USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
Тбилиси
«The Guardian» : „ტრამპი, ნეთანიაჰუ და ჰამენეი - სამი გაჯავრებული მოხუცი, რომლებმაც შეიძლება ყველა დაგვღუპოს“
дата:  256

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 16 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი, ნეთანიაჰუ და ჰამენეი - სამი გაჯავრებული მოხუცი, რომლებმაც შეიძლება ყველა დაგვღუპოს“ (ავტორი - საიმონ ტისდალი). პუბლიკაციაში განხილულია ისრაელის, ირანის და აშშ-ის ლიდერების მოქმედება, რომელთა შედეგად ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის დაწყება გამოიწვია - ომისა, რომელსაც მსოფლიოსათვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ეს ომი გარდაუვალი არ იყო. ომი ისრაელის არჩევანია. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. როცა ისრაელის ბომბდამშენები ირანისაკენ გაფრინდნენ, დიპლომატიური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. საეჭვოა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სასურველი შედეგები მოუტანოს. პირიქით, შეიძლება ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი დააჩქაროს კიდეც. ამიტომ ისრაელმა და ირანმა - ორივემ უნდა შეწყვიტოს კონფლიქტი და რაც შეიძლება სწრაფად.

დღეს ვითარება სულ სხვაგვარია, ვიდრე გასულ წლებში იყო, როცა მხარეები ცალკეულ ვიწრო, წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდნენ ერთმანეთის მიმართ. სიტუაციამ სრულიად სხვა დონეს მიაღწია: არაფერი არ არის გამორიცხული. ორივე მხარეს მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან. ლიდერები სამიზნეები ხდებიან. რიტორიკა კონტროლიდან გამოდის. იმ პირობებში, როცა ისრაელი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, ხოლო ირანის რეჟიმი კედელთანაა მიყენებული, ახლო აღმოსავლეთი, ისე როგორც არასდროს, ახლოს დგას კატასტროფულ ხანძართან.

ვისაც ომის დაწყება სურს, მიზეზებს და საბაბს ყოველთვის მოძებნის. მსხვილ კონფლიქტებს ფესვები ხშირად საუკუნეების სიღრმეში აქვთ გადგმული. ეს ეხება ისრაელ-ირანულ ვენდეტასაც, რომლის ნიშნები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, ისლამური რევოლუციის დროს. ე.წ. „ჩრდილოვანი ომის“ ღია ომად გადაქცევის პროცესი განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში გამოიკვეთა, თუმცა დღემდე მაინც ხერხდებოდა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება.

იბადება კითხვა: ვინ არის პირველ რიგში დამნაშავე ამ მოულოდნელ და ანაზდეულ უპრეცედენტო აფეთქებაში?

პასუხი: სამი გაბოროტებული მოხუცი, რომელთა მოქმედება სერიოზულ ეჭვებს იწვევს მათ საღი აზროვნების, მოტივაციისა და ფსიქიური ჯანმრთელობის მიმართ.

75 წლის ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ირანთან „საქმის გარჩევას“, მაგრამ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ ომი აუცილებლად უნდა დაეწყო. დიახ, თეირანის რეჟიმი დღეს საკმაოდ დასუსტებულია მისი მოკავშირეების - „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ მარცხის გამო, მაგრამ ეს გარემოება არანაირად არ ამართლებს სუვერენულ ქვეყანაზე მოულოდნელ თავდასხმას. დიახ, გაეროს ბირთვული ინსპექტორები აცხადებენ, რომ ირანი ხელშეკრულების პირობებს არღვევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომისათვის მწვანე შუქია ანთებული.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მშვიდობიანი მართვა არ შეუძლია. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს ეხება. მან ვერ შეძლო თანამემამულეების დაცვა 2023 წლის ოქტომბრის ტერაქტის დროს, მაგრამ პასუხისმგებლობას როგორღაც  გადაურჩა. მან ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება - „ჰამასის“ ბოლომდე განადგურება და ყველა მძევალის დაბრუნება, სამაგიეროდ დახოცა 55 ათასი პალესტინელი ღაზას სექტორში. იგი შეიჭრა ლიბანში და სირიაში, ახლა კი ირანს შეუტია. შეჩერდება ოდესმე? იქნებ თურქეთსაც დაუწყოს ომი? გამორიცხული არაფერი არ არის.

ირანთან ომი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევანია. იგი ამ ფიქრით იღვიძებს და იძინებს. ამ მიზეზით ინარჩუნებს იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს, ამ მიზეზით რჩებიან ქვეყნის მთავრობაში მისი თანამზრახველები, რომელთა წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთს სანქციები აქვს გამოცხადებული, ამ მიზეზით არიდებენ ისინი თავს საპყრობილეში მოხვედრას. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ისრაელის რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა და ანტისემიტიზმი მთელ მსოფლიოში  გააძლიერა. იგი აცხადებს, რომ ისრაელი თავისი არსებობისთვის იბრძვისო, მაგრამ მას უფრო საკუთარი პოლიტიკური გადარჩენა ამოძრავებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალდებები აქვს წაყენებული ღაზას სექტორში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე. ის უნდა დაპატიმრდეს და დაისაჯოს, თორემ კიდევ რაიმე ახალი დანაშაულის ჩამდენი გახდება.

86 წლის აიათოლა ალი ჰამენეი, ირანის უმაღლესი ლიდერი, მეორე მთავარ დამნაშავეს წარმოადგენს. იგი ყუმში მრავალი წლის წინ უნდა დამარხულიყო. ალი ჰამენეი დგას ირანის რეპრესიული, კორუმპირებული და თეოკრატიული რეჟიმის სათავეში, რომელმაც კავშირი  ხალხთან და საზოგადოებასთან, რომლებსაც თითქოსდა  ემსახურება, დიდი ხნის წინ დაკარგა. ირანში ნებისმიერი არჩევნების შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული, მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში არიან, მასმედიაში მკაცრი ცენზურა მეფობს. ყველასათვის ცნობილია თეოკრატიული რეჟიმის სამხედრო არაკომპეტენტურობა, უყაირათობა და ეკონომიკური უუნარობა, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, რეჟიმის მოწინააღმდეგე ქალების სასტიკი დევნა, უფლებადამცველების დაპატიმრება, „ლგბტ“-ების მიმართ გამოჩენილი სიმკაცრე...

ისევე როგორც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, აიათოლა ალი ჰამენეისაც მხარს უჭერენ უკომპრომისო კონსერვატორები, რომლებიც რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან. სწორედ აიათოლა გამოსცემს ბრძანებებს. ალი ჰამენეის საეჭვო ჯიუტობამ, რომ ბირთვულ კვლევებს განგებ მიმართავს ვიწრო სამხედრო მიზნების მისაღწევად, საბოლოო ჯამში შანსი მისცა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოქმედებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰამენეი ავადმყოფი მოხუცია (როგორც ამბობენ), სწორედ იგი ითვლება იმის უპირველეს მიზეზად, თუ რატომ არ იტყვის უარს ირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე. ირანელი მოხუცი ლიდერის არსებობა ხელს უწყობს ისრაელის მოხუცის ლიდერის მოქმედებას. ალი ჰამენეის გარეშე ბენიამინ ნეთანიაჰუს იდეები ფანტაზია იქნება. ალი ჰამენეის ყოფნა ირანის ხელისუფლების სათავეში ძირს უთხრის ირანის სახელმწიფოებრიობას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელებს ხელისუფლების დამხობისა და თეოკრატიული რეჟიმისაგან გათავისუფლების მოწოდებით მიმართა. დიახ, ალბათ, ბევრ ირანელს სურს მთავრობის დამხობა, მაგრამ როცა ამას ისეთი საეჭვო წყარო მოუწოდებს, [როგორიც ისრაელის პრემიერია], შეიძლება პირიქით, საწინააღმდეგო ეფექტი მოიტანოს: ირანული საზოგადოება ხელისუფლების მხარდასაჭერად დაირაზმოს და არაბი ლიდერებიც თეირანის გვერდით დადგნენ.

ირანის მუქარები, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბაზებს შეუტევს და ორმუზის სრუტეს გადაკეტავს (თუ ისინი ისრაელს დაეხმარებიან), სრულმასშტაბიანი ომისა და გლობალური ენერგეტიკული შოკის რისკს ზრდის, რომელიც დასავლეთს დააზარალებს, რუსეთს კი შემოსავალს მოუტანს.

79 წლის დონალდ ტრამპი მესამე მოხუცია, რომლის სუსტი და მოყოყმანე პოზიციის შედეგს ეს ომი წარმოადგენს და რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ადრე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ უპირატესობას აძლევდა ირანთან ახალი ბირთვული გარიგების დადებას, მაგრამ სწორედ მან ჩაშალა იდიოტურად წინა გარიგება. იგი თვითონ კარგად ვერ გაერკვა არსებულ სიტუაციაში, მის მიერ დანიშნული მომლაპარაკებელები კი დილეტანტურად იქცეოდნენ და მუდმივად იცვლიდნენ პოზიციას. ნაწილობრივ ასე იმიტომ მოხდა, რომ დონალდ ტრამპი, ისევე როგორც პალესტინისა და უკრაინის მიმართ, ძალიან ნელა მოქმედებს, „ზარმაცობს“ და დეტალებში გარკვევა არ სურს. იგი აცხადებს, რომ „კარგი ალღო და ინსტინქტი“ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, „კარგი ალღო“ ხშირად არასწორი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგებს ხოლმე. ასეთი მომენტებით კარგად სარგებლონენ ისეთი პირები, როგორსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს და დონალდ ტრამპი მათი „ნანადირევი“ ხდება.

აშშ-ის პრეზიდენტის აშკარა არაკომპეტენტურობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ როცა გასულ კვირას ისრაელის ლიდერი აცხადებდა, ირანზე ტოტალური შეტევის დრო მოვიდაო, იგი მას დაეთანხმა. შესაბამისად, როცა დონალდ ტრამპი სიტყვას ამბობს ირანის შესახებ, იგი ადასტურებს თეირანის ეჭვებს, რომ აშშ და ისრაელი შეთანხმებულად მოქმედებენ.

სასწრაფო გაფრთხილება კირ სტარმერისა და ყველასათვის: ვინც ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს წარმოდგენა აქვს იმაზე, რასაც საერთაშორისო არენაზე აკეთებს, მან კარგად უნდა შეისწავლოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯები და გაიგოს - მიეყიდა თუ არა იგი ვლადიმერ პუტინს, იყენებს თუ არა ტარიფების მატებას იარაღად, არღვევს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ღაზაში ან აშინებს თუ არა მეზობლებს და მოკავშირეებს [ტერიტორიული ანექსიით]. ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ  ნათელი გახდება, რომ დონალდ ტრამპი [მსოფლიოსათვის] აბსოლუტურ საფრთხეს წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთისათვის უკეთესი იქნება, თუ ლონდონი ამ მომენტიდან მისგან თავს შორს დაიჭერს და შეეცდება აშშ-საგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

ამ გაბოროტებული მოხუცების გამო ჩვენ ყველა შეიძლება დავიღუპოთ.

Тбилиси
კალაძის განცხადებები 17 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

მისი თქმით, ახალი გვირაბის მიმდებარედ განხორციელდა უკუშევსების სამუშაოები და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვაკის რაიონში დავასრულეთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. როდესაც ახალ გვირაბს ვხსნიდით, აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, მოქალაქეებს მოუწოდა, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.

მისივე განმარტებით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.

„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგე ადგილები და დამუხტვა უფასოა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული - მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა - რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати