USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს?“
Date:  280

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს?“ (ავტორი - მარკ გალეოთი). მასში გაანალიზებულია უკრაინისა და დასავლეთის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში. ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს - როგორი შედეგებით მთავრდება მორიგი საომარი წელიწადი უკრაინისათვის, შემცირდა თუ არა აშშ-ში და ევროპაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და თუ შემცირდა, რას ფიქრობენ ამის თაობაზე  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის ჯარების სარდალი ვალერი ზალუჟნი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში კიევიდან სულ სხვა ტონის მქონე ამბები გვესმის:

ვაშინგტონიდან კიევში დაბრუნებული ვოლოდიმირ ზელენსკი ნაწყენი ყოფილა, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესში მორიგი მზგნებარე სიტყვით ვერ გამოვიდა და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის შოუში ვერ მოხვდა. მოკლედ, ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პრეზიდენტი უგუნებოდ ყოფილა. როგორც ჩანს, იგი იღლება - მუდმივი ბრძოლა საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით, თავის შედეგს იღებს. „ჩვენი გამარჯვებისა ისე არავის სჯერა, როგორც მე. არავის“, - დაჟინებით ამბობდა თურმე ვოლოდიმირ ზელენსკი, - მოკავშირეების დარწმუნება მთელ ძალებს და ენერგიას მართმევს... ჩვენს მიმართ მათი მხარდაჭერის შენარჩუნებას ბევრი შრომა ჭირდება“.

ჟურნალ „ეკონომისტში“ გენერალი ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული არმიის მთავარსარდალმა - ეროვნული სიმტკიცისა და გამძლეობის კიდევ ერთმა სიმბოლომ - აღიარა, რომ ომი ჩიხში შევიდა - „პირდაპირ ისე ხდება, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო“. მართალია, მისი მტკიცებით, რუსეთმა 150 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით (სხვათა შორის, ეს სამჯერ მეტია დასავლურ შეფასებასთან შედარებით), გენერალმა იმავდროულად აღიარა, რომ მოსკოვი მაინც არ ავლენს დაზავების არავითარ სურვილს და დასავლეთი გააფრთხილა - „თუ უკრაინა უფრო თანამედროვე იარაღს არ მიიღებს, კონფლიქტი შეიძლება პოზიციურ ომად გადაიქცეს“, ანუ რომელი მხარე უფრო სწრაფად დაიქანცება და გამოიფიტება. „პოზიციური ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს, რაც უკრაინის სახელმწიფოს დანგრევას გამოიწვევს“.

ალბათ, ადამიანურ დონეზე, გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ორივე მამაკაცი მართლაც დაღლილ-დაქანცული და უფრო მეტიც - გულგატეხილი და იმედგაცრუებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოური ვიზიტებითა და საჯარო გამოსვლებით გადატვირთული გრაფიკი აქვს - იგი ქვეყნის მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ვალერი ზალუჟნი კი, თავის მხრივ, ევროპაში 1945 წლის შემდეგ მომხდარ უდიდეს ომს ხელმძღვანელობს, რომელშიც უკრაინის შესაძლებლობები განისაზღვრება იმით, თუ რომელი დასავლელი მოკავშირე და უცხოელი სპონსორი მიაწვდის ფულს და იარაღს.

ვალერი ზალუჟნის აღიარება „ეკონომისტის“ კორესპონდენტთან საუბრისას, რომ რუსეთის თავდაცვითი ხაზის „ღრმა და ლამაზი გარღვევა, ალბათ, არ მოხერხდებაო“, აშკარად სიმართლეს ასახავს. უკრაინის საზაფხულო შეტევამ, მართალია, რუსეთის არმიას საკმაოდ საგრძნობი ზიანი მიაყენა, მაგრამ კიევისათვის სასურველ მიზანს - ტერიტორიის დაბრუნებას - ვერ მიაღწია. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკრაინელი პარტიზანები სუნთქვაშეკრულნი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა მელიტოპოლში უკრაინის არმია მრისხანედ შეიჭრებოდა, ქალაქიდან ოკუპანტებს გაყრიდა და გეზს აზოვის ზღვისაკენ აიღებდა. სამწუხაროდ, უკრაინის ჯარმა შუალედური სამიზნეც - მსხვილი სარკინიგზო ცენტრი ტოკმაკიც კი ვერ დაიკავა და ამჟამადაც მისი გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინის არტილერიის წვდომის ფარგლებში მდებარეობს.

ასეთი გარემოებების პირობებში, ორი „ზ“-ს (ზელენსკისა და ზალუჟნის) აღიარება, როგორც ჩანს, რეალიზმისა და პიარის ერთმანეთთან დაბალანსების სტრატეგიას ასახავს. მათ ორივეს უწევთ იმის აღიარება, რომ კონტრშეტევამ იმაზე ბევრად ნაკლები შედეგები მოიტანა, ვიდრე ისეთი, რასაც რეკლმას უწევდნენ და ელოდებოდნენ, თუმცა ჯარს მორალური სიმტიკცე შენარჩუნებული აქვს. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ჯერ-ჯერობით  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს, უკრაინელებს კი ისევ სურთ ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის: აშკარაა, რომ მოქმედ არმიაში უკრაინელების გაწვევა სულ უფრო იძულებითი ხდება (ბევრი ახალგაზრდა ფრონტზე ბრძოლას თავს არიდებს). გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ თუ მოსკოვი ამ ზამთარს ისევ შეძლებს უკრაინის ენერგომომარაგების დარღვევას, დასავლეთი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეაგირებას [დახმარებას] შარშანდელი დონით აღარ გამოავლენს.

იმავდროულად, ორივე „ზ“ ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა იმ დროს, როცა ახლო აღმოსავლეთში მოულოდნელად დაწყებულმა ისრაელ-„ჰამასის“ ომმა უეცრად მთელი მსოფლიოს საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სკეპტიკურად დაიწუწუნა, რომ „არც ისრაელს და არც „ჰამასს“ ჩვენთვის სიკეთე არ მოაქვთო“.

თუ ცოტა ხნის წინათ კიევის პოზიცია იყო „მეტი იარაღი მოგვეცით და ჩვენ სწრაფად გავიმარჯვებთ“, ახლა ამბობენ - „მოგვეცით მეტი იარაღი, თორემ ეს ომი განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურდება“. ასეთი განცხადებებით ისინი „თამაშს“ ცდილობენ იმის საფრთხეზე, რომ ომი, რომელიც დასავლეთს უკვე 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა ( მხოლოდ პირდაპირი ფინანსური დახმარებით გამოხატული) და რომელიც 18 თვეა გრძელდება, შეიძლება „გაჭიანურებულ, მუდმივ ომად გადაიქცეს“ (ბედის ირონიით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაშიც ცენტრალური ადგილი სწორედ ომის გაჭიანურებას უკავია, დასავლეთის  ერთობის დარღვევისა და დაქანცვის მიზნით).

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეუძლია იმის უარყოფა - დასავლეთში უკრაინის გამო არავითარი დაღლილობა არ იგრძნობაო“, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, როცა რუს მასხარა სატელეფონო პრანკერებთან გულუბრყვილოდ საუბრობდა (მას ეგონა, რომ აფრიკის კავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ელაპარაკებოდა), თავისდა უნებურად, „კატა ტომრიდან გამოუშვა“ და გულახდილად აღიარა, რომ „ევროპაში უკრაინის გამო ყველა მხრიდან დიდი დაღლილობა იგრძნობა... ახლოვდება მომენტი, როცა ყველა მიხვდება, რომ გამოსავლის ძიება აუცილებელია“. 

ამასობაში კი აშშ-ში ბევრი ოფიციალური პირი უკვე „ტრამპის გრაფიკის“ მიხედვით მოქმედებს, რომელიც იმას გულისხმობს, რომ [თუ დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება], რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დარეგულირდება, ან კიევში ხელისუფლება ოფიციალურად შეიცვლება და უკრაინის სამხედრო იმპულსი წარსულს ჩაბარდება.   

ვოლოდიმირ ზელენსკი, ეყრდნობა რა თავს გამოცდილებას შოუ-ბიზნესში, რისკს აღიარებს: „ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი დასავლეთში დაღლას იწყებენ, ეს მათთვის შოუს ემსგავსება და უკრაინაზე ამბობენ - „აღარ შემიძლია ამ ერთიდაიგივეს მეათედ ნახავა“. ორივე „ზ“-ის მოვალეობაა ის, რომ მათ [ომისადმი] ჩვენი დაინტერესება შეინარჩუნონ.

----------

სტატიის ავტორი მარკ გალეოთი არის კონსალტინგური კომპანიის Mayak Intelligence-ს ხელმძღვანელი და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი. გამოცემული აქვს 25 წიგნი რუსეტის შესახებ. ამჟამად გამოდის მისი კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით „პუტინის ომები: ჩეჩნეთიდან უკრაინამდე“.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/is-the-west-losing-interest-in-ukraine

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way