USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«Lidové noviny» (ჩეხეთი): „ძველი კეთილი დრო“, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ“
თარიღი:  733

ჩეხეთის პოპულარულ მრავალტირაჟიან გაზეთში „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové noviny – „სახალხო გაზეთი“) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ძველი კეთილი დრო“, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ“ (ავტორი - მარეკ გუდემა). პუბლიკაციაში განხილულია სავარაუდო სიტუაცია, რომლის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გერმანია შეიძლება ისევ რუსულ გაზს დაუბრუნდეს. ისმება კითხვა: რამდენად მომგებიანია ეს ევროპისათვის?

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

გერმანიაში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპის ჯერ კიდევ ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ შეიძლება ისევ დაიწყოს რუსული გაზის მოხმარება და ამ მიზნით გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აუფეთქებელი მილი გამოიყენოს., რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეა ჩადებული რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. ამას ამბობენ არამარტო ულტრამემარჯვენე [პრორუსული] პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ბუნდესტაგში არჩეული დეპუტატები, არამედ მათი კოლეგები კონსერვატიული გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. ანუ საქმე ეხება ორი პარტიის პოლიტიკოსთა პოზიციას, რომლებიც, დიდი ალბათობით, ქვეყნის ახალ კოალიციურ მთავრობას შექმნიან.

მართალია, დეპუტატთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გაზსადენის გაშვება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებს დადების შემდეგ უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარი არ გააჩნია.

ბუნებრივი გაზის პლუსები

ერთი მხრივ, გერმანიისათვის - ისევე როგორც ევროპის ზოგიერთი ქვეყნისათვის, გაზსადენის ამოქმედება, მომგებიანი უნდა იყოს. რუსული იაფი ენერგომატარებლები (ამ შემთხვევაში - ბუნებრივი გაზი) უზრუნველყოფს ეკონომიკურ უპირატესობებს, პირველ რიგში მრეწველობისათვის, რომელიც ამჟამად ზარალდება იმით, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად, აშშ-ში, ენერგიაზე დანახარჯები ბევრად ნაკლებია. გერმანია ამჟამად სხვადასხვა წყაროებიდან ბუნებრივ გაზს საკმაოდ მაღალი ფასით ყიდულობს. შესაბამისად, ძვირი გაზისაგან თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტრონერგიაც ძვირია და თუ მრეწველობა ძვირი ელექტრონერგიით სარგებლობს, მაშინ ცხადია, გამოშვებული პროდუქციაც ძვირდება. ასეთი სიტუაცია ხელს უშლის გერმანიის საგარეო ვაჭრობას და ექსპორტს. იაფი გაზი, რასაკვირველია, გერმანულ პროდუქციას გააიაფებდა და საექსპორტო ლოკომოტივს ენერგიას შემატებდა.

იაფი რუსული გაზით სარგებლობდა ასევე შეამცირებდა ჰაერში ე.წ. „სათბურის გაზების“ (ნახშირორჟანგის) კონცენტრაციას, ანუ ერთგვარი ეფექტური საშუალება იქნებოდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. ბუნებრივი გაზი, რა თქმა უნდა, ბევრად სუფთაა ქვანახშირთან შედარებით, რომლის წვის შედგად გამოიყოფა არამარტო „სათბურის გაზი“, არამედ დიდი რაოდენობით ჭვარტლი (მტვერი) და რჩება ნაცარი. ბუნებრივ გაზს შეუძლია ენერგეტიკული კომპენსაციის როლი შეასრულოს, როცა ქარისა და მზის ელექტროსადგურები არ მუშაობენ.

პლუსებიდან - მინუსებში

მაგრამ მეორე მხრივ, გაუგებარია - რამდენად სასარგებლოა თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობა, როცა არავინ არ იცის - იაფი საექსპორტო საქონელი შეიძლება ისეთი ბაჟით დაიბეგროს, რომ ვაჭრობამ აზრი დაკარგოს, ან სხვა სავაჭრო ბარიერები იქნას გამოყენებული ერთი ქვეყნის მიერ მეორის წინააღმდეგ. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ ექსპორტის გაფართოების უპირატესობა შეიძლება სწრაფად გადაიქცეს წამგებიან და მოწყვლად საქმიანობად.

გარდა ამისა, ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, [1980-იანი წლების დასაწყისიდან] იაფი რუსული ენერგომატარებლებით სარგებლობამ გერმანიის მრეწველობის სტრუქტურები ერთ ადგილზე „გააქვავა“ - მიაჩვია გაზს და მათი განვითარება შენელდა, ყურადღება არ ექცეოდა მოდერნიზებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, თვით რუსეთში როგორი პირობებით მოიპოვებენ გაზს, როცა გარემოს დაცვის წესები უხეშად ირღვევა და უყურადღებოდ ტოვებენ მავნე ნივთიერებების ჰაერში გაბნევას, მაშინ გაზის ეკოლოგიური უპირატესობა საკმაოდ საეჭვო ხდება.

მაგრამ იაფი გაზით სარგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო არგუმენტი ის არის, რომ გერმანია და მასთან ერთად ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ეს სიმწარე ჩვენ უკვე გამოვიარეთ. რუსეთი თავის კლიენტებს უცერემონიოდ ეკიდება და გარდა ამისა, ენერგომატარებლების მიწოდებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

ის, რომ რუსეთი გაზის არასაიმედო მიმწოდებელია ევროპისათვის, სრულიად გასაგები გახდა 2009 წლის გაზის კრიზისით, როცა რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გამო გაზის მიწოდება ევროპაში თითქმის ორი კვირით შეწყდა. რა თქმა უნდა, მავანი იტყვის, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი“  უკრაინის ტერიტორიაზე არ გადის და მას გადაკეტვის მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო, მაგრამ მოდით, 2021-22 წლების გაზის კრიზისიც გავიხსენოთ, როცა რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის წინ, ევროპას თვითონ შეუწყვიტა ბუნებრივი გაზის მიწოდება იმავე „ჩრდილოეთის ნაკადით“.

პუტინი და ტრამპი გაზის ვენტილთან

2021 წელს, როცა რუსეთმა სხვადასხვა მიზეზებით, გაზის მიწოდება შეწყვიტა, ევროპა გაზის მწვავე უკმარისობის წინაშე დადგა: გაზსაცავები შევსებული არ იყო და ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. ეკონომიკური ანალიტიკოსები ათასგვარ ახსნა-განმარტებებს იძლეოდნენ, მაგრამ ისე მიკიბულ-მოკიბულად, რომ ადამიანი ვერაფერს გაიგებდა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ყველაფრის უკან რუსული კომპანიები იდგნენ, უპირატესად კი „გაზპრომი“, რომელმაც საბაზრო ეკონომიკის წესებიდან მკვეთრად გადაუხვია და კრემლის პოლიტიკური მითითებების შესრულება დაიწყო.

ასეთი მოქმედების მიზანი, რომელიც, ცხადია, არავის არ უღიარებია, აშკარად ნათელი იყო: რუსეთს სურდა, უკრაინაზე თავდასხმის წინ, ევროპისათვის ეჩვენებინა - რუსეთზე ხარ დამოკიდებული და გაითვალისწინეო. სხვათა შორის, ევროპის ძლიერი დამოკიდებულება რუსეთზე გაზით უზრუნველყოფის საკითხში ცივი ომის დროსაც იგრძნობოდა: იმ დროს აშშ-ის ხელისუფლება ევროპელებს საყვედურობდა - რუსული გაზის სიყვარულით თქვენ საკუთარი თავისა და ნატოს ძლიერებას ძირს უთხრითო.

რასაკვირველია, უაზრობაა საკუთარი შეიარაღების გაფართოება და არმიის გაძლიერება საბჭოთა ტანკების შეჩერების მიზნით იმ დროს, როცა შენივე ნებით სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობ და ამით ხაფანგში ექცევი - კრემლს ხომ შეეძლო გაზის ვენტილის გადაკეტვა და გერმანიის ეკონომიკის კრიზისში ჩაგდება? ან მოსახლეობის გაყინვა?

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ხომ ბევრს ვლაპარაკობთ რუსეთის აგრესიულობაზე, რუსულ საფრთხეზე, ვაცხადებთ შეიარაღების აუცილებლობას... ამ დროს კი ისევ რუსული გაზის ყიდვაზე ვფიქრობთ. ნუთუ ისევ გვინდა კრემლზე დამოკიდებული ვიყოთ? ამ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შეიძლება გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ აშშ-მა შეისყიდოს, სიტუაციას არ ცვლის.

მართალია, შეერთებული შტატები ჩვენთვის საფრთხის ისეთ წყაროს არ წარმოადგენს, როგორიც რუსეთია, მაგრამ ბოლო დროს ვაშინგტონი ევროპისათვის საკმაოდ არასაიმედო პარტნიორი გახდა, რომელსაც ჩვენი ინტერესები არ ადარდებს. თუ ევროპის მიმართულებით  გაზსადენების ვენტილებს ვლადიმერ პუტინთან ერთად დონალდ ტრამპიც გააკონტროლებს, ამით ევროპას სიკეთე არ მოემატება. უბრალოდ, ერთი კითხვის ნიშნის ნაცვლად ჩვენ ორს მივიღებთ, რაც პოზიტიურ მიღწევად ნამდვილად არ ჩაითვლება.

წყარო: https://www.lidovky.cz/nazory/rusky-plyn-nemecko-ukrajina-valka-prumysl-klima-donald-trump-vladimir-putin.A250331_165634_ln_nazory_lgs?zdroj=LN_top

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის