USD 2.7858
EUR 2.9783
RUB 3.1057
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „ვინ დაკარგა უკრაინა?“
თარიღი:  185

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ვინ დაკარგა უკრაინა?“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაში დამნაშავე სწორედ ევროპის ქვეყნები არიან, მათ მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1950-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უმეტესად ერთი კითხვა ისმებოდა ყველაზე ხშირად: „ვინ დაკარგა ჩინეთი?“. ჩინელი კომუნისტების გამარჯვება ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და აშშ-ის მოკავშირე გომინდანის მთავრობის მძიმე მდგომარეობა იწვევდა ცხარე დისკუსიას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პრინციპები სახელმწიფო მმართველობისათვის - ბალანსი შეკავებისა და მოგერიებას შორის, ადამიანთა გულებისა და გონების მოპოვება თუ გამარჯვების მიღწევა იარაღის ძალით.

დღეს ჩვენ შეგვიძლია მსგავსი კითხვა დავსვათ: ვინ დაკარგა უკრაინა? რა თქმა უნდა, კიევსა და მოსკოვს შორის შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის, უკრაინის არმია აგრძელებს გმირულ და მამაცურ ბრძოლას, რაც საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აგრძელებს შეუნელებელ დიპლომატიურ ძალისხმევას და ცდილობს მიაღწიოს უცხოეთის ქვეყნების მაქსმიალურ მხარდაჭერას რუსეთის არმიის წინააღმდეგობაში.

მაგრამ ახლა უკრაინისათვის ავბედითმა ქარმა დაჰქროლა...

საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის  მოასწავებს, რომ უკრაინის ტერიტორია ვლადიმერ პუტინის სურვილისამებრ გაიყოფა და არ იქნება გათვალისწინებული უკრაინელი ხალხის ინტერესები. კიევი მოლაპარაკების პროცესიდან მოსკოვმა და ვაშინგტონმა არამარტო გარიცხეს, არამედ მასთან კონტაქტებს საერთოდ თავს არიდებენ. დონალდ ტრამპის გუნდის მოთხოვნა უკრაინისადმი, რომ ომის დროს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის წიაღისეული რესურსებთ ისარგებლოს, სუფთა კომერციულ და არა ურთიერთსასარგებლო ხასიათს ატარებს. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ უკრაინას ომის შეწყვეტა ბევრად ადრე შეეძლო ამ სამი წლის განმავლობაშიო და რომ მოსახლეობის ტანჯვაში მხოლოდ კიევია დამნაშავე, ანაზდეულ და გამაოგნებელ ბრალდებას წარმოადგენს.

ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპის ასეთი მოქმედების გამო, სრულიად ბუნებრივ აღშფოთებას გამოხატავენ. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კოლექტიური ევროპული წვლილი, რომელიც უკრაინის დასახმარებლადაა შეტანილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკულთან შედარებით. მათ, ცხადია, ეშინიათ, რომ თუ კონფლიქტი ისე არ დარეგულირდება, როგორც კიევს და ბრიუსელს სურს, ვლადიმერ პუტინთან პირველ რიგში სწორედ ისინი წააგებენ - მათი ქვეყნები რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ.

ეს შიშები არ შეიძლება შევაფასოთ როგორც უმიზეზო და უგუნური. თუ ომის შეწყვეტის მიზნით მიღწეული გარიგების შედეგად ვლადიმერ პუტინი თავისი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ეს კრემლს დამატებით ძალას მოჰგვრის. სხვა ქვეყნები, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება დადგნენ პერსპექტიული დესტაბილიზაციის, ან, უარეს შემთხვევაში - თავდასხმის საფრთხის წინაშე. პუტინი არ მალავს, რომ მისი აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლა, კომუნიზმის დაისის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ეპოქალურ ტრაგედიას წარმოადგენდა. ასეთი გარემოებების დროს განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბალტიისპირა სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა ტერიტორიის ნაწილნი იყვნენ, ახლა კი ნატოს ერთგული წევრები არიან. ჯერ-ჯერობით, სანამ რუსეთი თავის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს, კრემლს არ შეუძლია ყურადღება სხვა ქვეყნებსაც მიაქციოს, მაგრამ როცა საომარი მოქმედებები დასრულდება და რუსეთის არმია სულს მოითქვამს, ძალებს მოიკრებს, მოსკოვი აუცილებლად მიმართავს თავის მტაცებლურ მზერას სხვა მეზობლებისკენაც.

ევროპელი ლიდერებს შეუძლიათ რამდენიც სურთ, იმდენი ეშინოდეთ იმ მოტივებისა, რომლებიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს აქვთ. მაგრამ იგივე ევროპელი ლიდერები ვერსად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმის გამო, თუ რა სიტუაციაშიც ჩავარდნენ. ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპა და ამერიკა უკრაინას 2022 წლიდან უწევდნენ, კიევს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არასაკმარისი იყო უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ჭიდილში. ევროპული ქვეყნები დაყოვნებით და არააქტიურად აწვდიდნენ უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალებს და რეაქტიულ არტილერიას (რაკეტებს). ანუ გამოდის, რომ მათ უკრაინის გამარჯვება სურდათ, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად კიევს იარაღის მიწოდების გარანტიას არ აძლევდნენ.

ასეთი სიტუაცია, როცა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში ერთობლივი მიზანმიმართულობა არ არსებობდა, ჯერ კიდევ 2022 წლამდე, ანუ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. ვლადიმერ პუტინს შერჩა ყირიმის ანექსია 2014 წელს (ევროპას ხმაც კი არ ამოუღია). მოსკოვის მიერ ჩადენილი ამ აღმაშფოთებელი აქტის შემდეგ გერმანიამ რუსეთთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისათვის კონტრაქტიც კი გააფორმა.

როცა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის დასასრულს სატანკო კოლონები განალაგა უკრაინის საზღვართან, გერმანია სულ უფრო აღრმავებდა თავის დამოკიდებულებას (მიბმას) რუსული გაზის მიმართ და ატომურ ელექტროსადგურებს ხურავდა (ელექტროენერგიის გამომუშავება რუსული იაფი გაზით ხდებოდა). იმ მომენტში ბორის ჯონსონის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და უკრაინას იარაღი აჩუქა. სამწუხაროდ, ბრიტანულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა კიევში იარაღი ისე ჩაიტანეს, რომ გერმანიის ტერიტორია ვერ გადაკვეთეს და მას შემოუფრინეს - იმიტომ, რომ კანცლერ ოლაფ შოლცს მასში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

საბოლოოდ, გერმანია, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახდა იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკრაინისათვის, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ევროპა ათწლეულების განმავლობაში სიხარულით იმალებოდა ამერიკული სამხედრო  ქოლგის ქვეშ და ფულს, თავდაცვის სფეროს ნაცვლად, სოციალურ პროგრამებში ხარჯავდა... და მხოლოდ მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი ვადით, ევროპამ გააცნობიერა, რომ ამერიკა მისი მფარველი მუდმივად ვერ იქნება.

დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ნატოს სამიტზე, ევროპელი მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ „ამერიკა ნატოს წევრობით ძალიან ბევრს კარგავს“. ალიანსის იმდროინდელმა გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა. თითქმის იგივენაირი რეაქცია ჰქონდათ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლის მიმართ მიუნჰენის კონფერენციაზე. განსხვავება ის იყო, რომ 2018 წელს თავდაცვის სფეროში თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავდა, თუმცა ყველა ვალდებული იყო ეს პირობა შეესრულებინა.

ამიტომაც, როცა დგება საკითხი, თუ ვინ დაკარგა უკრაინა, არასაკმარისია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმერ პუტინისადმი პირფერობას, ან იმისა, რომ ამერიკა უარს ამბობს იყოს მსოფლიოს ზესახელმწიფო. ევროპის ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ევროკავშირ-ნატოს წევრობა  და ნათელი მომავალი აღუთქვეს, მზად არ იყვნენ (არ არიან) თავიანთი დაპირება რკინისებური ნებით განამტკიცონ.

ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. დემოკრატიის გამარჯვებას უზრუნველყოფს არა ევროკავშირის კომუნიკეები და რეზოლუციები ლამაზ-ლამაზი ფორმულირებებით, არამედ გაბედულება ბრძოლის ველზე, რომლის დემონსტრირება ევროპას ეშინია.

ბიზნესი
რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები? – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2024 წელს ბათუმში 977.5 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა. აქედან 8 608 პირველად, 6 587 კი მეორად ბაზარზე. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო.

მათი განმარტებით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა.

„ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ჩვენი მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - ასე აფასებენ მიმოხილვის ავტორები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს 2024 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.

Galt & Taggart-მა 2024 წლის იანვარში იმ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანი პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა იყო.

მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა.

ამის მიზეზი კი იყო:

  • შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა;
  • მიგრანტების გადინება და დროებითი ფაქტორების ამოწურვა;
  • მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული რაოდენობა (პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინები თითქმის სრულად გაყიდულია)
  • მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად

დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილის ზრდით (7%-დან 10%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში) დაკომპენსირდა.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა.

„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

ტრანზაქციების კლების მიუხედავად, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. „მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 23%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ბინების ფასის გათვალისწინებით, გასულ წელს გაიზარდა გაყიდული ბინების ჯამური ღირებულებაც, რამაც 977.5 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - აღნიშნულია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენებელს. თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.