USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
"იალტა-2", სადაც ვლადიმერ პუტინს სი ძინპინი ჩაანაცვლებს
дата:  526

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“’ (Le Figaro) აქვეყნებს ცნობილი პოლიტიკოსის, ყოფილი მინისტრის, ნატოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარის პიერ ლელუშის სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ - ჩინეთ-აშშ-ის შუამავლობა?“ // "იალტა-2", სადაც პუტინს სი ძინპინი ჩაანაცვლებს“, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პეკინური ვიზიტის ფონზე, რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაა მიმოხილული.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 15 თვის გასვლის შემდეგ, როცა უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, „სამშვიდობო ინიციატივები“ ზედიზედ, წვიმასავით წამოვიდა, რომელთა მიზანი ერთნაირია: გამოსვლა დიპლომატიური ჩიხიდან და მოლაპარაკების დაწყება. როგორც ცნობილია, შუამავლობის საქმეში ჩინეთმაც თავისი წვლილი შეიტანა და 12-პუნქტიანი „სამშვიდობო ინიციატივა“ წარადგინა. მას შემდეგ რამდენიმე ევროპელი ლიდერი, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი პეკინს ეწვივენენ... და, როგორც ჩანს, ახლა ვაშინგტონის რიგიც მოვიდა: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 19 ივნისს „ცისქვეშეთის“ დედაქალაქს ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთობა ბოლო თვეებში უკიდურესად გართულდა და მხარეებს თითქოსდა ერთმანეთთან დიალოგი არ სურდათ, ენტონი ბლინკენის ვიზიტი გვაჩვენებს, რომ ამერიკა მაინც ცდილობს ჩინეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას.

რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, მსოფლიოს ორი დიდი და განვითარებული სახელმწიფოს ურთიერთობის გაუმჯობესება ოპტიმიზმის განცდის შესაძლებლობას იძლევა: დრო არ ითმენს, მთელი მსოფლიო ელოდება უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს, რომლის კვალობაზე უნდა გაირკვეს - ან მოლაპარაკება, ან ჩიხი და ისევ სისხლისღვრა...

ამასთან, საყურადღებოა, რომ რის ექსპერტთა თქმით, უკრაინის კონტრშეტევა, დასავლეთის ოპერატიული დახმარებითაც კი, თავის საბოლოო შედეგებს ვერ მიაღწევს და მხოლოდ შეზღუდული მოცულობის მქონე ტერიტორიის დაბრუნებით იქნება შემოფარგლული. დასავლეთისა და უკრაინის ძალები არასაკმაირისია საბოლოო მიზნების მისაღწევად - რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ასე რომ, კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელი ხდება. და თუ ომი უსასრულოდ გაგრძელდება, ეს გამოიწვევს როგორც როგორც უკრაინის, ასევე ევროპის გამოფიტვასაც (ავტოკრატ ვლადიმერ პუტინს ეს ნაკლებად აღელვებს, თანაც რესურსები საკმარისი აქვს). ომის გაგრძელება ყველაზე ცუდი ამერიკისთვის იქნება,სადაც საპრეზიდენტო კამპანია, პრაქტიკულად უკვე დაიწყო. დონალდ ტრამპი, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობს, აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის პირველ რიგში, უკრაინის ომის შეწყვეტას შეეცდება.

მაგრამ როგორ? არის აზრი, რომ ამერიკა და ჩინეთი თავიანთ პროტეჟეებს - უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამენ. ვაშინგტონს შეუძლია საზეიმოდ გამოაცხადოს, რომ უკრაინულმა დემოკრატიამ რუსულ ბნელ ავტორიტარიზმზე გაიმარჯვა, რომ აშშ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ეკონომიკურ აღდგენაში, მაგრამ ამ დროს ტერიტორიულ დათმობებზე დაითანხმებს. და თან ეტყვის, რომ ეს მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა.

მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, რადგან ჩინეთი ასეთ კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან პეკინი ომის მიზეზად ნატოს გაფართოებასა და ამერიკას მიიჩნევს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ცისქვეშეთს“ ძალიან სურს მშვიდობისმყოფლის სტატუსი შეიძინოს ევრაზიის კონტინენტის როგორც აზიურ, ასევე ევროპულ ნაწილში. ამიტომ შესაძლოა პეკინის პოზიციამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სამხედრო-პოლიტიკური ძალების განლაგებაზე: არც ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც პირობა დადო რუსების უკრაინიდან გაძევებაზე და არც  ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ოკუპირებული მიწების დაბრუნებას არ აპირებს (იმედოვნებს, რომ დასავლეთი „დაიღლება“), დაზავებას არ აპირებენ. მაგრამ თუ კიევის კონტრშეტევა რეალური დამარცხებულისა და გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდება, მაშინ შუამავლების მოქმედების დროს დადგება. შეიძლება ევროკავშირიც გადახედავს თავისი უსაფრთხოების სისტემას.

ომის დასრულების შემდეგ მომავალი მსოფლიოს კონტურებიც გამოჩნდება: რუსეთი დასუსტებული და იზოლირებული იქნება , ჩინეთის ვასალის სახით. ევროპას, რომელმაც ისედაც დიდი ზარალი განიცადა, უკრაინის ეკონომიკის აღდგენის დაფინანსება მოუწევს.... ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება ისევ გაგრძელდება. გაჩნდება ახალი ჩინურ-ამერიკული ორპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც მრავალპოლუსიანს ქვეშ მოიქცევს.

ამრიგად, შეიძლება წარმოიქმნას თავისებური ახალი „იალტა“, მაგრამ ამჯერად ის ყირიმში არ იქნება და არც იმ მონაწილეებით, რომლებიც 58 წლის წინ იყვნენ - 1945 წლის თებერვალში მაო ძედუნი „დიდი სამეულის“ წევრი არ იყო. ამჯერად „იალტა-2“ წარმოდგენილი იქნება ერთი-ერთზე ჯო ბაიდენით და სი ძინპინით, მაგრამ ვლადიმერ პუტინის გარეშე.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: 2022 წლის 24 თებერვალს დაშვებული შეცდომით „კაგებეს“ ყოფილმა ოფიცერი ჩინეთს პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარა და ხელი შეუწყო „გლობალური სამხრეთის“ წარმოქმნას, რომელიც მას ხელიდან უსხლტება...

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/pierre-lellouche-apres-l-offensive-ukrainienne-vers-une-mediation-sino-americaine-20230618

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати