USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „კრემლი რუსეთის წარსულს იხსენებს და უკრაინასთან ომის გაჭიანურებით იმუქრება: „თქვენც ისე დაგემართებათ, როგორც შვედეთს დაემართა პეტრე პირველისაგან“
თარიღი:  768

ბრიტანულ გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „კრემლი რუსეთის წარსულს იხსენებს და უკრაინასთან ომის გაჭიანურებით იმუქრება: „თქვენც ისე დაგემართებათ, როგორც  შვედეთს დაემართა პეტრე პირველისაგან“ (ავტორი - პეტერ საუერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

რუსეთის იმპერატორის პეტრე პირველის მიერ შვედეთის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი „ჩრდილოეთის ომი“ (1700-1721 წლებში) გაჭიანურებულ კონფლიქტს წარმოადგენდა, რომელმაც ურიცხვი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მას იშვიათად თუ იხსენებენ თანამედროვე დიპლომატიის კონტექტსში. და მაინც, ამის მიუხედავად, სტამბოლში გამართულ პირდაპირ მოლაპარაკებაზე (შუამავლების დაუსწრებლად) - პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, დახურული კარის მიღმა, სწორედ „ჩრდილოეთის ომი“ იქნა გახსენებული: კრემლის დელეგაციის მეთაურმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინელებს მიანიშნა - მოსკოვი მზადაა ბრძოლის ველზე იმდენ ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება.

ისევე როგორც 2022 წელს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის შემთხვევაში, რომელიც სწრაფ გამარჯვებას ელოდა, „ჩრდილოეთის დიდი ომიც“ მე-18 საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ განცდილი დამამაცირებელი დამარცხების გამო დაიწყო.  მეფის არმია ძალიან ცუდად იყო მომზადებული და მანევრირებაში გაწრთვნილი არ ყოფილა. პეტრე პირველს ყველა შანსი ჰქონდა უკან დაეხია, მაგრამ ამის ნაცვლად მან სანგრების გათხრა დაიწყო. იგი რეკრუტების სახით ათი ათასობით გლეხს იწვევდა არმიაში, დიდ ფულს ხარჯავდა განადგურებული პოლკების აღსადგენად და თავის „ვარსკვლავურ“ საათს ელოდა. პოლტავის ბრძოლაში გამარჯვება  შვედეთთან ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. 1718 წელს ერთ-ერთ ბრძოლის დროს დაიღუპა შვედეთის მეფე კარლ XII. ტახტზე ასულმა მისმა დამ ულრიკა ელეონორამ ომი გააგრძელა, მაგრამ იგი საბოლოოდ იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა, რომელიც 1721 წლის 30 აგვისტოს ქ. ნიშტადტში ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებით გაფორმდა. პეტრე I ტრიუმფატორი გახდა: რუსეთმა მიიღო ბალტიისპირეთის აღმოსავლეთი ნაწილი, თავისუფალი ნაოსნობის უფლება და სხვა მრავალი უპირატესობა.

„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ მზად ვართ ვიომოთ კიდევ ორი და სამი წელი - რამდენიც საჭირო იქნება. გაიხსენეთ, რომ ჩვენ შვედეთთან 21 წელი ვიბრძოდით და საბოლოოდ მაინც დავამარცხეთ. თქვენ რამდენი წლის ომისთვის ხართ მზად?“ - ჰკითხა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინის დელეგაციის წევრებს. სხვათა შორის, მოლაპარაკება გაიმართა სტამბოლის დოლმაბახჩეს სასახლეში - შვედეთის იმდროინდელი მოკავშირის - ოსმალეთის მმართველების დიდებულ რეზიდენციაში, ბოსფორის ევროპულ ნაპირზე მდებარეობს.

გასულ პარასკევს ვლადიმერ პუტინმა თავისი „მოლაპარაკე თავების“ მეშვეობით დასავლეთს სიგნალი მისცა - მისი მოთხოვნები უცვლელი რჩება 2022 წლიდან: კიევმა მოსკოვს ტერიორიები უნდა დაუთმოს, ანუ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ოლქები ადმინისტრაციულ საზღვრებში, მკვეთრად მცირდება უკრაინის შეიარაღებული ზალების რაოდენობა, კიევი გარანტიას აძლევს რუსეთს, რომ არ გახდება ნატოს წევრი და მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალები არ განლაგდება, ნებისმიერი, თუნდაც სამშვიდობო სტატუსით.

ამჟამინდელი კონფლიქტის ერთ-ერთი საფუძველს ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის ისტორიული მატიანის დამახინჯებული წაკითხვა და გაცნობიერება წარმოადგენს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვლადიმერ მედინსკი, „თვითგამოცხადებული ისტორიკოსი“ აგრძელებს ეშმაკური ანალოგებით სარგებლობას, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანა რომ გაამართლოს. ეს ხომ ერთადერთი მცდელობა არ არის იმისა, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმპერატორ პეტრე პირველის სახეს საკუთარ თავზე იზომავს

2022 წლის 9 ივნისს, როცა პრეზიდენტი რუსეთის მეფისადმი მიძღვნილ გამოფენას ათვალიერებდა, კრემლის ლიდერმა პარალელები გაატარა XVIII საუკუნის მოვლენებთან, მაგრამ უკვე უკრაინის ფრონტებთან მიმართებით: „პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომში 21 წლის განმავლობაში იბრძოდა შვედეთთან. ამბობენ, რომ რუსეთმა მოწინააღმდეგეს რაღაცეები წაართვაო. არაფერიც არ წაურთმევია! რუსეთმა თავისი დაიბრუნა!“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ისტორიული ექსპოზიციის ფონზე იდგა.

„დღეს ჩვენი წილი საქმე უნდა გავაკეთოთ - უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია და განვამტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი. მჯერა, რომ ჩვენი ტრადიციული საბაზო ფასეულობების საფუძველზე ჩვენ წინ მდგარ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ“, - დააბოლოვა რუსეთის პრეზიდენტმა.

დიდი ხნის განმავლობაში სასურველი სტამბოლის მოლაპარაკება ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში აბსოლუტური კრახით დამთავრდა. უკრაინის საკვანძო მოთხოვნა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეუსრულებელი დარჩა. ერთადერთი კონკრეტული მიღწევა ის იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით ათასი რუსი სამხედრო ტყვე ათას უკრაინელ სამხედრო ტყვეზე გაიცვლება.

რუსეთის გზავნილი უკრაინისათვის აშკარა რჩება: „ჩაგვბარდით ახლავე, თორემ უფრო მეტ ტერიტორიას წაგართმევთ. ჩვენ ისევ დავბრუნდებით“.

აღფრთოვანებულმა მარგარიტა სიმონიანმა, სახელმწიფო მედიაჰორდინგ „რაშა თუდეის“ შემქმნელმა და პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევი გააფრთხილა - „ან შეწყვეტთ სროლებს, ან რუსეთის ყირიმზე და ოთხ ოლქზე არ შეჩერდება - ცოტა ხანში კიდევ რვა ოლქს დავიკავებთ“, - დაწერა მან „იქს-ქსელში“.

ვლადიმერ პუტინის რწმენა ეფუძნება რუსეთის არმიის ნელ, მაგრამ სტაბილურ წარმატებებს ბრძოლის ველზე, ევროპის გაუბედავ მოქმედებას და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გადასვლას სამხედრო რელსებზე გაჭიანურებული ომის სამზადისში..

ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში წამყვანმა რუსმა ეკონომისტმა ვლადიმერ ინოზემცევმა გამოთვალა, რომ მოსკოვს მიმდინარე სამხედრო ხარჯების საკითხში რაიმე პრობლემა კიდევ 18-24 თვის განმავლობაში არ გაუჩნდება. „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ვლადიმერ პუტინის პრიორიტეტს წარმოადგენს... არმიის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ამოცანად რჩება, თანაც გაურკვეველი ვადით“, - წერს იგი პუბლიკაციაში.

ზოგიერთები, ალბათ, იტყვიან, რომ სამწლიანი სისხლისმღვრელი ომის განმავლობაში თურქეთში გამართული მოლაპარაკებები დიდ წარმატებას წარმოადგენსო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, რომ მოლაპარაკება 24 საათით გვიან დაიწყო, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო - მთელი ერთი დღის პოლიტიკური სპექტაკლებისა და გაურკვევლობების ფონზე. ერთადერთი კითხვა მხოლოდ ის იყო - დაიწყება თუ არა საერთოდ შეხვედრა? რუსეთის დელეგაციას, რომელიც სტამბოლში მოსკოვიდან ხუთშაბათს ჩავიდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუტაფორია“ უწოდა, თვითონ კი თავისი გუნდით ანკარაში იმყოფებოდა და სტამბოლში ჩასვლას აჭიანურებდა.

რეჯეფ ერდოღანტან სეხვედრის შემდეგ უკრაინის საელჩოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი დაღლილად გამოიყურებოდა. ჟურნალისტების თითოეული შეკითხვის შემდეგ იგი პაუზას აკეთებდა და დაყოვნებით პასუხობდა - როგორ ჩანს, ფრთხილობდა, რომ დონალდ ტრამპის მორიგი რისხვა არ გამოეწვია. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლით მან მაინც გაგზავნა სტამბოლში თავისი დელეგაცია თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად უთავსდებოდა აშშ-ის ცვალებად მოთხოვნებს, რათა ეჩენებინა, რომ უკრაინა მშვიდობისათვის მზად არის: „უკრაინა თავისი მზადყოფნის დემონსტრაციას ახდენს - ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვეთანხმებით ბევრ მოთხოვნას და კომპრომისებზე მივდივართ, მაგრამ თავის მხრივ, ამერიკამაც უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომელსაც ომის შეწყვეტა არ სურს“.

მაგრამ ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მონდომებას და ენერგიას ტყუილად ხარჯავს. მოლაპარაკების ფიასკო ჯერ კიდევ დასაწყისში გამოიკვეთა, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა - „სანამ პუტინს მე თვითონ არ შევხვდები და არ დაველაპარაკები, არაფერი შეიცვლებაო“.

იმის ნაცვლად, რომ მოსკოვისათვის საყვედური ეთქვა არსათანადო დონის დელეგაციის სტამბოლში გაგზავნის გამო, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსისადმი მიცემულ ინტერვიუში კრემლი შეაქო და ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობით წაიტრაბახა. მან ასევე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებას კრემლის ლიდერი „უხილავად“ მაინც ესწრებოდა, რადგან რუსეთის დელეგაცია მისი სახელით მოქმედებდა.

ამჟამად უკრაინას მხოლოდ ისღა რჩება, რომ „ხავსს მოეჭიდოს“ დონალდ ტრამპის მიერ აღთქმული „გრანდიოზული სანქციების“ იმედად - თუ კრემლი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე. მაგრამ ანალიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სანქციების გამოცხადება რუსეთს პოლიტიკურ კურსს ვერ შეაცვლევინებს, უკრაინას კი უახლოეს ხანებში გაუჭირდება და კიევს მეტი სამხედრო დახმარება დაჭირდება.

უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკების შემდეგ კიევში ფაქტიურად ხელცარიელი დაბრუნდა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული დარტყმა ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. „დახმარების მსურველთა კოალიციიდან“ ელოდებოდა, რომელშიც დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი და პოლონეთი შედიან.

გასული კვირის ბოლოს ოთხმა ევროპელმა ლიდერმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მხარში უდგანან, ვლადიმერ პუტინს ულტიმატუმი წაუყენეს: „ან დაუყონებლივ შეწყვეტ ცეცხლს, ან საშინელ სანქციებს გამოგიცხადებთ, დონალდ ტრამპიც მხარს დაგვიჭერსო“.

მაგრამ გავიდა ერთი კვირა და არც ცეცხლი არ შეწყვეტილა და არც სანქციები არ ჩანს. ევროპის ხელმძღვანელობა ტრადიციულ-ჩვეული ტონით პასუხობს, რომ ისინი „უახლოეს დროში საპასუხო მოქმედებებს შეათანხმებენ“ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რაც არ უნდა ათანხმონ, ფაქტი ფაქტად რჩება: მოლაპარაკება მათთვის კრახით დასრულდა. კრემლისათვის დასავლეთის ულტიმატუმი მხოლოდ ჰაერის რყევაა და მეტი არაფერი. დასავლეთის სურვილს - რუსეთმა მოლაპარაკება დაიწყოს და იმავდროულად ცეცხლიც შეწყვიტოსო, კრემლი უარით პასუხობს. ფრონტზე საომარი ოპერაციები აქტიურად გრძელდება, რუსეთი ურტყამს...

ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ მედინსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთი ისტორიული პარალელი გააკეთა: „ბევრს სჯერა, რომ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, შემდეგ კი სამშვიდობო მოლაპრაკება უნდა დაიწყოსო, მაგრამ როგორც ნაპოლეონი ამბობდა, „ომი და მოლაპარაკება ერთდროულად მიმდინარეობს“.

ისტორიკოსების მტკიცებით, ასეთი რამ ნაპოლეონ ბონაპარტს არ უთქვამს და ამიტომ, როგორც ჩანს, ციტატა გამოგონილია.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის