USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
იდეალური საქართველოს მაგია. რისთვის მიიღო ბერლინალეს პრიზი ალექსანდრე კობერიძის ახალმა ფილმმა
дата:  2380

წაიკითხეთ   ბიბისის რუსული რედაქციის ინტერვიუ  ბერლინალეს პრიზიორი ფილმის  ქართველ რეჟისორთან- ალექსანდრე კობერიძესთან.  ინტერვიუს უძღვება კულტურის საკითხების მიმომხილველი ალექსანდრე კანი.

"წლევანდელ ბერლინალეზე ქართველი რეჟისორის ალექსანდრე  კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის -ფიპრესის პრესტიჟული ჯილდო, თუმცაღა ჩემი, არცთუ მიუკერძოებელი აზრით, იმსახურებდა გაცილებით მეტს. ჟურნალმა  Filmmaker Magazine  ფილმს უწოდა „ფესტივალის დიდი აღმოჩენა“.  კობერიძის მაგიური რეალიზმი გვაძლევს შანსს  გავიხსენოთ საბჭოთა ეპოქის ქართული კინოს „ოქროს საუკუნე“ და იმავდროულად ვეზიაროთ სრულიად თვითმყოფადი ოსტატის ხელწერას.

ფილმის მთავარი გმირების უცაბედი შეხვედრა, როდესაც კადრში მხოლოდ მათ ფეხებს ვხედავთ, ამ რომანტიკული ფილმი-ზღაპრის ნატიფ ლირიკულ დასაწყისს წარმოადგენს.

                                                                 დაბრუნება ტრადიციებთან                        

როდესაც მიუკერძოებლობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ჩემი ისევე, როგორც 70-80-იანი წლების საბჭოთა ინტელიგენტების მთელი თაობის მგზნებარე სიყვარული ქართული კინემატოგრაფისადმი-ოთარ იოსელიანის, ძმები შენგელაიების, თენგიზ აბულაძის , ალექსანდრე რეხვიაშვილის  და თუნდაც  მოსკოვში გადასული, მაგრამ მშობლიური ფესვებზე მყარად მდგარი რეჟისორის გიორგი დანელიას  ფილმები ჩვენთვის იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძვირფასი,  ვიდრე ტარკოვსკის, ბერგმანის, ფელინისა და ანტონიონის  ნამუშევრები.

ეს ფილმები გამსჭვალული იყო პოეზიით, ლირიზმით, დახვეწილი იუმორითა  და სამშობლოსადმი და მშობლიური კულტურისადმი ისეთი სიყვარულით, რომელიც არ შეიძლებოდა არ გადასდებოდა მაყურებელს, იმასაც კი,  ვისაც არცერთხელ არ დაუდგამს ფეხი ქართულ მიწაზე.

ლონდონში 25 წლიანი ცხოვრების მანძილზე   შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს ქართულ კინოს, არ გამომიტოვებია არცერთი ფილმი, რომლებსაც უჩვენებდნენ ქართული კინოს ფესტივალებზე, რომლებიც აქ  დროდადრო იმართებოდა. ეს ფილმები, როგორც წესი, იყო ძალიან კარგად გაკეთებული, თანამედროვე ევროპული კინოს სტანდარტების დაცვით: ჭკვიანური, ზუსტი, მკაფიოდ განსაზღვრული სოციალური და პოლიტიკური აქცენტებით, მაგრამ მათ ში  გამქრალი  იყო ის რომანტიულ-ზღაპრული შეგრძნებები, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ქართული კინემატოგრაფი.

ბერლინის კინოაკადემიის 36 წლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კობერიძე ასაკის და  ჩრდილოეთ ევროპის მკაცრი კინოსკოლის სტაჟის გათვალისწინებით წესით უნდა შეერთებოდა  ამ ახალ, ხისტ, ძველი ლირიზმის უარმყოფელ და ევროპიულ რელსებზე გადასულ  კინოს.  ნაწილობრივ ეს ასეცაა, მაგრამ იმავდროულად იგი საკუთარ თავს პოეტური კინოს ნაწილად განიხილავს.

„მე გავიზარდე ამ ფილმებზე, ძალიან მიყვარს  და ხშირად ვუყურებ-ამბობს  რეჟისორი ბიბისის რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში- მე არ მინდოდა მათ წინააღმდეგ წასვლა,  მინდოდა მათში მეპოვა რესურსი, რომელიც დამეხმარებოდა  საკუთარი კინოს შექმნაში. ესაა საუკეთესო ნიადაგი, რომელზეც შეიძლება რაიმე ახალი აღმოაცენო“.

ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ თანამედროვე კინემატოგრაფიული ენით აცოცხლებს   დიადი ქართული კინოს ძველ, სახელოვან ტრადიციებს.

                                                                          ჰიმნი ქალაქს

ფილმის მთავარი გმირების ფარმაცევტ ლიზასა და ფეხბურთელ გიორგის  პირველი შეხვედრისას ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მათ ფეხებს.  ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან  გზაჯვარედინზე თავიანთ მშობლიურ ქუთაისში.ლიზას ხელიდან უვარდება წიგნი, გიორგი იღებს და აწვდის. არაფრისმთქმელი სიტყვების ერთმანეთში გაცვლის შემდეგ  ისინი თავ-თავიანთ  გზაზე მიდიან. მეორედაც ზუსტად იგივენაირად ხვდებიან ერთმანეთს.ისევ მხოლოდ  ფეხებს ვხედავთ და გვესმის გიორგის ხმა: “იქნებ შემთხვევას აღარ დავუცადოთ?“.  ისე, რომ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან,  პერსონაჟები თანხმდებიან შეხვედრაზე მეორე დღისთვის-იმავე ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში.

შეხვედრიდან მომდევნო დილას ფილმის მთავარი პერსონაჟი ლიზა (ანი ქარსელაძე) აღმოაჩენს, რომ გარეგნულად ძალიან შეცვლილია

 

მაგრამ  მოულოდნელი შეხვედრა ბოროტი ჯადოქრობის საბაბად იქცევა.  მეორე დილით ჩვენი გმირები ისეთი შეცვლილი გარეგნობით იღვიძებენ, რომ სარკეშიც კი ვერ ცნობენ საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა,  მაინც მიდიან დათქმულ ადგილას, გულდასმით ცდილობენ ამოიცნონ ერთმანეთი კაფის სტუმრებში, მაგრამ  ამაოდ-ვერ ცნობენ ერთმანეთს.

სასოწარკვეთილები ორივენი თავს ანებებენ სამუშაოს. ლიზა ტოვებს აფთიაქს, გიორგი თავს ანებებს ფეხბურთს და ორივე მათგანი  მუშაობას იწყებს კაფეში.-ლიზა ოფიციანტად, ხოლო გიორგი მომსვლელებს ართობს  მარტივი ატრაქციონებით.

ისინი ყოველდრე ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ მაგია მათ შორის  გამქრალია.

ფილმი სავსეა სინათლით, სითბოთი და ჰაერითაა სავსე

ფილმი სავსეა სინათლით, სითბოთი და ჰაერით

 

ამასობაში რეჟისორი გვძირავს ქალაქის მაგიაში. ეს ქალაქი ქუთაისია. მისი ქუჩები სავსეა ბავშვებით. ყველგან, ყოველ ეზოში  და ნებისმიერ თავისუფალ ადგილას თამაშობენ ფეხბურთს. ყოველ კაფეში ფეხბურთს უყურებენ ტელევიზორის ეკრანებზე. ჰორიზონტზე მოჩანს მთები. ქალაქს კვეთს მდინარე, რომელზეც გადებულია ხიდი. როგორც  სამხრეთს შეეფერება, ქალაქი გაჟღენთილია ჰაერით, სინათლითა და სითბოთი. მყუდრო ეზოები თავიანთი მშვიდი ცხოვრებით მცხოვრები, ურთიერთსიმპათიითა და კეთილგანწყობით გამსჭვალული ადამიანები-ეს თითოეული კადრი, თითოეული სცენა რეჟისორისა და ირანელი ოპერატორის -ფარაზ ფეშარაკის  მიერ გადაღებულია უჩვეულო  და მოწიწებული სიყვარულით.

ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სწორება აქვს დედაქალაქზე. მივეჩვიეთ, რომ ქართულ კინოში საქართველო- ეს არის თბილისი. ამ ფილმში კი სიყვარულის ჰიმნს აღუვლენენ არათუ ყველაზე ცნობილ და,  როგორც ჩანს, არცთუ ყველაზე ლამაზ ქართულ ქალაქს. შეიძლება ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ქუთაისი რეჟისორის  მშობლიური ქალაქია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ არის ასე.

ფეხბურთელი გიორგი (გიორგი ბოჭორიშვილი) რეჟისორის აუხდენელი ოცნების ანარეკლია

 

„ჩემი წინა ფილმი მე გადავიღე თბილისში-ამბობს ალექსანდრე კობერიძე-მას ვიღებდი დიდხანს, თითქმის ორი წელი. ვიღებდი ყველგან  ქალაქში. ვიღებდი ბევრს. რაღაც მომენტში გამიჩნდა  განცდა, რომ  დავიშრიტე,  ამოვწურე ჩემი კინემატოგრაფიული  შესაძლებლობები. შემდეგი ფილმის გადაღება გადავწყვიტე უკვე სხვა ქალაქში. დავწერე სცენარი ბათუმისთვის, რომელსაც მე გადავიღებდი ქუთაისისთვისაც.  ცოტა მეძნელებოდა კიდეც, რადგან  ქუთაისი  არ არის  ჩემი მშობლიური ქალაქი. მართალია, ჩემი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ მას  კარგად არ ვიცნობდი. მთელი წელი გავატარე ქუთაისში გადაღებების დაწყებამდე, შევეთვისე იქაურობას და ახლა მაქვს შეგრძნება, რომ  ყველაფერი მესმის, რაც იქ  ხდება და როგორც ხდება“.

                                                                   ფეხბურთი დროის მიღმა

ეთნოგრაფიულად როგორ ზუსტადაც არ უნდა იყოს ასახული ქალაქი და ქვეყანა, ფილმში პრაქტიკულად მინიმალური მინიშნებაც კი არაა დროზე, რომელშიც ცხოვრობენ და მოქმედებენ პერსონაჟები. ესაა რაღაც იდეალური საქართველო  ყველანაირი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებებისადმი მიღმური პეზაჟებით-მთებით, მდინარით, მყუდრო ქუჩებით.   მისი მუდმივად არომატული ხაჭაპურითა და ლამაზი ადამიანებით. მე გულდასმით შევცქეროდი ეკრანს და ვკითხულობდი დიალოგების სუბტიტრებს, რომ რამენაირად მაინც მომეხელთებინა ფილმის მოქმედების მიახლოებითი  დროითი ფორმატი-ეს იყო საბჭოთა ქუთაისი თუ უკვე დამოუკიდებელი თანამედროვე საქართველო. ამაოდ.

ერთადერთი, რაც რაც დროში ორიენტაციის მეტ-ნაკლებ შანსს გვაძლევს, ესაა ფეხბურთი. გიორგი არგენტინის ნაკრებისა და და მისი ფორვარდის მესის მხურვალე გულშემატკივარია, რომლის10 ნომრიანი  საფეხბურთო  მაისური  საპატიო ადგილს იკავებს კედელზე. თუმცა გიორგი გამონაკლისი არაა. ბურთის თამაშით გახვითქული ბიჭები ოფლისაგან სველ მაისურებზე  ერთმანეთს მოწიწებით აწერენ თავიანთი კუმირის სახელს-მესი.

ფეხბურთი- ფილმის ემოციური და ვიზუალური ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილი

 

ქალაქი გაფაციცებით ადევნებს თვალს  მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის ფინალში არგენტინის ნაკრები იმარჯვებს ანგარიშით 3:1, ხოლო მესს მატჩში გააქვს ორი გოლი და ქუთაისელების საყვარელი გუნდი ხდება მსოფლიო ჩემპიონი.  მე საგანგებოდ გადავამოწმე-არ ჩატარებულა ასეთი ფინალი. ერთადერთი თითქოსდა უდავო დროითი სანიშნი აღმოჩნდა ილუზია.

„დიახ, ჩვენთან ფილმში არგენტინა ხდება  მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო მესს  ფინალში გააქვს ორი გოლი.  ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ მომხდარა. ესაა ფანტაზია, ოცნების პროექცია, მაგრამ, შესაძლოა, მოხდეს. ხოლო თუ არ მოხდება, მოხდება ჩვენს ფილმში. ესაა ფანტაზიაც და იმედიც. მთავარია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს. ბევრი რამ,  რაც ამ ფილმშია, -მოვლენები, ხალხი, ურთიერთობა მათ შორის ისეა ნაჩვენები, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და არა ისე, როგორებიც ისინი არიან ან იყვნენ. ესაა რომანტიული წარმოდგენა დროზე, რომელიც გავიდა“

ფეხბურთი ფილმში იკავებს განსაკუთრებულ ადგილს, იგი ნაწილია იმ პოეტურ-ზღაპრული სამყაროსი, რომელშიც არსებობენ ეს ადამიანები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტორის ცხოვრებაშიც იგი  მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„დიახ, მე ვარ არშემდგარი ფეხბურთელი-გვიმხელს ალექსანდრე კობერიძე-სერიოზულად არასოდეს მითამაშია, მაგრამ ესაა აუხდენელი ოცნება, რომლის კომპენსირებასაც ვახდენ  კინოში. მეორეს მხრივ, რაღაც მომენტში  გასაგები გახდა, რომ ძალიან საინტერესოა  უყურო ადამიანებს, რომლებიც თამაშობენ ფეხბურთს. იქ ჩნდება  სხეულებრივი და გამომეტყველებითი ემოციები, რომელსაც სხვა მომენტში ვერ მოიხელთებ. ყოვლისშთანთქმელი, მაგრამ პოზიტიური ემოციები. იმიტომ, რომ ეს,  რაც არ უნდა იყოს, თამაშია. თამაში მთავრდება და ემოციებიც გადის. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს თამაშის ფენომენი-უნდა შეიშალო ჭკუიდან და ხუთი წუთის შემდეგ კი ყველაფერი დაივიწყო“.

                                                                                მუსიკა

 

ფილმში მუსიკა ისმის თითქმის განუწყვეტლივ - მკაფიო, ემოციური, გამომსახველობითი. ხშირად იგი დიალოგებსაც კი ფარავს-ვხედავთ მოსაუბრე ადამიანებს, მაგრამ არ გვესმის  რას ელაპარაკებიან ერთმანეთს.  ფილმის კომპოზიტორია რეჟისორის ძმა გიორგი კობერიძე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორმა და კომპოზიტორმა ხმა და გამოსახულება ისე შეუსაბამეს ერთმანეთს, რომ კადრი კადრს მიჰყვება, მელოდია მელოდიას. საგულისხმოა, რომ  მუსიკა,  თუ არ ჩავთვლით ერთ სიმღერას,- პრაქტიკულად დაცლილია  ნაციონალური კოლორიტისაგან, იმ ეროვნული ელფერისაგან, რასთანაც ასოცირდება საქართველო.

რამდენად    ჰქონდა მას გაცნობიერებული   შეგნებული განრიდება ტრადიციული ქართული მელოდიისაგან-ვეკითხები რეჟისორს.

„დიახ, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება-ამბობს ალექსანდრე კობერიძე-იქ არის ერთი ქართული სიმღერა. სცენარზე მუშაობის დროს უკვე ვიცოდი, რომ ამ სიმღერას ავიღებდით... მე, რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ  უნდა ვყოფილიყავი ფრთხილად, რომ არ ჩავვარდნილიყავი  ეგზოტიკაში, ფოლკლორში. მე და ჩემი ძმა შეთანხმებულად ვმუშაობდით.  მონტაჟისას არაერთხელ შევცვალე სცენები. ჩემი ძმა  მაწვდიდა მუსიკას და მუსიკის მიხედვით მე შემეძლო  განმესაზღვრა,  სად უნდა ჩამესვა. ხდებოდა პირიქითაც: მე ვთავაზობდი  მას სცენას და,  შესაბამისად, მუსიკაც იცვლებოდა. ჩემთვის ეს იყო  გადაღების პროცესის ყველაზე საინტერესო  მომენტი. ჩვენთვის ეს იყო პირველი გამოცდილება და ბევრი რამ გავიგეთ.  ითხოვ : „უფრო მხიარული“ ან „უფრო რომანტიული“ ან „მეტი სევდა“.  იცვლება მუსიკა და მასთან ერთად იცვლება ფილმი. მუსიკა ფილმისაგან განუყრელია“

 

                                                        „მინდოდა ადგილი დამეთმო სასწაულისთვის“

ფანტაზიით, ლირიზმით,  მუსიკითა  და მშობლიური ქვეყნისა და მისი კულტურის  ნაზი შეგრძნებებით  ნასაზრდოები  მთელი ეს ფილმი დაშენებული და  აწყობილია სიუჟეტშივე ჩადებულ ზღაპრისეულ  საწყისზე-ბოროტი ჯადოქრობით  განშორებლი გმირები  ეძებენ ერთმანეთს არა ზღაპრულ, არამედ  ცოცხალ,  რეალურ, ყოველდღიურ ყოფაში.

ერთადერთი ამოუხსნელი სასწაული თანამედროვე სამყაროში ეს ხელოვნებაა, მათ შორის კინო

 

ამ საბედისწერო ჯოჯოხეთისაგან თავის დახსნაში მათ ეხმარება კინო. ქალაქში გამოჩნდება გადამღები ჯგუფი. ლიზასა და გიორგის იწვევენ  შეყვარებული წყვილის როლებში სასინჯ  გადაღებებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარული გამქრალია ბოროტი  მაგიის ძალით, ისინი თანხმდებიან გადაღებაში მონაწილეობას და ხედავენ რა ერთმანეთს ეკრანზე, ხელოვნების მაგიური ძლევამოსილებით ხელახლა ცნობენ ერთმანეთს.

„როდესაც ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი კინოს გადაღება მინდოდა, -გვიხსნის თავის ჩანაფიქრს რეჟისორი,-მივხვდი, რომ მინდა გადავიღო ზღაპარი.  საფუძვლიანად გავეცანი  ზღაპრებს, ვცდილობდი გამეგო რა არის ზღაპარი, რა არის მათში ჩადებული. ამან ყველაფერმა განაპირობა ჩემი ფილმის სიუჟეტი.  მე მინდოდა ადგილი დამეთმო სასწაულისთვის. ჩვენ ვოცნებობთ ურთიერთობებზე, რომლებიც გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ  ჯერ არ გვაქვს.  სწორედ ასეა სასწაულთან დაკავშირებითაც. დღეს სასწაულისთვის ცოტა ადგილია: ყველაფერი ახსნადია  და ყველაფერი განიმარტება,  მაგრამ  გვინდა ფილმში ადგილი დავუთმოთ აუხსნელსაც. ხოლო ერთადერთი აუხსნელი სასწაული   დღევანდელ სამყაროში ,  ესაა ხელოვნება, მათ შორის კინო“.

ავტორი ალექსანდრე  კანი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати