USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Associated Press» : „მსოფლიო დაიღალა უკრაინის ომით, ახლა ყველას ყურადღება ღაზასკენაა მიპყრობილი. უკრაინელები შიშობენ, რომ ასეთი სიტუაცია მათთვის საზარალოა“
дата:  365

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ (Associated Press) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „მსოფლიო დაიღალა უკრაინის ომით, ახლა ყველას ყურადღება ღაზასკენაა მიპყრობილი. უკრაინელები შიშობენ, რომ ასეთი სიტუაცია მათთვის საზარალოა“ (ავტორი - ჰანა არხიროვა და ლორი ჰინანთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ნიდერლანდელმა მენეჯერმა, წარმოშობით უკრაინელმა ტიმოფეი პოსტიუკმა და მისმა მეგობრებმა შარშან, ომის დაწყებისას, უკრაინის დახმარების მიზნით, ონლაინ-კამპანია დაიწყეს, შენაწირი ფული მთელი მსოფლიოდან წამოვიდა. იმ თანხით კიევის არმიისათვის სხვადასხვა აუცილებელ მოწყობილობებს და ნივთებს ყიდულობდნენ.

მაგრამ რუსეთთან საომარი მოქმედებების გაგრძელების კვალობაზე ფულის შემომწირველ ადამიანებს თითქოსდა „დაღლილობა“ დაეტყოთ, თანხის ნაკადმა მოიკლო, მაგრამ შეწირვა მაინც სტაბილურად გრძელდებოდა. შემდეგ კი, როცა „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა და „იქს-ქსელი“ (ყოფილი „ტვიტერი“) ახლო აღმოსავლეთის ამბებით გაივსო, „ჩვენი პოსტები და თხოვნები ფულით დახმარების თაობაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შესახებ  საინფორმაციო ოკეანეში დაიკარგა“, - ამბობს ტიმოთე პოსტიუკი.

აშკარაა, რომ მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე არის გადართული, ანუ უკრაინით დაინტერესებამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს ტენდენცია ბევრი უკრაინელისათვის შემაშფოთებელია: ისინი შიშობენ, რომ გლობალურ დაღლილობასთან ერთად, უკრაინის დახმარების პროგრამებს ახლა კონკურენციას ღაზას სექტორის და ისრაელის მოსახლეობისათვის დახმარების პროგრამები გაუწევს, დასავლეთის დახმარების ძირითადი ნაკადი ისრაელისკენ იქნება მიმართული, რაც საბოლოო ჯამში უკრაინის არმიასა და რუსეთთან მის წინააღმდეგობას დაასუსტებს.

„რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ჩვენს ომზე, ის მით უფრო ნეკლებ დაინტერესებას იწვევს უცხოეთის მოსახლეობაში და პოლიიკურ წრეებში“, - ამბობს 21 წლის ივან მახურიაკი, რომელიც ლვოვში (დასავლეთ უკრაინაში) ცხოვრობს. ისევე როგორც ბევრი უკრაინელი, ისიც ამჩნევს, რომ მსოფლიომ უკრაინის ომისადმი ყურადღება აშკარად შეასუსტა, თანაც ბევრად უფრო ადრე, სანამ ისრაელისა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გაჩაღდებოდა.

ივან მახურიაკის აზრით, დაღლილობა იმიტომ გაჩნდა, რომ შარშანდელისაგან განსხვავებით, როცა კიევისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინის ჯარმა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, მიმდინარე წელს საომარი მოქმედებების დინამიკა დაბალია. კონტრშეტევა გაჭიანურდა, წარმატება ისეთი არ არის, როგორსაც დასავლური საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ელოდებოდა.

უკრაინის მასმედიისა და მმართველი პარტიის მიერ ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა, რასაც ზაფხულში დასავლური მასმედიაც აჰყვა, დღეს ფაქტიურად შეცერებულია. უკრაინის არმია დიდი ხანია ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. სამწუხაროდ, ეჭვი გაჩნდა დახმარების სრულად მიღების საკითხშიც, რადგან მთავარი სპონსორის - ამერიკელ პოლიტიკოსებში და ამერიკულ საზოგადოებაში ბატალიები მიმდინარეობს - გაგრძელდეს თუ არა უკრაინისადმი დახმარება ძველებური ტემპებით. ამჟამად აშშ-ის კონგრესის ყურადღების ფოკუსში ახლო აღმოსავლეთია მოქცეული.

უკრაინისადმი სოლიდარობის თვალსაზრისით უთანხმოებაა გაჩენილი ევროკავშირშიც, რომელიც აცხადებს, რომ არ შეუძლია რამდენიმე თვის წინ დაპირებული საბრძოლო მასალების მიწოდება. ადვილად შესამჩნევია, რომ ევროკავშირის ლიდერთა სამიტებზე ბოლო დროს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა დომინირებს.

მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ ისრაელისა და უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის (რაც 8 ნოემბერს კიევში მყოფმა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა პიტერ ბუტიჯიგმაც დაადასტურა - „ახლო აღმოსავლეთთან ერთად, ჩვენ კვლავ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უკრაინას და მას ერთგულებას ვუცხადებთ“), უკრაინელები მაინც შეშფოთებულები არიან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დასავლეთის დაღლილობა“ აღიარა და განაცხადა, რომ „ახლო აღმოსავლეთის კრიზისი რუსეთისათვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის მომგებიანია. იგი კმაყოფილია“.

მილიონობით უკრაინელისათვის მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ მათ წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი გაჭიანურდება და გაურკვეველია, როდის დასრულდება.

„როგორც დამთრგუნველად არ უნდა ჟღერდეს, მე საკუთარ თავს ვამზადებ იმისათვის, რომ ეს ომი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს  ზოია კრასოვსკაია, 34 წლის ლვოველი ქალბატონი, რომლის თქმით, მას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ რესურსებს სხვა კონფლიქტებისაკენ მიმართავენ. „ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანს ეუბნებიან - განუკურნებელი სენი გჭირს და ასეთ მდგომარეობაში უნდა იყო სიცოცხლის ბოლომდე“, - აღნიშნავს ზოია კრასოვსკაია.

2022 წლისაგან განსხვავებით, როცა უკრაინელების მორალური სულისკვეთება ბევრად მაღალი იყო, ყველანაირი სირთულეების მიუხედავად - როცა არც წყალი, არც ელექტროენერგია და არც სითბო არ იყო, ამ ზამთარს ისინი გულგატეხილები და იმედგაცრუებულნი ხვდებიან - კონტრშეტევაც შეჩერდა და დასავლური იარაღიც არასაკმარისია.

ტიმოთე პოსტიუკი, რომელიც ამჟამად ფონდს „გზა უკრაინისაკენ“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მისი გუნდი ელოდა, რომ შეწირულებები შემცირდებოდა, მაგრამ არა ამდენით და ასეთი არასასურველი დინამიკით. რაც ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაიწყო, ორჯერ მეტი დრო ჭირდება იმდენი თანხის შეგროვებას, რისთვისაც ადრე ორი კვირა იყო საჭირო, მაგალითად, საარმიო ავტომობილის ყიდვის მიზნით, რომელიც 8 ათასიდან 14 ათასამდე დოლარი ღირს.

ფონდმა თავისი არსებობის განმავლობაში თითქმის 147 ათასი დოლარი შეკრიბა, რომლითაც უკრაინის არმიის 13 ბრიგადას სატრანსპორტო საშუალებები იყიდუდეს, მათ შორის 15 პიკაპი, სამი ყველგანმავალი, სასწრაფო დახმარების მანქანები და დრონები.

უკრაინაში, გარკვეული პესიმიზმის მიუხედავად, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

ივან ბეზბუდნი, 26 წლის კიეველი, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი აქტების დოკუმენტირებით არის დაკავებული. მის საქმიანობაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისს არავითარი გავლენა არ მოუხდენია და იგი ფიქრობს, რომ უკრაინის მიმართ ინტერესის დაქვეითება დროებითია.

„როცა ისრაელისა და „ჰამასის“ ომისადმი ინტერესი შესუსტდება - და მე ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება - ჩვენს მიმართ გაძლიერდება“, - ამბობს იგი, - შეიძლება ისეთი მაღალი დონით არა, როგორც შარშან თებერვალში ან მარტში იყო, მაგრამ უფრო მეტი იქნება, ვიდრე დრეს არის“.

წყარო:

https://apnews.com/article/ukraine-russia-war-fatigue-gaza-hamas-israel-94b6351b05178078dddc027f188526b3

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати