USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
дата:  694

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „საქმიანი ეზო“ იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან და UNDP მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან ერთად გახსნა.

„ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული საკითხია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ შესაბამისი ტყის მართვის გეგმების შემუშავება, ინვენტარიზაცია, მოვლა-აღდგენის გაძლიერება და რა თქმა უნდა ტყის დაცვა, შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გაძლიერებით. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაშიც „საქმიანი ეზოების“ როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია, მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე წვდომას გაამარტივებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოწყობილია 39 „საქმიანი ეზო“. 2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის, იმამურა აკირას განცხადებით, საქართველოს ტყე ძვირფასი საგანძურია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისთვის, ისე ადამიანების კეთილდღეობისთვის; იაპონია მოხარულია, ტყის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და ამით ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „საქართველოს ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით, 4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი, აღიჭურვა. მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი, 30 ერთეული სპეციალური ცეცხლგამძლე ჩაფხუტი, 50 ერთეული რადიოგადამცემი (რაცია) და 3 კვადროციკლი გადაეცათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, რეგიონის სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცათ. დაახლოებით 43,000-მდე მაცხოვრებელმა, ყოველდღიური საჭიროებისთვის, მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღეს.

როგორც UNDP მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ტყის რეფორმას საქართველოში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати