USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველო რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. გადაიტანს თუ არა ამას ქართული დემოკრატია?“
Date:  291

„საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია მთელ ევროპაში და დასავლეთში იზრდება, მაგრამ არასად არ გამოიხატება ეს მოვლენა ისე ნათლად და აქტიურად, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - საქართველოში“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 15 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. გადაიტანს თუ არა ამას ქართული დემოკრატია?“ (ავტორი - ნატალი ტოჩი).

პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონფრონტაცია რიგი „ანტიდემოკრატიული“ კანონების მიღების გამო, ყურადღება ეთმობა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტავიის საკითხებს, აგრეთვე ქართული პოლიტიკური სპექტრის მზადებას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი მოიხსნა. აპრილში თავისი ჰიპერბოლური გამოსვლის შემდეგ, საქართველოს არაოფიციალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტოტალური შეტევა დაიწყო ლიბერალურ დასავლეთზე, მმართველი პარტია აქტიურად ავრცელებს „შეთქმულების თეორიებს“ ე.წ. „ომის გლობალური პარტიის“ არსებობაზე, რომელსაც თურმე მასონები, ხალხის მტრები, მოღალატეები და უცხოეთის აგენტები ხელმძღვანელობენ.

საინტერესოა, რომ დასავლეთის კრიტიკის კვალობაზე, „ქართული ოცნება“ არ აცხადებს, რომ მას ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა სურს, პირიქით - ის ამაყობს იმით, რომ ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს საქართველო სწორ გზაზე დააბრუნოს: დაგმო როგორც მმართველი პარტიის მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები, ასევე ოპოზიციიური აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

თავდაპირველად, დასავლელი (ამერიკელ-ევროპელი) ლიდერების და  ორგანიზაციების კრიტიკა რბილი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბრიუსელი და ვაშინგტონის ხმა გამკაცრდა: გაიყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფინანსური დახმარებები (დაახლ. 3 მილიარდი ევროს მოცულობით) და სხვა. ამასთან, აუცილებელია ითქვას, რომ ოფიციალური თბილისის მიმართ მეტი სიმკაცრეა საჭირო, აუცილებელია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ამოქმედება. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და მისი ავტორიტარული პოლიტიკა გაგრძელდება, მაშინ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმიც უნდა გააუქმოს.

ოპოზიციამ კარგად იცის, რომ საშემოდგომო არჩევნები მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ქვეყნის სახელის აღდგენისათვის იბრძოლონ. როგორც ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი და ოპოზიციური მოღვაწე ამბობს, „მმართველმა პარტიამ ქვეყანა უკვე წააგო. ეს [არჩევნები] ჩვენს ბოლო შანსს წარმოადგენს ქვეყნის აღდგენის მიზნით“. ოპოზიციის ლიდერები ტაქტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთიანი საარჩევნო ალიანსის სექმნის მიზნით. მათ არ სურთ პარლამენტში არჩევის შანსის ხელიდან გაშვება, რადგან აცნობიერებენ: ეს იქნება საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის აღდგენის ბოლო მცდელობა.

მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ მათ აშკარად სჯობნის - კარგად აწყობილი პროპაგანდისტული მანქანით, ფინანსური ფონდების, პოლიციის და სხვა ორგანოების მეშვეობით. „ქართული ოცნება“ აგიტაციას ეწევა, რომ მისი პოლიტიკა მშვიდობის დაცვას ემსახურება. ხელისუფლების მტკიცებით, საქართველო რუსეთის ხაფანგში 2008 წელს მოხვდა იმდროინდელი რეჟიმის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო მოქმედების წყალობით, დღევანდელი მთავრობა კი მშვიდობის დამცველია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღევანდელი ოპოზიცია „ომის გლობალური პარტიის“ ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევა სურს.

ოპოზიციასაც აქვს თავისი სათქმელი: მათი მტკიცებით, ხელისუფლება ასეთი განცხადებებით მოსკოვთან თავისი კავშირების შენიღბვას ცდილობს. ოპოზიცია კავშირებს ამყარებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მოსახლეობას განუმარტავს, რომ მხოლოდ დასავლეთის წყალობით შეინარჩუნებს საქართველო დამოუკიდებლობას და თავს დააღწევს პოსტსაბჭოური ავტორიტარიზმის ჭაობს. გამოდიან რა პარლამენტში სახელისუფლებო პარტიის წევრთა უმრავლესობით მიღებული „პრორუსული“ კანონების წინააღმდეგ, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მობილიზების შესაძლებლობები, რათა საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდეს.

მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ არის. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“, ოპოზიციას კი - თავისი პრობლემებით სავსე დაბნეული და დანაწევრებული დასავლეთი. ის, რაც დასავლეთში ხდება (უთანხმოება და განხეთქილება), საქართველოში ზუსტად მეორდება. ქართველებმა იციან, რომ მათი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მათი მომავალი დასავლეთშია, მაგრამ როგორი იქნება პერსპექტივაში თვითონ დასავლეთი? როგორი იქნება ის - ღია, დემოკრატიული, კანონდამცველი თუ დახურული, ნაციონალისტური და სოციალურად კონსერვატიული? თუ დასავლეთი ისეთი იქნება, როგორსაც უნგრელი ვიქტორ ორბანი, ფრანგი მარინ ლე პენი, იტალიელი ჯორჯა მელონი და ნიდერლანდელი ჰერტ ვილდერსი წარმოადგენენ - ატლანტიკის აქეთ, ხოლო იქით - ამერიკელი დონალდ ტრამპი, მაშინ ბიძინა ივანიშვილს სრულიად აწყობს ასეთი დასავლეთი და პროდასავლურობა. ალბათ, ვლადიმერ პუტინიც ასე მოიქცეოდა.

ის, რაც პატარა საქართველოში ხდება, დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლის მიკროკოსმიურ (მინიატურულ) ასახვას წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში ქართველი დემოკრატები ტავიანთ დასავლელე პარტნიორებს მოუწოდებდნენ გაეცნობიერებინათ ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან პერმანენტულად მოდიოდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა დასავლეთს თვალი მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აეხილა, საქართველო, უკვე რუსეთისაკენ მზერა დაიწყო. ეს ისტორიის ტრაგიკულ განმეორებას ნიშნავს. პარადოქსულია, მაგრამ ეს ხდება ისეთ მომენტში, როცა თბილისი ევროკავშირის ერთი ნაბიჯით კიდევ მიუხლოვდა...

ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ლიბერალური დემოკრატიას შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ავტოკრატებს, ნაციონალისტებს და პოპულისტებს. ახალგაზრდა და მყიფე სტრუქტურების მქონე ქვეყნებში კი, რომლებიც რუსეთის წინაშე დგანან, დემოკრატიას დახმარება და გადარჩენა ჭირდება. თუ ასე არ მოხდება, საწინააღმდეგო შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება „აფეთქებით“ [არეულობით] დასრულდეს.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/article/2024/jul/15/georgia-russia-west-democracy-elections-eu

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way