USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „მაკრონმა ჩინეთში საკუთარი თავი მოიტყუა“
Date:  336

დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაკრონმა ჩინეთში საკუთარი თავი მოიტყუა“ (ავტორი - იან უილიამსი). მასალაში გაანალიზებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და მისი შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 მართალია, პეკინში სი ძინპინი ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინივით, ექვსმეტრიან მაგიდაზე არ შეხვედრია, მაგრამ მოლაპარაკება ისეთივე უშედეგო გამოდგა, როგორც მისი უწინდელი შეხვედრა კრემლში, რუსეთის ლიდერთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინურ ვიზიტში რაღაც რეტროსპექტივა ჩანდა: შეხვედრის სცენა ჰგავდა მრავალი საუკუნის წინანდელ სურათს, როცა უცხოელი ელჩები „ცისქვეშეთის“ მფლობელთან საჩუქრებით მიდიოდნენ და იმპერატორის წყალობას იღებდნენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გამოძახილი უფრო გვიანდელი პერიოდისა, როცა ჩინეთის მონარქები ევროპელ სტუმრებს სახის ცივი, აუღელვებელი გამომეტყველებით ხვდებოდნენ.

სი ძინპინის ჩინეთი ამჟამად ბნელ და რეპრესიულ ქვეყანას წარმოადგენს. მისი მზარდი საერთაშორისო აგრესია, მსოფლიოს რიგ ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლა და ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა დასავლურ სამყაროში შეშფოთებას იწვევს და აიძულებს მათ ჩინეთთან ურთიერთობა გადასინჯონ. თუმცა, თუ ემანუელ მაკრონის სამდღიანი ვიზიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ფრანგმა ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია - ერთი ყურიდან შეუშვა და მეორედან გაუშვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამალა 50 წევრისგან შედგებოდა - ბიზნეს-ლიდერებისაგან, კინემატოგრაფისტებისგან და მუსიკოსებისაგან. საჩუქრებს შორის, რომელიც ფრანგმა სტუმარმა ჩინელ კოლეგა-მასპინძელს ჩაუტანა, იყო ფრანგი ფოტოგრაფის მიერ მე-20 საუკუნის შუახანებში გადაღებული ჩინეთის იშვიათი ფოტოსურათები, აგრეთვე სევრში დამზადებული ცისფერი ფაიფურის ვაზა, ოქროს თევზებით დამშვენებული.

ემანუელ მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ მას სი ძინპინი დაერწმუნებინა რუსეთზე ზეწოლის მოხდენასა და უკრაინასთან ომის შეწყვეტაში. „მე მინდა თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გრძნობაზე მოიყვანთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამთ“, - უთხრა ფრანგმა სტუმარმა ჩინელ მასპინძელს. მაგრამ სი ძინპინმა ვერ ან არ მოისურვა რუსეთის დაგმობა, კვლავ გაიმეორა ვლადიმერ პუტინისეული არგუმენტები და გააჟღერა უკვე ცნობილი ბანალური განცხადება - „ჩინეთი მზად არის საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, რომ რაციონალობა და სიმშვიდე შეინარჩუნონ“.

ემანუელ მაკრონი ჩქარობდა, ერთი-ორჯერ ენაც კი დაება, მან სი ძინპინზე ორჯერ მეტი ილაპარაკა, რაც ფრანგ სტუმარს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად ჩაუთვალეს. სი ძინპინს სახეზე მოუთმენლობა ეტყპბოდა, მან რამდენჯერმა ღრმად ამოიოხრა და როგორც ჩანს, პრეს-კონფერენციის სწრაფად დასრულებას ნატრობდა.

და მაინც, აშკარაა, რომ სი ძინპინს ძალიან მოსწონს, როცა მას თავს ევლებიან, როგორც პოტენციურ მშვიდობისმყოფელს, თუნდაც მშვიდობა და ზავი სრულიად განუხორციელებლი იყოს. სი ძინპინისათვის პრიორიტეტი საკუთარი თავი და ჩინეთია. უკრაინის ომი? დაე, გაგრძელდეს, ეს მას სრულებით აწყობს. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი სასარგებლოა, რადგან დასავლეთის ყურადთება ახლა კიევისკენ და მოსკოვისკენ არის მიპყრობილი და არა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი რუსეთიდან იაფი ნავთობისა და გაზის მიღებისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენს. უკრაინის ომი განამტკიცებს სი ძინპინის როგორც ვლადიმერ პუტინის უფროსი პარტნიორის როლს. იმაცდროულად ჩინეთის ლიდერს არ გადაუკვეთია „დასავლური წითელი ხაზები“ და რუსეთისათვის იარაღი არ მიუწოდებია.

პეკინური მშვიდობა ნამდვილ და უტყუარ მშვიდობად არ უნდა ჩავთვალოთ. ჩინეთის ლიდერის ნათქვამი ცარიელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ბანალურ ფრაზებს წარმოადგენს. აქედან გამომდნარე, ცეცხლის შეწყვეტა, რომლისკენაც იგი მხარეებს თითქოსდა მოუწოდებს, კრემლისათვის ჯილდო იქნებოდა. სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ძალიან ჰგავნან, ისინი ერთმანეთის მსოფლმხედველობას იზიარებენ, რომელიც ახალ წესრიგს ემყარება. ასეთი მსოფლიო წესრიგი უსაფრთხოა ავტოკრატებისათვის და ის იმპერიული დიდების აღდგენას ემსახურება. ისინი ორივე თავს დასავლეთის მსხვერპლად თვლიან, რომელმაც მათი ქვეყნები დაამცირა და ტერიტორიები წაართვა.

სავარაუდოდ, სი ძინპინმა თავისი ჭეშმარიტი გრძნობები სწორედ მაშინ გააჟღერა, როცა გასულ თვეში, მოსკოვში, თავის რუს კოლეგას ემშვიდობებოდა: „მალე მოხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა... და ჩვენ ამ ცვლილებებს ხელს ერთად შევუწყობთ“.

სი ძინპინის უახლოეს მიზანს ევროპის ამერიკისაგან ჩამოშორება წარმოადგენს. ამ მხრივ იგი ემანუელ მაკრონს „სასარგებლო ინსტრუმენტად“ მიიჩნევს, რომელსაც „ჩინური ოცნების“ შესრულებაში დახმარების გაწევა შეუძლია. „ჩინეთი ევროპას ტრადიციულად განიხილავს როგორც დამოუკიდებელ პოლუსს მრავალპოლუსიან მსოფლიოში და მხარს უჭერს მას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში“, - განაცხადა სი ძინპინმა პრეს-კონფერენციაზე.

ძნელი იმის თქმა, თუ რა გაიფიქრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როცა იგი ემანუელ მაკრონის გამოსვლას უსმენდა. იგი ფრანგ პრეზიდენტთან ერთად იყო პეკინში და ისიც შეხვდა სი ძინპინს, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩინეთის ხელმძღვანელმა ფრაუ ურსულა ცივად მიიღო. სხვათა შორის, მისი მარშრუტი, ემანუელ მაკრონთან შედარებით, შეზღუდული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტის საპატივსაცემოდ გამართულ ბანკეტზე... მიწვეული არ ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინელებმა კარგად იციან მისი ხისტი პოზიცია: ამას წინათ ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა იყონ. სწორედ ამ განცხადების გამო ფრაუ ურსულა ჩინურმა სახელმწიფო მასმედიამ „ამერიკულ მარიონეტად“ მონათლა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პეკინში ვიზიტის დროს პირდაპირ აღნიშნა, რომ „ჩინეთი დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე იმით, რომ რუსეთთან ათწლეულობის განმავლობაში მეგობრობს“. ურსულ ფონ დერ ლაიენმა ჩინეთს სთხოვა (და იმავდროულად გააფრთხილა), რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ სი ძინპინი ვლადიმერ ზელენსკის მხოლოდ მაშინ დაელაპარაკება, „როცა ამის დრო მოვაო“. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერთან საუბრის დრო არასოდეს არ დადგება. ზელენსკის სურვილის მიუხედავად, რაც ომი დაიწყო, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. ამაშიც ჩანს პეკინის ინიციატივის სრული აბსურდულობა შუამავლობის თაობაზე. რა შუამავლობას გასწევს პეკინი, როცა თავს არიდებს ლაპარაკს კონფლიქტის მსხვერპლთან?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში ფაქტიურად სპექტაკლს წარმოადგენდა და მიმართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის - როგორც საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწის - რეპუტაციის განმტკიცებისაკენ, ქვეყნის შეგნით მიმდინარე არეულობის ფონზე. ელისეის სასახლის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის გამო წაიტრაბახა - „ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სი ძინპინს ხვდებიან და მასთან [პრობლემურ საკითხებზე] ღრმად ლაპარაკობენ, იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ თითებზე თუ ჩამოითვლებიან“. გარკვეულწილად ასეთი თვალსაზრისი სასაცილოც არის, არასერიოზულიც და იმავდროულად, სახიფათოც: ჩინეთის ლიდერის როგორც შუამავლის ქება-დიდება ავტორიტეტს მხოლოდ სი ძინპინს მატებს და არა ემანუელ მაკრონს.

მათ შორის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტს პეკინში ახლდა, მუსკოსი ჟან-მიშელ ჟარიც იყო, რომელსაც დამსახურებულად შეუძლია დაიკვეხნოს - მან, როგორც დასავლელი კულტურის პირველმა წარმომადგენელმა, ჩინეთში კონცერტები ჯერ კიდევ 1981 წელს გამართა. სხვათა შორის, ჟან-მიშელ ჟარმა გასული წლის ბოლოს დაასრულა თავისი ეპიკური პროექტი სახელწოდებით Oxymore („ოქსიმორონი“), სადაც იგი ცდილობს „შეუთავსებელი“ და ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს სწორედ ისაა, რომელიც ჩინეთში ემანუელ მაკრონის სამდღიან პოზიორობას გამოხატავს.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/macron-has-made-a-fool-of-himself-in-china/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way