ბრიტანულ გაზეთ Middle East Eye-ში („ახლოაღმოსავლური ხედვა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში? პუტინი ითხოვს, რომ ანკარაში ვიზიტის დროს მას ესკორტად რუსული ავიაგამანადგურებლები ახლდნენ“ (ავტორი - რაჰიფ სოილუ).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში ვიზიტი რამდენჯერმე გადადო. ოფიციალური პირები მიზეზად მრავალ გარემოებას ასახელებდნენ. ზოგიერთების თქმით, ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, თავს არიდებს ისეთ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებიც სსრკ-ის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, ან ახლა რუსეთის მხარდამჭერები არ არიან. უფრო ადრე ამბობდნენ იმასაც, რომ როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ისევ ვლადიმერ პუტინის ლიდერობა დადასტურდება, პრეზიდენტი ანკარას მაშინ ეწვევა და თურქ კოლეგას შეხვდებაო.
არჩევნებიც ჩატარდა, პუტინის პრეზიდენტობაც დადასტურდა, მაგრამ „ურემი ისევ იქ დგას“ - რუსეთის ლიდერი არა და არ ჩადის თურქეთში.
უჩვეულო პირობა: მხოლოდ სამხედრო ავიაესკორტით...
როგორც Middle East Eye-ს კრემლის ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომმა წყაროებმა შეატყობინეს, ვიზიტის მუდმივად გადადების ძირითად მიზეზად ის პირობები ითვლება, რომელთა საფუძველზეც ვლადიმერ პუტინი ანკარას უნდა ეწვიოს.
წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში რუსული ავიაგამანადგურებლების ესკორტით სურს ჩაფრენა: იმიტომ, რომ იგი შეშფოთებულია უკრაინის შესაძლებლობებით - კიევს საფრენ მარშრუტზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია.
მოსკოვის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტი რუსული ავიაგამანადგურებლების თანხლებით ჩაფრინდეს - მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაშვებით, საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს: ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო ერთიან სისტემას, რომელიც თურქეთსაც მოიცავს, შეუძლია რუსული სამხედრო თვითმფრინავები მტრულ სამიზნედ აღიქვას.
ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების მცოდნე ერთ-ერთი პიროვნების თქმით, საეჭვოა, რომ თურქეთმა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედება შეაჩეროს, კრემლის თხოვნის შესასრულებლად.
ბოლო სამუშაო შეხვედრაზე რუსი და თურქი ოფიციალური პირები ვლადიმერ პუტინის ვიზიტის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის პირველ კვირას ასახელებდნენ, მაგრამ რადგანაც მოსაგვარებელი დარჩა პრობლემა ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით, ვიზიტის რეალიზება ნაკლებად არის შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ სულ ბოლოს ვლადიმერ პუტინი თურქეთში 2014 წელს იმყოფებოდა.
რისი ეშინია ვლადიმერ პუტინს?
ორმა ყოფილმა თურქმა ელჩმა, რომლებიც ადრე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული დიპლომატიურ პროტოკოლთან უცხო სახელმწიფოების მეთაურთა ვიზიტების თაობაზე, Middle East Eye-ს უთხრეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ძალზე უჩვეულო იყო. „ანკარას თეორიულად შეუძლია „კეთილი ნების“ ჟესტის სახით ნება დართოს უცხო სახელმწიფოს მეთაურის ესკორტის თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე და დაშვებაზე, თუმცა მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ვიზიტს, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის ლიდერებს თავისი ქვეყნის ავიაგამანადგურებლების ესკორტით ჩამოსვლა სურდათ“, - აღნიშნეს ყოფილმა თურქმა დიპლომატებმა.
მესამე ელჩმა, რომელსაც Middle East Eye-მ კომენტარისთვის მიმართა, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით, არ არსებობს რაიმე სპეციალური პროტოკოლი, რომელიც მსგავს თხოვნას არეგულირებს, ამიტომ საკითხი განხილვის საგნად რჩება.
მაგრამ რუსეთის მოთხოვნა მხოლოდ ავიაგამანადგურებლებით არ შემოიფარგლება: რუსი ოფიციალური პირები ჩივიან, რომ სამი უდიდესი ზეთანამედროვე სასტუმრო ანკარაში - „ჰილტონი“, „შერატონი“ და „მარიოტი“ - აშშ-ის კომპანიებს ეკუთვნით, მოსკოვი კი ამერიკულ სასტუმროებს რუსეთის პრეზიდენტისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. დღის წესრიგში დგება საკითხი - უზრუნველყოფს თუ არა თურქეთის ხელისუფლება იმას, რომ ვლადიმერ პუტინს სამთავრობო სასტუმრო სახლი დაუთმოს? მსგავსი ფაქტი თურქეთის უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
ერთი შეხედვით, ღამისთევის საკითხი არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ვლადიმერ პუტინი ერთდღიანი ვიზიტით ჩაფრინდება თურქეთში, მაგრამ რადგანაც მოსკოვს და ანაკარას ბევრი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი და პირადი „ტეტ-ა-ტეტ“ მოლაპარაკება აუცილებელია, ვიზიტი ორდღიანი იქნება. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრ ქვეყანას წარმოადგენს, რუსი ოფიციალური პირები კი, ომიანობის დროს, პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე განსაკუთრებით ზრუნავენ.
მოსკოვი-ანკარა: აღმასვლები და დაღმასვლები
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ძირითადად სტაბილურია და ეკონომიკას - ენერგეტიკას, ვაჭრობას და ტურიზმს ემყარება, მათ პოლიტიკურ კავშირებში პერიოდულად აღმასვლებიც ხდება და დაღმასვლებიც.
რამდენიმე წლის წინათ მოსკოვ-ანკარის ურთიერთობა რუსი ელჩის მკვლელობამ და სირიის ამბებმა დაძაბა, როცა თურქეთის თვითმფრინავმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მორიგი კრიზისი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განვითარდა, როცა თურქეთმა კიევისათვის იარაღის მიწოდება დაიწყო, თან ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარა. მართალია, ამის მიუხედავად, მოსკოვ-ანკარის ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდებოდა, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა თურქეთიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა - ანკარა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია აშშ-ის გაფრთხილება-მუქარებისათვის... შესაბამისად, ორმხრივი ვაჭრობა გარკვეულად შემცირდა. და მაინც, ორივე მხარე აცხადებს, რომ აკუიას ატომური ელექტროსადგურის გარდა, გეგმებში აქვთ კიდევ ერთი აეს-ის მშენებლობა შავი ზღვის ნაპირზე, სინოპთან ახლოს, ასევე გაზის ჰაბის მოწყობა თურქეთის დასავლეთ ნაწილში.
წყარო: https://www.middleeasteye.net/news/putin-demands-russian-fighter-jet-escorts-visit-turkey
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.