USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „თბილისი როგორც დენთის ყუთი“
Date:  543

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 16 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისი როგორც დენთის ყუთი“ (ავტორი - ივო დეუნი).

გთავავზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არასოდეს არ დაიწყოთ ქვეყნის განსჯა და მისი შეფასება აეროპორტისაკენ მიმავალი გზით. საქართველო, თბილისის საერთაშორისო საჰაერო ჭიშკრიდან დაწყებული, დედაქალაქის შუაგულამდე, უზადო შთაბეჭდილებას ტოვებს. საყოველთაოდ ცნობილი ჯორჯ ბუშის (დიახ, სწორედ მისი სახელობის) ქუჩა კეთილმოწყობილია, ასფალტზე დასრიალებენ მდიდრული ელექტრომობილები, იქვეა „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებიც, სადაც საწვავი საკმაოდ იაფად იყიდება. აქ ყველაფერი რიგზეა და ყველაფერში სისუფთავე იგრძნობა. პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის დასუფთავებაც უკვე დასასრულს უახლოვდება - აქ უამრავი ნაგავი ეყარა სამდღიანი საპროტესტო ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

თბილისის ეს ქუჩა კეთილმოეწყო ქვეყანაში მომხდარი ბოლო ეკონომიკური ბუმის დროს, როცა საკმაოდ სიმპათიურმა ახალგაზრდა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხანმოკლე დიდების მწვერვალს მიაღწია. როგორც კენედის სტილის მქონე რეფორმატორმა, მან დაითხოვა ძველი პოლიცია და ახალი შექმნა, დაამარცხა კორუფცია და ქვეყანაში წესრიგი მეტ-ნაკლებად დაამყარა, აიღო კურსი ნატოსა და ევროკავშირისაკენ... მაგრამ შემდეგ მკაცრ ავტორიტარულ მმართველად გადაიქცა. დღეს იგი პატიმარია და საავადმყოფოში მკურნალობს: ოდესღაც მისი 120-კილოგრამიანი წონა ამჟამად ორჯერაა შემცირებული. მოარული ხმებით, იგი ჭკუასუსტობით იტანჯება და სავარაუდოდ, მოწამლეს კიდეც.

საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნის დაპყრობას უამრავი მტერი ცდილობდა - რომაელები, სპარსელები, მონღოლები და, რა თქმა უნდა, რუსებიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდნენ და აკონტროლებდნენ საქართველოს - მდიდარ ქვეყანას თავისი ვენახებით, ხილის ბაღებით და ბოსტნეულის ველებით, რასაც ხელს უწყობს რბილი კლიმატის არსებობა. კავკასიის ქედი საქართველოსთვის თითქოსდა ბუნებრივი თავდაცვითი ზღუდე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ მოხდა [2008 წელს]. დღეს როცა ოდესღაც მხიარული პრეზიდენტი, როგორც მისი მხარდამჭერები ამბობენ, სიკვდილის პირზე დგას, ქვეყანა სავსეა რუსი და უკრაინელი მოქალაქეებით - რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზაციას გამოექცნენ, უკრაინელები კი რუსების მიერ დაწყებულ ომს. სამწუხაროდ, იძულებით ადგილმონაცვლეთა (რუსების) და ლტოლვილთა (უკრაინელების) მოზღვავებამ საქართველოში და თბილისში, ყველაფერზე ფასების მატება გამოიწვია. ქვეყანა ბალანსს იცავს ყველასათვის საშიში რუსული დათვის წინაშე, რომელიც მას, სავარაუდოდ, აპოკალიპსით შეიძლება დაემუქროს.

საქმე იმაში არ არის, რომ საქართველოს მსგავსი საშიში მოვლენები ადრე არ გადაუტანია - ქართველებს 1992 წლიდან ასეთი კონფლიქტები ბევრი უნახავთ, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებთან ბრძოლის დროს. შემდეგ იყო 2008 წელი, როცა, ბევრის აზრით, რუსული პროვოკაციის გამო დაწყებული ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დევნილად იქცა. დღეს საქართველო და უკრაინა (თავისი დონეცკითა და ლუგანსკით) ერთმანეთს ჰგავნან: რუსეთის არმიას ორივე სახელმწიფოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვს ოკუპირებული.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ასეთ სიტუაციაში?

თუ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლს, 75 წლის თამარს ჰკითხავთ, ან ყოფილი საბჭოთა წითელი არმიის ვეტერანს, 62 წლის ტარიელს, ისინი ასე გიპასუხებენ: „რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოხდეს“. ორივემ თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა მოქალაქის სტატუსით გაატარა, ორივე თანახმაა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ თვლიან, ნატოს წევრობა ზედმეტი იქნება, რუსეთის მუქარების გამო: იმიტომ, რომ „სადაც რუსები შედიან, იშვიათად თუ უკან გადიან“, - ამბობს ტარიელი.

ალბათ, ასაკსაც მნიშვნელობა აქვს. 31 წლის საბა ბუაძე, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო, თბილისის საკრებულოს წევრია [ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“] და ამტკიცებს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 85% დასავლეთის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის მომხრეა. იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეგნებულად ამუხრუჭებს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს. ამის ნათელი მაგალითია ბოლოდროინდელი მოვლენები, რომელიც ხელისუფლების მიერ შემუშავებულ „უცხოელი აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.

საბა ბუაძე თავის თავს „მემარჯვენე ცენტრისტს“ უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ მასში რევოლუციონერიც არის. „მმართველი პარტია ელექტორატით მანიპულირებს და აცხადებს, თითქოსდა დასავლეთთან ინტეგრირება რუსეთთან ომს გამოიწვევს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დასავლეთს ჩვენი, ქართული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტურობს დარღვევა სურს. თუმცა გასული კვირის პროტესტებმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მმართველი პარტიისა არ სჯერა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპროტესტო აქციებმა აჩვენა - ჩვენ რუსეთის ხელში აღარ აღმოვჩნდებით“, - ამბობს საბა.

დღევანდელი თბილისი რამდენადმე მოგვაგონებს 1930-იანი წლების ბუქარესტს ბრიტანელი მწერალი ქალის ოლივია მენინგის ბალკანური ტრილოგიიდან: დენთის საწყობი, სადაც რაღაც არასასიამოვნო შეიძლება მოხდეს. შეთქმულების თეორიის მომხრენი (რომლებიც, სხვათა შორის, ყოველთვის არ სცდებიან), თვლიან, რომ ერთადერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას თოჯინებივით მართავს. მან 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება“ დააარსა, დაამარცხა მიხეილ სააკაშვილის პარტია, მცირე ხანს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, შემდეგ კი განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა მთავრობაში ისევ მისი ერთგული ადამიანები არიან.

საბა ბუაძე, რომელიც მცირე ხნის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობდა, თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი „ბეწვის ხიდზე“ დადის. თუ ის მხარს დაუჭერს რუსეთს, დაკარგავს თავის დასავლურ აქტივებს, ხოლო თუ დასავლეთს დაუჭერს მხარს, ის ისეთ რაღაცას დაკარგავს, რომლის აღდგენა ძალიან რთული იქნება. ორი წლის წინ განდეგილი მილიარდერი თითქოსდა პრაქტიკულად გაქრა, თუმცა... თბილისის ზემოთ, ძველი ქალაქის მაღლა, მთაზე შენობა ბრწყინავს, რომელიც აეროპორტის ტერმინალს ჰგავს. ეს ბიძინა ივანიშვილის სახლია. იგი თავისი მტრებისათვის „ბოროტი სვენგალია“ [1931 წლის ფილმ-საშინელებიდან], ან „დოქტორი ნოუ“  [„ბონდიანის“ 1962 წლის პირველი ფილმიდან], რომელიც ყველაფერს ფლობს და არავის არ ელაპარაკება, ალბათ, კრემლის გარდა“.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/tbilisi-is-a-tinderbox/?fbclid=IwAR3T-vp3E52zStJFi7o1UWY5aela_vXpuOMY_1GLtWK8nIhltJvgi6HN4DM

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way