USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«The Statesman» (ინდოეთი): „უკრაინა განწირულია? // ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა“
Date:  419

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ „სთეითსმენში“ (The Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინა განწირულია? // ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა“. მასში გაანალიზებულია ამჟამად მიმდინარე ის საერთაშორისო მოვლენები, რომლებმაც უკრაინის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინონ (ან უკვე ახდენენ). გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს: რუსეთ-უკრაინის ომი თავის მეექვსასე დღეს უახლოვდება. ომისგან დაღლილობა არა მარტო დაპირისპირებულ მხარეებს ემჩნევათ, არამედ მთელ მსოფლიოსაც. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ყველგან ფასების ზრდა გამოიწვია როგორც სურსათზე და კვების პროდუქტებზე, ასევე ენერგოშემცველებზე, რითაც კვლავ დიდი დარტყმა განიცადა მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ, რომელმაც, როგორც იქნა, პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის აღდგენა დაიწყო. გასაკვირი არაა, რომ რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიოს საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თუმცა უკრაინა უფრო მეტად ზარალდება. ისეთი ერთგული მოკავშირეები, როგორიც პოლონეთია, „გემიდან გარბიან“, ხოლო სლოვაკეთი რუსეთის მხარეზე გადადის. ნატოსა და ევროკავშირის, რომლებიც ადრე უკრაინის მტკიცე მომხრეები იყვნენ, ახლა რუსეთის იაფი გაზის უარყოფის გამო გამოწვეულ ზარალს ითვლიან და ყოყმანი ეტყობათ. აშშ-ში, რომელიც უკრაინის მთავარი მოკავშირეა, იქაც კი მატულობს უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა უკრაინისადმი გადაჭარბებული დახმარების გამო. 2024 წლის არცევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებიც, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან (დონალდ ტრამპი, ვივეკ რავასვამი, რონ დესანტისი...), უკრაინის ბედის ანაბარად მიტოვებას გეგმავენ. რუსეთისათვის მომგებიანია, რომ ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსული არმია მეთოდურად ანგრევს უკრაინას - ქალაქებს, სოფლებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას. ქვეყნის ნახევარი ფაქტიურად უკვე ნანგრევებადაა ქცეული. უკრაინამ თითქმის 8 მილიონი მოქალაქე დაკარგა - ომში დაღუპულების და ლტოლვილების სახით. შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი მკვეთრად შემცირდა. რა თქმა უნდა, დაზრალდა რუსეთიც - ეკონომიკა რყევას განაგრძობს, მატულობს ინფლაცია. რასაკვირველია, ომში რუსებიც დიდი რაოდენობით იღუპებიან. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, სამობილიზაციო რესურსები მცირდება. რუსეთი ზარალდება საგარეო პოლიტიკაშიც - მოსკოვი იძულებულია შეურიგდეს თავისი ინტერესების შეზღუდვას კავკასიაში, სადაც თურქეთი და აზერბაიჯანი აქტიურდებიან. კრემლი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ჩინეთს და ბევრი რამ დაუთმოს, დახმარების მიღების იმადად. მაგრამ რუსეთი შორს არის დამარცხებიდან. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა, მტკიცედ გადადის საომარ რელსებზე. ეკონომიკა სწრაფად მილიტარიზდება. მოსკოვი საბრძოლო იარაღს ბევრად იაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთი, რომელიც იძულებულია უკრაინის მზარდი მადა დააკმაყოფილოს. კრემლმა, ევროპაში განცდილი დიპლომატიური მარცხისა და დასავლეთის ანტირუსული სანქციების კვალობაზე, თვალი აზიას აფრიკას და ლათინურ ამერიკას მიაპყრო და გლობალური სამხრეთის გადაბირება დაიწყო. ნაპოლეონმა და ჰიტლერმა საკუთარ გამოცდილებაზე გააცნობიერეს, რომ რუსეთი „კერკეტ კაკალს“ წარმოადგენს. უკრაინა იმედოვნებდა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დააჩოქებდა, მაგრამ დრო მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს. კიევისათვის სიტუაცია გაართულა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ: ამჟამად მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ისრაელსა და „ჰამასზეა“ გადართული. ისე ჩანს, რომ აშშ-ის გარდა, ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის დაინტერესებული სამხედრო ხარჯების ზრდით. ალიანსის წევრები იძულებულნი არიან ვაშინგტონს ანგარიში გაუწიონ, თორემ მათ ნებაზე რომ იყოს, ისინი უკრაინას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდნენ. დიდი ალბათობით, უკრაინის კონფლიქტი მალე ჩიხში შევა იმდენად, რამდენადაც უკრაინას მცდელობა გააძევოს რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან - ჯერ-ჯერობით წარუმატებელია. კონტრშეტევა ბუქსაობს და თავდაპირველი იმედები არ მრთლდება. რასაკვირველია, ომის შედეგების წინაწარ ზუსტად გამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ერთ-ერთის თანახმად, რუსეთი შეინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიას, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც კიევის ხელისუფლება აკონტროლებს, დასავლურ ბლოკში იქნება ინტეგრირებული (როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაყოფის დროს მოხდა), თუმცა ამ სცენარის რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა. მეორე სცენარი ეფუძნება რუსეთის სრული მარცხის ალბათობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ გათვალისწინებული არ არის. რუსეთი იოლად დასამარცხებელი ქვეყანა არ არის. მოსკოვი დღეს კიევზე უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, არაფერი რომ არ ვთქვათ მის ბირთვულ პოტენციალზე. მესამე სცენარი - უკრაინის ტერიტორიის გაყოფა ისე, როგორც ახლა კორეის ნახევარკუნძულია გაყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, ანუ ფაქტიურად ომის მდგომარეობა გრძელდება, თუმცა ორივე ქვეყანას თავისი მიზნები აქვს. მაგრამ სამივე სცენარის დროს მტკიცე მშვიდობა გარანტირებული მაინც არ არის. საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება საეჭვოა. შესაბამისად, გაგრძელდება დამიანტა მსხვერპლი და ზარალის მიყენება. სამწუხაროდ, კაცობრიობა, მრავალ სფეროში წარმატების მიღწევის მიუხედავად, დღემდე ვერ აცნობიერებს ომის ჭეშმარიტ ფასს და მის უსარგებლობას. „ყოველი წარმოებული ქვემეხი, ყოველი წყალში ჩაშვებული სამხედრო ხომალდი, ყოველი აწყობილი თვითმფრინავი და რაკეტა საბოლოო ჯამში რესურსების მოპარვას ნიშნავს მათთვის, ვინც მშიერია, ვინც შიშველია და სიცივისაგან იყინება. კაცობრიობა თავის რესურსებს, მეცნიერთა გენიას და საკუთარი ბავშვების იმედებს ომით აცამტვერებს. ასეთი ცხოვრება დაუშვებელია და არ შეიძლება“, - ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, 1953 წელს წარმოსთქვა და დღესაც აქტუალურია. წყარო: https://www.thestatesman.com/opinion/ukraine-doomed-1503230562.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way