პოლონეთმა და ისრაელმა ქვეყნებიდან საკუთარი ელჩები გამოიხმო. მიზეზი პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ ახალი კანონპროექტის მიღებაა, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებისთვის, წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადას აწესებს.
„დიდი იმედგაცრუება“, „სირცხვილი“, „ამორალური კანონი“, - ასე აფასებს ისრაელი ოფიციალური ვარშავის მიერ დაგეგმილ ცვლილებას.
„ეს არის არა ისტორიული დებატები ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობის შესახებ, არამედ - პოლონეთის მორალური ვალი მათ წინაშე, ვინც მისი მოქალაქე იყო და რომელთა ქონება გაძარცვეს ჰოლოკოსტის დროს და კომუნისტური რეჟიმის პირობებში”, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საკონმდებლო ცვლილება დააზიანებს ჰოლოკოსტისას გადარჩენილთა და მაშინ დაღუპულთა შთამომავლობის 90%-ს.
„ეს ამორალური კანონი სერიოზულად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე”, - წერია პოლონეთში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ვარშავაც. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები არანაირად არ ზღუდავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სამოქალაქო სარჩელის შეტანის შესაძლებლობას - განურჩევლად მოსარჩელის ეროვნებისა და წარმოშობისა.
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების მასობრივი გენოციდი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.