USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
Тбилиси
The Spectator (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი იმარჯვებს? მსოფლიო წესრიგი კრემლის სასარგებლოდ იცვლება“
дата:  1058

„რუსეთის დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა უკრაინის შესახებ დასავლეთის თვალსაზრისის გაზიარებაზე. „გლობალური სამხრეთი“ სტაბილურობას ირჩევს, ანუ მსოფლიო წესრიგი მოსკოვის სასარგებლოდ იცვლება“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინი იმარჯვებს? მსოფლიო წესრიგი კრემლის სასარგებლოდ იცვლება“ (ავტორი - პიტერ ფრანკოპანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქმე უკრაინას კი არა, მსოფლიო წესრიგს ეხება’, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, - ერთპოლარულობა წარსულს უკანდაუბრუნებლად ბარდება, ყალიბდება მრავალპოლარული მსოფლიო“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ უკვე ვეღარ ასრულებს საერთაშორისო პოლიციელის როლს. ასეთი სახის განცხადებებეი გამოძახილს ჰპოულობს იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებენ ამერიკს ხელისუფლებას. დასავლური კოალიცია ძველებურად მტკიცეა, მაგრამ დასავლეთი ვეღარ ახერხებს სიმპათია მოიპოვოს იმ მრავალრიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც უარს ამბობენ რომელიმე მხარის გვერდით დადგომაზე. იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელსაც მოსკოვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმართავდა, თავისი დივიდენდები მოაქვს.

შეხედეთ აფრიკას. გასული წლის მარტში კონტინენტის 54 სახელმწიფოდან 25-მა უარი განაცხადა ან თავი შეიკავა იმ რეზოლუციის კენჭისყრის დროს, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ და ეს იმ დროს, როცა მათზე დასავლეთი უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა. [თითქმის იგივე განმეორდა 2023 წლის 23 თებერვლის რეზოლუციასთან მიმართებითაც... ამაზე ქვემოთ]. ასეთი უარი უკრაინის გვერდით დადგომაზე იმას მოწმობს, რომ რუსეთი განვითარებად სამყაროში თავის დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს.

ერთი წლის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნალედი პანდორი რუსეთს უკრანიდან გასვლისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ სერგეი ლავროვის პრეტორიაში ვიზიტის შემდეგ, რომელიც ახლახან, მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, როცა ნალედი პანდორს ჰკითხეს - გაიმეორებდა თუ არა თავის მოწოდებას რუსეთისადმი, მან უპასუხა: „გასულ წელს რაც ვთქვი, ის დროული და მართებული იყო, მაგრამ ახლა რომ ისევ იგივე გავიმეორო, მაშინ მე პრიმიტიული და ინფანტილური მინისტრი ვიქნები“. შემდეგ პანდორი მიესალმა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას პრეტორიასა და მოსკოვს შორის, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავი კი ორივე ქვეყანამ ერთობლივი სამხედრო წრთვნებით აღნიშნა.

შემდეგ: ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები რუსეთს დასავლური ეკონომიკური სანქციების ნეგატიური ზემოქმედების შესუსტებაში ეხმარებიან - მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა და ეგვიპტემ გასულ წელს მეგობრული განწყობის დასადასტურებლად იყიდეს რუსული დიზელის საწვავი და სხვა ნავთობპროდუქტები, აგრეთვე ქიმიკატები და სასუქები.

ვლადიმერ პუტინი მიზანმიმართულად აყალიბებს იმ ქვეყნების ალიანსს, რომლებიც თავს „დასავლური იმპერიალიზმის“ მსხვერპლად გრძნობენ და რუსეთს ამ გაერთიანების სათავეში აყენებს. „დასავლეთს სურს, რომ რუსეთი თავის კოლონიად გადააქციოს“, - განაცხადა მან გასული წლის სექტემბერში, - მათ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა კი არ უნდათ, არამედ ძარცვა“.

ასეთ სიგნალებს პოზიტიური ექო აქვს აზიის დიდ ნაწილშიც, რომლის ქვეყნების ერთმა მესამედმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქმედების დაგმობაზე. იგივე სურათს ვხედავთ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ანტიდასავლური და ანტიკაპიტალისტური განწყობების ტალღები მატულობს.

რუსეთში ინდოეთის ყოფილმა ელჩმა ვენტკატეშ ვარმამ გასულ კვირას განაცხადა: „ჩვენთვის [რუსეთ-უკრაინის] კონფლიქტის დასავლური ინტერპრეტაცია მიუღებელია. მას დღეისათვის „გლობალური სამხრეთის“ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ეთანხმება“. მართალია, ყოფილი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკის სახელით არ გამოდიოდა, მაგრამ ცნობილია, რომ ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ გასულ კვირას თავი შეიკავეს გაეროს კიდევ ერთი რეზოლუციისადმი ხმის მიცემისაგან, რომელიც რუსეთს უკრაინიდან გასვლას მოუწოდებს: გაეროს 193 წევრიდან 141-მა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 32-მა კი თავი შეიკავა. სხვათა შორის, დარბაზში მყოფმა აფრიკის 43 სახელმწიფოდან ანტირუსულ  რეზოლუციას ხმა არ მისცა 22-მა.

ის იდეა, რომ გლობალური არასტაბილურობისა და გაურკვევლობის მიზეზს ამერიკა და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. იდეა „იკვებება“ აშშ-ის მიერ ავღანეთში განცდილი წარუმატებლობითა და ნატოს აღმოსავლური ექსპანსიით, რაც პრინციპში, რეალურია. ჩნდება იმის განცდა და რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინი მარტო უპირისპირდება დასავლეთს, რაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს აღძრავს.

ვლადიმერ პუტინი ოსტატურად ძაბავს ანტიამერიკულ განწყობებს. თავის ამასწინანდელ მიმართვაში ფედერალური კრებისადმი მან გაიხსენა დასავლეთის სამხედრო ინტერვენციები იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში და სირიაში, რაც, მისი თქმით, იმას მიანიშნებს, რომ დასავლეთი „უსინდისოდ და ორსახოვნად მოქმედებს. ის ამ სამარცხვინო ლაქას ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს“.

„შეხედეთ, როგორ უჭერენ მხარს უკარინას, - აგრძელებს ვლადიმერ პუტინი, - დანარჩენებს კი ყურადღებას არ აქცევენ. კიევის რეჯიმის დასახმარებლად და შესაიარაღებლად უკვე 150 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული, ყველაზე ღარიბ ქვეყნებს კი მხოლოდ 60 მილიარდამდე გამოუყვეს. სადაა მაგათი ლაპარაკი სიღარიბესთან ბრძოლაზე? მსოფლიოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე? გარემოს დაცვაზე?“, - იკითხა პუტინმა.

აშკარაა, რომ პუტინის რუსეთი თავხედურად აყენებს თავის პრეტენზიებს მორალურ უპირატესობაზე რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებში. ნახევარი წლის წინ თავის გამოსვლაში  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „რა არის, თუ არა რასიზმი, მსოფლიოში რუსოფობიის გავრცელება?“. ამით რუსეთის პრეზიდენტი უნარიანად სარგებლობს დასავლეთის მიერ კოლონიურ წარსულში ჩადენილი ბრალით, საკუთარ თავს კი „საერთაშორისო უმრავლესობის“ წამყვან დამცველს უწოდებს (როგორც სერგეი ლავროვმა თქვა). „კოლონიალიზმის გრძელი საუკუნეების, დიქტატის და ჰეგემონიის განმავლობაში დასავლეთი მიეჩვია იმას, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს... მიეჩვია იმას, რომ ყველასთვის შეფურთხება შეუძლია“, - განაცხადა გასულ კვირას პუტინმა.

იმავდროულად რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სოციალურ კონსერვატიზმზე აპელირებს - გასულ კვირას მან ირონიულად მიუთითა ანგლიკანურ ეკლესიას გენდერულად ნეიტრალური ღმერთის იდეის განხილვაზე და მის მანიპულაციებზე ერთსქესიანი ქორწინებების მიმართ, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა „სულიერი კატასტროფა“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის ასეთი გამონათქვამები სასიამოვნოა პლანეტის რელიგიური მოსახლეობისათვის, რომელიც „ლგბტ“-საზოგადოების“ თემაზე მიმდინარე დებატებში დასავლეთის მანკიერებასა და ზნეობრივ გახრწნას ხედავს. ტყუილად კი არ აღვივებს კრემლის ტელეარხი „რაშა თუდეი“ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში კულტურათაშორისო ომებს.

ამრიგად, მოსკოვი ცდილობს საკუთარი თავი პოლიტიკური და ზნეობრივ-მორალური სტაბილურობის ბურჯად წარმოადგინოს, თუმცა თვითონ ცდილობს მსოფლიოს დესტაბილიზებას და მის შეშლილად, უგუნურად გადაქცევას. თავის პროპაგანდას კრემლი პრაგმატული პოლიტიკითა და ვაჭრობით ამტკიცებს: ნავთობი, გაზი, ლითონები და მარცვლეული - მოსკოვი ყველაფერს დიპლომატიურ სატყუარად იყენებს, რომლის მიზანს რუსულ თამაშებში სხვა ქვეყნების ჩაბმას, მათ გადაბირებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მსგავსი სატყუარაა იარაღის ექსპორტი, თუმცა ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ფრონტებზე წარუმატებელმა ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეარყია რუსეთის რეპუტაცია როგორც იარაღის მწარმოებლის ზესახელმწოფოს რეპუტაცია.

გარდა ამისა, არსებობს ჩინეთი, რომელმაც გასულ კვირას „უხალისოდ“ მოუწოდა რუსეთს და დასავლეთს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ, ხოლო ამ ორიოდე დღის წინათ პეკინში ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. ისტორიულად რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ უკრაინის ომმა და დასავლეთის რადიკალურმა რეაგირებამ რუსულ-ჩინური თანამშრომლობის გამტკიცებისათვის კოლოსალური შესაძლებლობები შექმნა. ჩინეთი იაფ რუსულ ნავთობსა და გაზს რეკორდული მოცულობით ყიდულობს, ხოლო თავის მხრივ, პეკინი, მზარდი ტემპით ახდენს რუსეთში თანამედროვე ჩარხების, ელექტრონული მოწყობილობებისა და ნახევარგამტარული ინტეგრალური სქემების („ჩიპების“) ექსპორტს.

რუსეთისა და ჩინეთის ურთიეთდამოკიდებულებას ამყარებს საერთო სწრაფვა სტაბილურობისაკენ, რომელსაც მოსკოვი და პეკინი უკიდურესად მნიშვნელოვნად თვლიან, აგრეთვე იმ იდეების გავრცელება, რომ დასავლეთი არაპროგნოზირებადია, ცვალებადი და დესტრუქციული.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისათვის და წინ უნდა აღვუდგეთ ცალმხრივი სანქციების უსაფუძვლოდ გამოცხადებას“, - განაცხადა ამას წინათ სი ძინპინმა ბოაოს აზიურ ეკონომიკურ ფორუმზე [ცნობისათვის: ბოაოს ფორუმს „აღმოსავლურ დავოსს“ უწოდებენ, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჩინეთში, ჰაინანის პროვინციის ქალაქ ბოაოში, აღმოსავლეთ აზიის 26 სახელმწიფოს მონაწილეობით]. თითქმის იგივე გაიმეორა სერგეი ლავროვმაც.

პეკინი ხშირად უკრავს კვერს რუსეთს იმ დროს, როცა მოსკოვი საერთაშორისო პოლიტიკაში არათანაბარ პირობებზე, დევნაზე, მსხვერპლსა და ზეწოლაზე ლაპარაკობს. ასეთ სოლიდარობას თავისი მიზეზები აქვს:  ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის კონფლიქტს და იქიდან ერთგვარ გაკვეთილს, გამოცდილებას იღებს, რომელიც მას ეხმარება ტაივანის მიმართ სტრატეგიის შემუშავებაში.

მოსკოვში ვიზტის დროს, 26 თებერვალს, ჩინელი მაღალჩინოსანი დიპლომატი ვან ი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების „ახალ ჰორიზონტზე“ ლაპარაკობდა და დასავლურ საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლისაკენ მოუწოდებდა, რაც აშკარად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიმართულ მკვახე პასუხს წარმოადგენდა - იმიტომ, რომ იმავე ხანებში სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მკაცრი შედეგებით დაემუქრა, თუ პეკინი მოსკოვს სამხედრო დახმარებას გაუწევდა და იარაღს მიაწოდებდა.

რუსეთისა და ჩინეთის „წისქვილზე“ პანდემიამაც „წყალი დაასხა“: როგორც კარნეგის ფონდი აღნიშნავს თავის მოხსენებაში, ეკონომიკურად სუსტ და მოწყვლად ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ გაამწვავა და სიღარიბესთან, განათლებისა და ჯანდაცვის დონის გაუმჯობესებისაკენ მიმართული მრავალწლიანი ბრძოლის შედეგები „ფერფლად აქცია“. დასავლეთის ქვეყნებმა თითქმის მთლიანად შეისყიდეს ვაქცინის რეზერვები, მოიმარაგეს აუცილებელზე ბევრად მეტი, შემდეგ კი უარი თქვეს პატენტების გაცემაზე. ასეთმა მოქმედებამ გამოიწვია ფასების ზრდა ვაქცინებზე და სიკვდილიანობის დონის მატება. დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი დაჩინეთი ენერგიულად ატარებდნენ „ვაქცინურ დიპლომატიას“, რის შედეგადაც მათი ავტორიტეტი განმტკიცდა, განსაკუტრებით აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და სინოვაკი“ მაინცდამაინც მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩეოდნენ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა მოსახლეობის აცრაზე ბრიტანულ-შვედური ვაქცინით „ატრსაზენეკით“ და განაცხადა, რომ ეს პრეპარატი არავითარ შედეგს არ იძლევაო. გასულ წელს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, „აზია-წყნარი ოკეანის ორგანიზაციის“ ქვეყნების მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგებით, ევროკავშირის ვაქცინებისადმი პოზიტიური აღქმა გამოავლინა გამოკითხულთა 2,6%-მა, ხოლო ჩინური ვაქცინებისადმი - დაახლოებით 60%-მა.

რაც შეეხება სამხედრო მოქმედებებს, ისმება კითხვა: მართალია, რომ რუსეთის ომს წააგებს? ერთი მხრივ, უკრაინელები ძალიან მამაცურად იბრზვიან, მაგრამ მეორე მხრივ, მძიმე დანაკარგებსაც განიცდიან. დასავლელი ლიდერები ლაპარაკობენ, რომ კიევს „საქმის დასრულებისთვის“ მძიმე ტექნიკა ჭირდებაო [მაგრამ ტანკების მიწოდება გვიანდება]. როგორც ბახმუტის ბრძოლების მძიმე შედეგები გვაჩვენებს, ქალაქი უახლოეს ხანში შეიძლება დაეცეს, ასეთი მარცხი კი უკრაინის არმიისათვის უახლოეს კვირეებში, თვეებში და წლებშიც კი ძალიან სამწუხარო პერსპექტივას ქმნის.

რუსეთის ეკონომიკა საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კრემლმა ომი გააგრძელოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 0,3%-ით გაიზრდება. ამასობაში კი რუს ახალგაზრდებს ჯარში ასი ათასობით იწვევენ. როგორც ისტორიკოსი სტივენ კოტკინი აღნიშნავს, დემოკრატები ომს ისე არ წარმართავენ, როგორც ავტოკრატები. რუსეთი არ ერიდება გამოუცდელი ახალწვეულების ჩაყრას „ომის ხორცსაკეპში“, სადაც მათი სამი მეოთხედი იღუპება. „რას გააკეთებენ რუსეთის ხელმძღვანელები შემდეგ?“, - ასეთი კითხვაა დასმული სტივენ კოტკინის მიერ, რომელსაც იგი იქვე პასუხობს: „არა, ისინი ტაძარში არ წავლენ და საკვირაო წირვაზე უფალს შენდობას არ შესთხოვენ. ისინი, უბრალოდ, იგივეს გააკეთებენ“.

უკრაინაში ამ მხრივ სხვანაირი გარემოებები და სიტუაციაა. დასავლეთი კიევს ჯერ-ჯერობით, დღევანდელ ეტაპზე, მხოლოდ თავდაცვითი იარაღით ამარაგებს. დროთა განმავლობაში ქანქარა იმისკენ გადაიხრება, ვინც ტკივილს მომავალშიც გაუძლებს. ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. დაპირისპირება რუსეთის გამოფიტვის მისაღწევად? ეს ძალიან რთული და ძვირადღირებული საქმეა.

კიდევ ერთი მომენტი: შესყიდვების საკითხი ერთია, არსენალების შევსება კი სრულიად სხვა. ბრიტანეთის არმიის სარდალმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა თქვა, რომ ლონდონის მიერ საზღვარგარეთ იარაღის დიდი რაოდენობით გატანის [უკრაინისთვის მიცემის] გამო ბრიტანეთის არმია „დასუსტებული“ აღმოჩნდა. გასაკვირი არაა, რომ თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თავისი უწყებისათვის მილიარდობით გრივანქა სტერლინგს ითხოვს იმ დროს, როცა მთავრობა ძლივ-ძლივობით ახერხებს „შავი ხვრელების ამოქოლვას“ ხაზინაში.

რუსეთის ფედერალურ ტელევიზიაში კომენტატორები ნიშნის მოგებით და ღვარძლიანად კომენტირებენ ევროპის ქვეყნების მდგომარეობას. კრემლის „მოლაპარაკე თავები“ ხშირად ჰყვებიან, თუ როგორ მოიმატა ფასებმა დასავლეთში ყველაფერზე და როგორ დაიწყეს ჭრიჭინების ჭამა მშიერმა ევროპელებმა. ასეთი სენსაციების გავრცელების მიღმა იმალება იმედი, რომ უკრაინის მომხრეებში განხეთქილება მოხდება და დასავლური სოლიდარობის კედელში ნაპრალ-ბზარები გაჩნდება. შეინარჩუნებს თუ არა გერმანია ერთგულებას უკრაინისადმი, თუ მომავალი ზამთარი წლევანდელზე უფრო ცივი იქნება? რასაკვირველია, რუს პროპაგანდისტებს იმის იმედიც აქვთ, რომ 2025 წელს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი რესპუბლიკელი იქნება, იზოლაციონიზმის მომხრე, რომელიც მოსკოვს მოქმედების მისაღებ ვარიანტებს შესთავაზებს.

იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იარაღის სახით იყენებს, ევროპისათვის სერიოზული სიძნელეები შექმნა. დადგნენ რა საწვავის დეფიციტის წინაშე, ევროპულმა ქვეყნებმა, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, სასწრაფოდ დაიწყესრუსული გაზის ცანაცვლება - უპირველეს ყოვლისა ძვირადღირებული იმპორტული თხევადი გაზით, რამაც დასავლეთში ინფლაცია გამოიწვია. ეს პრობლემა არ გამქრალა მას შემდეგაც კი, როცა ბაზრების სექმნილ სიტუაციას შეეგუენ.

არიან ისეთებიც, ვინც ძალიან მოგებულები დარჩნენ: ხუთი ნავთობგიგანტის - BP-ს, Shell-ის, Exxon-ის, Chevron-ისა და Total Energies-ის აქციონერები. მათმა ერთობლივმა მოგებამ გასულ წელს 200 მილიარდი დოლარი სეადგინა. „ოპეკ“-ის ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმაც დიდი ფული მიიღეს - თითქმის 850 მილიარდი დოლარი. მაგრამ იმავდროულად თხევად გაზზე მსოფლიო ფასების მატებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ პაკისტანში დაბანგლადეშში ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყო, რის გამოც, ბუნებრივია, წარმოების ტემპებმა მოიკლო. ასეთი სირთულეები ქმნიან სოციალური დაძაბულობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებს, იწვევენ დასავლეთის მიმართ უკმაყოფილების ზრდას.

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სიმდიდრეების გადანაწილების ისტორიულად უდიდესი მომენტი გახდა. ის ქვეყნები, რომლებიც ენერგორესურსების მარაგებს ფლობენ, უხვ მოსავალს იწევენ, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად აჩქარებს მსოფლიო წესრიგის ცვლილებებს.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/is-putin-winning-the-world-order-is-changing-in-his-favour/

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати