USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
дата:  479

იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.

სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. გარდა ამისა, ადამიანები, სავარაუდოდ, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში გუშინ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати