USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი მიმდინარეობს
дата:  3342
კულტურის მინისტრი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპს გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძეს, კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე გრიგალაშვილსა და მოქანდაკე გია ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპს. მინისტრმა მუზეუმის დირექტორთან, ნათია ადუაშვილთან, ერთად დაათვალიერა განახლებული საგამოფენო დარბაზი, შემდეგ კი შეხვდა სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს.
გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.
სამუშაოების მეორე ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია. მუზეუმში უკეთესი გარემოს შექმნისა და დამთვალიერებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების მიზნით, სამინისტროს მონაწილეობით, გაუმჯობესდება ახლანდელი სერვისები, დაინერგება მუზეუმის პატარა სტუმრებისთვის შესაფერისი მომსახურების ფორმები და თანამშრომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნებათ.
სამინისტროს სისტემაში დიდი ქართველი მოღვაწეების რამდენიმე სახლ-მუზეუმია, იმ ადამიანების, რომელთაც ქართული კულტურა და ენა შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შემოუნახეს.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, რომელიც 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე სახლ-მუზეუმი ასიათასობით ადამიანმა დაათვალიერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 976 დამთვალიერებელი ეწვია.
 
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати