USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს"
Date:  

„დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებში ობიექტურ მღელვარებას იწვევს“, - წერს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) პოლიტიკური მიმომხილველი ნატალი ტოჩი სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს. ახლა შანსი უნდა გამოვიყენოთ და მისი პრეზიდენტობისათვის მოვემზადოთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპის წარმატებული წინსვლის კვალობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებში ნერვიულობა მატულობს - ვაითუ იგი ისევ დაბრუნდეს ოვალურ კაბინეტშიო. აშკარად ჩანს, რომ 2024 წლის ნოემბერში 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფინალი განმეორდება - „ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ“. შესაბამისად, ევროპისათვის აუცილებელია დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობისთვის მოემზადოს.

საერთოდ, წინა წლებშიც ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის განხეთქილებას იწვევდა, მაგალითად, ერაყში 2003 წელს დაწყებული ომი, როცა აშშ-სა და სხვა ნატოელ წევრებს შორის განხეთქილება უფრო ღრმა იყო - ომის წარმოების მომენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური განხეთქილება.

დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობა კი ევროპისათვის ტრამვირებად მოვლენას წარმოადგენდა სწორედ პოლიტიკური საფუძვლის გამო: იგი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპას ოჯახის წევრივით არ უყურებდა, ანუ არ ჰქონდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ოჯახის უფროსს უნდა ჰქონდეს ყოველი წევრის მიმართ - მფარველობდეს, ზრუნავდეს, ეხმარებოდეს... დონალდ ტრამპი აშკარად უფრო კარგად გრძნობდა თავს ისეთ ავტორიტარებთან, როგორებიცაა სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ვიდრე ევროპის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან.

დონალდ ტრამპის ანტიპათია ევროპის მიმართ არ შეცვლილა. მისი მმართველობის მეორე ვადაში ცუდი პოლიტიკური განწყობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება და დიდ პოლიტიკურ განხეთქილებას გამოიწვევს. თუ პირველი ვადით მისი პრეზიდენტობის პერიოდი შიდა არასტაბილურობით გამოირჩეოდა - ხშირი იყო საკადრო ცვლილებები, იმპიჩმენტის მოთხოვნები და მცდელობები, მეორე ვადაში დონალდ ტრამპის მმართველობა, სავარაუდოდ, უფრო თანმიმდევრული და უფრო გაბედული იქნება.

ამჯერად დონალდ ტრამპი მხოლოდ უსიამოვნო ტვიტების წერას არ დაიწყებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა. მას მრავალჯერ უთქვამს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს და თუ ვლადიმერ პუტინი შეატყობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მართლაც იმას აკეთებს, რასაც ამბობს, მაშინ კრემლი გათამამდება და ნატოსაც დაემუქრება.

დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა პრეზიდენტად ამერიკული დემოკრატიის დარღვევა იქნება, თანაც, ალბათ, ფატალურად. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპს ბევრი ბრალდება აქვს წარდგენილი, თუ იგი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება, სეტევას დაიწყებს აშშ-ის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველ ორგანოებზე, უპირველესად კი სასამართლოსა და პროკურატურის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპს შეუძლია 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მაკარტიზმი გაიმეოროს. იგი შეეცდება გაეროსა და სხვა საერტაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც.

მოკლედ, დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა ტრამპის პრეზიდენტობისათვის კარგად უნდა მოემზადოს, რათა თავიდან აიცილოს, ნაწილობრივ მაინც, არასასურველი მოვლენები.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2024/jan/29/donald-trump-europe-ukraine-vladimir-putin-far-right

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way