ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული იქნება“ (ავტორი - ზბინეკ პეტრაჩეკი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რაზე ისაუბრეს თითქმის ორი საათის განმავლობაში ტელეფონით დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა? ზუსტად თქმა არ შეიძლება - ასე ხდება ხშირად, როცა საქმე ლიდერების კონფიდენციალურ საუბარს ეხება, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი იქნებიან ქვეყნის მეთაურები, სამხედრო უწყებებისა თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები. ისეც ხდება ხოლმე, რომ მათი ლაპარაკის დეტალები გვიან მჟღავნდება. ხშირად ინფორმაცია ისეთი სახით მიეწოდება საზოგადოებას, როგორიც თვითონ ლიდერებს ან როგორიც საზოგადოებას სურს.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ყველაფერი სიმართლე არ არის, ან ერთი ლიდერის ინფორმაცია მეორესთან შედარებით გაზვიადებულია, მაინც არის ხოლმე რაღაც დეტალი აუტენტური საერთაშორისო მასმედიის ცნობებში. ვათქვათ, მაგალითად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა. ეს ფაქტი ყველგან არის აღნიშნული.

მაგრამ ყურადღება! რა ვუყოთ და როგორ აღვიქვათ, მაგალითად, ასეთი ფრაზა: „რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისათვის უცხოეთიდან სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ცნობების გადაცემის შეწყვეტას საკვანძო მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის დასრულებისათვის“. ამის შესახებ პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განაცხადა. ჩვენ არ ვიცით, ასე იყო თუ არა სინამდვილეში. ჩვენთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რა უპასუხა დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგის ნათქვამს, როგორი რეაქცია ჰქონდა. ეს მომენტი  საინტერესოა და მისგან რაღაც საფრთხის მსგავსიც იგრძნობა. ანუ მხოლოდ მოსკოვს შეუძლია პირობების დათქმა?

განა შეიძლება ზავზე ლაპარაკი მაშინ, როცა პლანეტის გავლენიანი პიროვნება (დონალდ ტრამპი) მხოლოდ ერთი მხარის (რუსეთის) პირობას აქცევს ყურადღებას? თანაც ისეთ პირობას, რომელიც მის (რუსეთის) გამარჯვებას უზრუნველყოფს? განა შეიძლება რომ პრეზიდენტი, რომელიც ტრაბახობს „გარიგების ოსტატობით“, უცებ დაეთანხმოს მსგავს პირობას? არა, მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც რუსეთს სურს. მე, უბრალოდ, ვარაუდებს გამოვთქვამ, სატელეფონო საუბრის შესახებ პირველი ინფორმაციების ფონზე.

მე ადრეც ვწერდი, რომ ჩემთვის მიუღებელია ის, რომ ხშირად პარალელები კეთდება ვლადიმერ პუტინსა და ადოლფ ჰიტლერს შორის. მე არ მომწონს სიტყვები, როგორებიცაა პუტლერი, რუ-SS-ეთი და რაღაც ამის მსგავსი. თუმცა, თუ კონფლიქტი რუსული მოთხოვნების საფუძველზე შეწყდება, თუ მთლიანად შეჩერდება კიევისათვის უცხოური დახმარება და ამაზე აშშ-ის პრეზიდენტი დათანხმდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი პრევალირებს, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგის რუსული ვარიანტი ხორციელდება.

რას ნიშნავს ამგვარი ახალი მსოფლიო წესრიგი? ეს ნიშნავს, რომ ვისაც თავს ვინმე დაესხმება, მას თავდაცვის უფლება არ აქვს. თავდასხმის მსხვერპლს დახმარების თხოვნის უფლება არ აქვს და თუ ვინმე დაეხმარება, ეს დანაშაული იქნება. მსხვერპლის მხარდამჭერებს კი საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს. ანუ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის ან უნგრეთის სარჩელით პოლონეთის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, დანიის, ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების ლიდერები სამართალში იქნებიან მიცემულნი. ყველაზე მაგარი მომენტი იქნება ბრალდებულთა სკამზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის გამოჩენა... თუმცა, რადგანაცჩვენ პროგრესულ დროში ვცხოვრობთ, ნიურნბერგისაგან განსხვავებით, არცერთს, ალბათ, სახრჩობელა არ დაემუქრება.

შეიძლება ვინმეს ჩემი მსჯელობა გაზვიადებული მოეჩვენოს, მაგრამ დღეს ისეთი ამბები ხდება, უარესსაც კი წარმოიდგენ. ეს იგივეა, ვინმეს 1942 წელს რომ ეთქვა - გერმანიის ვერმახტის ოპერაცია „ბარბაროსა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ საბჭოთა კავშირს უცხოური დახმარება (ვთქვათ, აშშ-ის მიერ „ლენდ-ლიზის“ ხაზით) შეუწყდებაო. გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი იქნებოდა მსხვერპლი ქვეყნის ლიდერის როლში (სტალინის ნაცვლად), ხოლო დონალდ ტრამპი - მისი დამხმარე ქვეყნის ლიდერის სახით (რუზველტის ნაცვლად). აი, ასეთი პარადოქსების მოწმენი შეიძლება გავხდეთ. 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის