USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი“
Date:  279

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი“ (ავტორი - ოლექს კოსაჩი, ფსევდონიმით). პუბლიკაციაში მხილებულია ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიდემოკრატიული მმართველობა და გაკეთებულია დასკვნა: „უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

მე ძალიან კარგად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე მრავალი წლის განმავლობაში. რადგანაც პირადად პრეზიდენტის მიერ ვიყავი დანიშნული მაღალ თანამდებობაზე, დღეში რამდენჯერმე მქონდა ხოლმე მასთან სამსახურებრივი კონტაქტი და ყურადღებით ვაკვირდებოდი - როგორც საჯარო ღონისძიებებზე, ისე პირადულ ცხოვრებაში. როცა თანამდებობიდან გამათავისუფლა, ჩვენ ერთმანეთს ნორმალურად დავშორდით - ფარული წყენისა და ბოღმის გარეშე. მე არავითარი პირადი ამბიციები და ანგარებითი ზრახვები არ მაქვს... მაგრამ დღეს არ შემიძლია ჩუმად ვიყო იმის გამო, თუ როგორ ასუსტებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და თავის „შავ“ საქმეებს სამხედრო მდგომარეობით ნიღბავს. უკრაინაში ამჟამად შიშის ატმოსფეროა გამეფებული და ამიტომ იძულებული ვარ ანონიმურად მოგმართოთ: ანონიმურობა იძულებითი და აუცილებელი ზომაა, რომ რეჟიმის მხრიდან ჩემზე შურისძიება არ მოხდეს - იმ ხელისუფლების მიერ, რომელშიც ოდესღაც მე ვმსახურობდი.

„დონალდ ტრამპი მართალს ამბობს: ზელენსკი დიქტატორია“

ჩემთვის მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ის, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც სინამდვილეს შეესაბამება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი გააკრიტიკეს ანტიზელენსკური განცხადებების გამო, თუმცა უკრაინულ საზოგადოებაში ამერიკის ლიდერებისაგან გაჟღერებულ დახასიათებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ჩუმად აბსოლუტურად ეთანხმებიან.

უკრაინა პარადოქსად იქცა: ქვეყანა იბრძვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და იმავდროულად თვითონვე ანგრევს საკუთარი სუვერენიტეტის დემოკრატიულ საფუძვლებს. დასავლეთი წლების განმავლობაში ილუზიებში იმყოფება და ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნებაში „დემოკრატიის სახეს“ ხედავს, სინამდვილეში კი პრეზიდენტმა საკუთარი ხელით დაანგრია დემოკრატია, ინსტიტუტები და ეკონომიკა, დაასუსტა უკრაინა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ქვეყანას მოტივაცია გაუქრო იმისა, რომ რუსი აგრესორის წინააღმდეგ  ახლაც ისევე იბრძოლოს, როგორც ომის პირველ თვეებში იბრძოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო არჩევნები არ გამართულა. ვადაგასული პრეზიდენტი საომარ მდგომარეობას ყოველ სამ თვეში აგრძელებს და მის შერბილებაზე არც ფიქრობს - მისი მომხრე დასავლელი პოლიტიკოსები მისსავე ნათქვამს იმეორებენ: „უკრაინელ ხალხს არჩევნები არ სურს“. მართლაცდა, „გელაპის“ მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 65% ომის დროს არჩევნების წინააღმდეგია, თუმცა იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს სურთ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა, ომის მესამე წლისთავზე, ომის დასრულების მსურველთა რაოდენობა, ალბათ, ბევრად გაიზარდა. უფრო მეტსაც ვიტყვი - ეჭვი მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგებს უნდა ვენდოთ. დღეს ქვეყანა შიშით ცხოვრობს, მოსახლეობაში შიშია გამეფებული: არჩევნები გაურკვეველი ვადითაა გადატანილი, ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და ყოველდღიურ ყოფას თან სდევს სხვადასხვა საფრთხე-მუქარები.

ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტარული ზნე ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომამდე გამოიკვეთა. 2019 წელს იგი თანამშრომლებისგან პროპაგანდას ითხოვდა - მათ მასმედიაში უნდა ეწერათ და ეთქვათ მხოლოდ ყველაფერი კარგი პრეზიდენტის შესახებ, ანუ „მისთვის დითირამბები უნდა ემღერათ“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პოლიტიკა არ გაამართლებდა. დღეს მან თავისას მიაღწია: მთელი გუნდი უმღერის პრეზიდენტს, რომ იგი დემოკრატიისა და საერთოდ, მთელი უკრაინის განსახიერებას წარმოადგენს.

ძალაგამოცლილი და გამოფიტული უკრაინა კი გაჭიანურებულ ომს ვეღარ გადაიტანს. ათი ათასობით უკრაინელმა გადაიხადა უამრავი ქრთამი ისეთი ქვეყნიდან გასაქცევად, რომელმაც ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს საზღვრები დაუხურა. ისინი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, შიშში ცხოვრობენ, ქუჩაში ვერ გამოდიან, იმალებიან, რომ გამწვევი პუნქტების ჩასაფრებულმა თანამშრომლებმა არ დაიჭირონ, ფურგონებში არ შეათრიონ და ფრონტის წინა ხაზზე არ გაგზავნონ. ვის დაჭერასაც ახერხებენ, მათგან უმრავლესობა ან ინვალიდები არიან, ან ქრონიკულად ავადმყოფები. ბევრს პირდაპირ ფრონტზე უშვებენ ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე - დრო არ ჰყოფნით, რომ  ჯარისკაცს წესდება შეასწავლონ. სულ უფრო ხშირად მათი ბედი სამხედრო კომისარიატებში წყდება - გააჩნია, როგორ ქრთამს შესთავაზებ.

ომის გამო სულ უფრო მეტი ქალი - ცოლები, დები, დედები - მუშაობს მათთვის მავნე მამაკაცურ სამუშაოებზე. ისინი თანახმანი არიან ყველანაირ მეთოდზე, რომ ჩინოვნიკები მოისყიდონ და თავიანთი ნათესავ-ახლობლებისათვის „მოწყალება“ მოიპოვონ - ჯარში სამსახურისაგან გათავისუფლების მიზნით. მათგან განსხვავებით, ვისაც მთავრობაში კავშირები აქვს და ნაცნობები ჰყავს, მათ ჯარში გაწვევისაგან „ჯავშანი“ აქვთ და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლებები აქვთ.

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა და მისი რეჟიმის  უშიშროების სტრუქტურებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მინიმუმ რვა ფრონტისპირა ოლქში სამხედრო მდგომარეობამ საქმე პოლიციისა და სამხედროების თვითნებობამდე მიიყვანა. კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის საბაბით უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური ფაქტიურად განუსაზღვრელად მოქმედებს - უნებართვოდ, სანქციებისა და ორდერების გარეშე ჩხრეკს საცხოვრებელ ბინებს, ამოწმებს ინფორმაციებს პირად ტელეფონებში და კომპიუტერებში, აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ადამიანები იმდენად არიან დაშინებულნი, რომ ისინი თავიანთ ჭეშმარიტ პოზიციას და თვალსაზრისს ჟურნალისტებს და სოციოლოგებს არასოდეს არ უმხელენ, დაჭერა-დაკავების შიშით. რესპოდენტები, რასაკვირველია, მხოლოდ იმას იტყვიან, რაც მთავრობას და ხელისუფლებას აწყობთ, გაიმეორებენ ცნობილ ფრაზებს - „ოო, ვოლოდიმირ ზელენსკი? ის გმირია, დაუმარცხებელი... უკრაინა კი ურყევია“. და მხოლოდ ჩურჩულით ეტყვიან ჟურნალისტს და სოციოლოგს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ: „დაგვანებეთ თავი, წადით, საიდანაც მოსულხართ“.

უფრო მაღალ დონეზე კი „რუსეთუმეობისა“ და კრემლთან კავშირების ბრალდება რეგულარულად გამოიყენება იმის საბაბად, რომ ვინმეს ბიზნესი და ქონება წაართვან. უკრაინა კორუფციისა და მექრთამეობის ჭაობშია ჩაძირული: თითქმის ყოველდღიურად ხდება სკანდალები, რაც მთავრობის მიმართ ნდობას ძირს უთხრის. გამოკითხვების შედეგად, მოქალაქეთა 70% დარწმუნებულია, რომ მთავრობის სტრუქტურები საომარ მდგომარეობას პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები  დაბომბვებისაგან გაწამებულები არიან, ბევრი ფარულად აღიარებს, რომ უპირატესობას რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებას აძლევს. ეს ღალატი კი არ არის, არამედ პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემოკრატია გაანადგურა. იმდენად, რამდენადაც ნათელი მიზნები ბრძოლის გასაგრძელებლად გაფერმკრთალდა, ბევრი ალტერნატივას ეძებს - იმ პრორუსულ კანდიდატს, რომელიც მზად იქნება ზავი დადოს ვლადიმერ პუტინთან. ზოგიერთები იმასაც კი აღიარებენ სასოწარკვეთილებით, რომ ამ ყოველდღიური ჯოჯოხეთური და დაუსრულებელი [თანამედროვე მაღალტექნოლოგიური] ომის პირობებში, როცა  ფრონტიდან შორს, ზურგში მყოფსაც ყოველ წუთს ჰაერიდან სიკვდილი ელოდება, მზად არიან რუსეთის დროშის ქვეშ  იცხოვრონ. ზედაპირული პატრიოტიზმი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა პროპაგანდას უწევს, ნაწილებად იმსხვრევა. დადგა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის პერიოდი. ახლა საკითხი ისე კი არ დგას, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, არამედ ასე - იარსებებს თუ არა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

როგორ იშორებს ზელენსკი ოპონენტებს

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისცა ის ყველაფერი, რაზედაც მას ოცნება შეეძლო: აბსოლუტური ძალაუფლება, მილიარდობით დოლარის კონტროლი და მთელი მსოფლიოს ტაშისცემა. პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე - მე ამის დადასტურება პირადად შემიძლია - იგი ჩაციკლული იყო მეორე ვადით მმართველობაზე. იგი სპეციალური ჩანაფიქრით მოქმედებს: ერთი მხრივ, საზოგადოების გასგონად აცხადებს, რომ მის მეორედ არჩევაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ მეორე მხრივ, მუდმივად ამაზე ფიქრობს და ნიადაგს იმზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ აკვიატებული აქვს აზრი, რომ მისი რეიტინგები მაღალი უნდა იყოს. იგი უკვე საპრეზიდენტო კამპანიისათვის ემზადება. 2024 სექტემბრიდან მისი ადმინისტრაცია დიდ ფულს უხდის იმათ, ვინც პრეზიდენტის იმიჯს უკეთესად წარმოადგენს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებს მზრუნველი ლიდერის სახით, პროპაგანდას უწევს იმ ადამიანის ხიბლს, რომელიც კომიკოსიდან სამხედრო ლიდერი გახდა და არ იშორებს ხაკისფერ მაისურს და ქურთუკს. მაგრამ ამით შენიღბულია მისი ნამდვილი სტრატეგია - პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილება ნებისმიერი წესით და მეთოდით. ვალერი ზალუჟნი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ელჩად გაუშვა და დანამდვილებით ვიცი, რომ თუ იგი გაბედავს და პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საქმე ექს-სარდლის მიმართ.

ამასობაში კი ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე სანქციების ქვეშაა: მისი საბანკო ანგარიშები გაყინულია, აქტივებს კი ყადაღა აქვთ დადებული. მას საბანკო ბარათით ყავისა და ბენზინის საფასურის გადახდაც კი არ შეუძლია. ბუნებრივია, პეტრო პოროშენკოს სურს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტიდან მეშვიდე გახდეს - მას ამისათვის ერთგული მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ ზელენსკის რეჟიმი მას ზღუდავს. იური ბოიკო, იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ზელენსკის ხელისუფლებამ „პრორუსად“ შერაცხა, ამას წინათ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე გამოიძახა „ტიკ-ტოკში“ განთავსებული ვიდეორგოლის გამო, რომელშიც ომის შეწყვეტის მოწოდებაა ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც ემზადება არჩევნებისათვის და ამ მიზნით მას წაგების უმცირესი შანსის გამორიცხვაც კი სურს.

„სახელმწიფო - ეს მე ვარ!“

დღეს უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას სახელმწიფოს კონტროლის სადავეები მთლიანად ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგები სურვილისდა მიხედვით „შეალამაზონ“ თავიანთ სასარგებლოდ, სინამდვილე შეცვალონ და გააყალბონ, დათრგუნონ სხვაგვარად აზროვნება და საპყრობილეში ჩასვან ყველა, ვისაც კი თვალს დაადგამენ. უკრაინაში დამოუკიდებელი მასმედია ოფიციალურად აკრძალულია, ხოლო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, კორუფციის მხილებელ ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ.

ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, განუსაზღვრელი გავლენა აქვს. ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა ერმაკის ძმის მიერ ჩადენილ მაქინაციებზე ელაპარაკა, დაიჭირეს და როგორც იტყვიან ხოლმე, „თავი პირდაპირ ფრონტზე უკრეს“, ყველაზე სახიფათო უბანზე. ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც კორუფციის ფაქტი გამოავლინა, ციხეში ჩამწყვდევას აშშ-ის ელჩის ჩარევამ გადაარჩინა. კიდევ ერთი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საყვედური გამოთქვა, ჯერ დაიჭირეს და 24 საათი იზოლატორში ამყოფეს გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, შემდეგ კი, რადგანაც კომპეტენტურ პირებთან „საერთო ენა ვერ გამონახა“, ისიც ფრონტზე გაგზავნეს. ვერხოვნა რადას დეპუტატი, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ ზელენსკიმ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფრონტზე წარუმატებლობა უნდა აღიაროსო, სახელმწიფოს ღალატის მუხლით დააპატიმრეს და ამჟამად კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელს იხდის.

ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებში მერყეობდა. პუტინის არმიის თავდასხმის შემდეგ კი ცნობილი ფრაზა - „მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსები“ (რომელიც ზელენსკის მიაწერეს, სინამდვილეში კი მას არ უთქვამს), როცა ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთგვარ ხატად გადაიქცა, პრეზიდენტის რეიტინგი 90%-ზე მეტი გახდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ზელენსკის პოპულარობა ეცემოდა... ამასწინანდელი გამოკითხვის მიხედვით კი, როგორც ვიცი, მისი რეიტინგი 10%-ზე დაბლა დაეცა. ისიც ვიცი, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრი - 65% - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქნა შეთანხმებული.

უკრაინელები მშიშრები და მხდალები არ არიან, მაგრამ მათ აღარ სურთ სიკვდილი ზელენსკის ხელისუფლებისათვის, მისი მთავრობისათვის, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ღრმად იძირება კორუფციის ჭაობში. უკრაინის გადარჩენა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას და დემოკრატიის აღდგენას შეუძლია. ომის გაგრძელება გამარჯვებამდე კი არ მიგვიყვანს, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სრულ კრახამდე. უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და თუ დონალდ ტრამპი ამას ვერ მიაღწევს, უკრაინას და უკრაინელებს არანაირი იმედი აღარ დარჩებათ.

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way