USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „დიდი კავკასიური თამაში: შავ და კასპიის ზღვებს შორის მსოფლიოს ძალთა ბალანსი ირღვევა“
თარიღი:  524

ცნობილი ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დიდი კავკასიური თამაში: შავ და კასპიის ზღვებს შორის მსოფლიოს ძალთა ბალანსი ირღვევა“ (ავტორი - ივო დოუნი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ თქვენ საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში გაისეირნებთ, ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, რომ თითქოსდა ევროპაში ხართ: დიდმა ბულვარებმა, „ლუქსის“ კლასის ცნობილმა ბრენდებმა, სწაფი კვების კაფე-ბარებმა, მდიდრულმა რესტორნებმა შეიძლება შთაბეჭდილება შეგიქმნათ, რომ თქვენ, ალბათ, ჩეხეთში ან უნგრეთში იმყოფებით.

მხოლოდ უძველესი ტაძრების გუმბათებზე არსებული ჯვრები მოწმობს იმას, რომ თქვენ მაინც სხვა ქვეყანაში ხართ ჩასული. ამასვე ადასტურებს თბილისის ქუჩებში არსებული ანტირუსული და ანტიპუტინური წარწერებიც.

უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში ბევრი რუსი მოქალაქე ჩავიდა, რაც ყველა ქართველს არ მოსწონს. „რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, ეს არის მათი ქედმაღლობა და ამპარტავნობა“, - მეუბნება ჩემი ბინის პატრონი ქალი, - „ჩემმა დაქალმა უფასოდ დაუთმო საცხოვრებლად თავისი ბინა რუსი ლტოლვილის ოჯახს, მაგრამ როცა მან რუსებს სახლში გამომცხვარი პური მიუტანა, პატივისცემის ნიშნად, მათ ყურადღება არ მიაქციეს და უთხრეს - არ გვცალია, მანდ სადმე დადე და მერე ვნახავთო. ისინი მასპინძელს მოახლესავით ექცეოდნენ“.

არანაკლებ უსიამოვნებას იწვევს ქართველებში ის ფაქტი, რომ ბევრმა რუსმა არ იცის [ან არ ამხელენ] იმას, რომ საქართველო კრემლის მსხვერპლია და რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ტერიტორიულ მცოცავ ანექსიას ახორციელებს. ამჟამად აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ - ანუ ქვეყნის ტერიტორიის 20%  - ფაქტიურად რუსეთის სატრაპიებს (პროვინციებს) წარმოადგენენ სეპარატიზმის გამო, რომელიც კრემლის მიერ იქნა ორგანიზებული.

როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის დიდი თამაშები აზიაში ძალაუფლების მისაღწევად, ჯერაც არ დასრულებულა - მათ მხოლოდ აზიის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლეს, კავკასიაში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ სახმელეთო ვიწრო 300 მილი სიგრძის მქონე დერეფანში.

ავღანეთი როგორც ტრადიციული ბრძოლის ველი, ამ თამაშებში უკვე წარსულს ჩაბარდა. მოლების ბრბომ ჯერ რუსეთი და დიდი ბრიტანეთი დაამარცხეს დამამცირებლად, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს თალიბების მიმართ ინტერესს სულ უფრო მეტად იჩენენ ჩინელები, ინდოელები (ზოგჯერ რუსებიც), ვიდრე ევროპელები. ამიტომაც ამ ქვეყნებმა თავიანთი გავლენა ჰინდუყუშზეც გაავრცელეს, დასავლეთის უკან დახევის კვალობაზე.

შუა აღმოსავლეთში, ანუ ახლო აღმოსავლეთში, როგორც მას რუსები უწოდებენ, მოსკოვი და პეკინი დიპლომატიურ ნადავლს იყოფენ. რუსეთი წარმატებით სარგებლობს სირიაში თავისი მიღწევებით, ჩინეთი კი ახლახან, საუდის არაბეთსა და ირანს შორის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დიპლომატიურ შუამავლად გამოვიდა.

რეალური მეტოქეობა მიდის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც იმისთვის, რომ იტივტივონ, ერთი მხრივ, პეკინთან ფლირტაობენ და მეორე მხრივ, რუსეთსაც ვერ შორდებიან. თუმცა ზოგჯერ ისინიც გამოდიან კრემლისთვის არასასიამოვნო ნაბიჯებით: გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ვლადიმერ პუტინი შეხვედრზე საკმაო ხანს ალოდინა (რაც დამცირებას ნიშნავს), ხოლო ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა კრემლს მეტი პატივისცემისაკენ მოუწოდა.

ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის „ახლო საზღვარგარეთი“ და მისი „ჭრიალა უკანა კარი“ სამხრეთ კავკასიაში - კრემლის შეშფოთების ახალ მიზეზად ხდება.

დღევანდელ გეოპოლიტიკურ თამაშებში პერსონალიც იცვლება: დიდ ბრიტანეთს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მთავარ მოქმედ გმირად ითვლებოდა, ამჟამად ვერსად ვერ ვხედავთ. ბრიტანული ლომი დაბერდა, გაჭაღარავდა... ინგლისელი დიპლომატები მცირე ამბებით კმაყოფილდებიან, მათ საკუთარი ოფისებიც აღარ აქვთ, დაქირავებულში ცხოვრობენ. ამერიკაც კი თითქმის მეორეხარისხოვან მოთამაშედ ითვლება.

სამხრეთ კავკასიაში ახლა თურქეთი და მისი მონათესავე აზერბაიჯანელები მძლავრობენ - „ერთი ხალხი ორ ქვეყანაში“, - როგორც ამას ულტრანაციონალისტები ამბობენ ხოლმე, როცა ისინი დიდი თურქეთის („თურანის“) რუკებს ბეჭდავენ, რომლის ტერიტორია ეგეოსის ზღვიდან ციმბირამდეა გადაჭიმული.

სწორედ აქ, თურქეთში სამხრეთ კავკასიაში იცვლება ძალთა ბალანსი ისევე, როგორც ანატოლიის ტექტონიკურმა ფილებმა შეიცვალეს მდგომარეობა. მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს და შეიძლება სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ რუსეთი იძულებული გახდეს ნატოს წევრ თურქეთს უკვე მეტი სიფრთხილით მოეპყროს.

აშკარაა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მოსკოვის მიმართ ორმაგ თამაშს ეწევა - კიევსაც ეხმარება და მოსკოვსაც. თუმცა ასეთი თვალთმაქცური პრაგმატიზმი ანკარას ხელეწიფება, როცა მას ნახევარმილიონიანი არმია და 200 ათასი რეზერვისტი ჰყავს.

ეს ყველაფერი ცუდია სომხეთისათვის. ამაში რომ დარწუნედეთ, სამხრეთ კავკასიის რუკას და მასზე სომხეთის მდებარეობას უნდა შეხედოთ... თუ ოდესღაც სადღაც არსებობდა შორეული, ჩვენთვის უცნობი პატარა და ომით მოცული ქვეყანა, სომხეთი ამ პარამეტრებს სრულიად აკმყოფილებს. უელსზე ცოტა მეტი ტერიტორიის მქონე, 2,8 მილიონი მცხოვრებით, სომხეთი ყველაზე მეტად თავისი დიასპორიით არის ცნობილი - ისტორიული სომხეთის ფარგლებს გარეთ ხუთჯერ მეტი სომეხი ცხოვრობს - რუსეთში, აშშ-ში, საფრანგეთში... მოკლედ, მათ თავიანთი ანკლავები დედამიწაზე თითქმის ყველგან აქვთ - მონრეალიდან (კანადა) მუმბაიმდე (ინდოეთი).

ყველაზე მეტად სომხები ცნობილნი არიან 1915 წელს მომხდარი გენოციდით, როცა თურქებმა, სომხური მონაცემებით, 1,5 მილიონი სომეხი დახოცეს. ბევრი თვლის, რომ სომხების გენოციდი გერმანელი ნაცისტების მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტის (ებრაელთა დახოცვის) წინამორბედ ფაქტს წარმოადგენს - ალბათ, მათი ქრისტიანული რელიგიისა და კომერციული წარმატების გამო.

დღეს ცალკეული სომხები უფრო ცნობილნი არიან, ვიდრე მთლიანად მათი ქვეყანა. მათ შორის არიან კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი, მხატვარი არში გორკი (ადოიანი), მომღერალი შარლ აზნავური (აზნავურიანი). თანამედროვე ცნობად სახეებს წარმოადგენენ არტ-დილერი ლარი გაგოსიანი, როკ-ლეგენდა შერი (შერილინ სარქისიანი) და ვშიშობ, კიმ კარდაშიანიც.

ო, კინაღამ გამომრჩა - სომხური წარმოშობისაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც თითქოს ქვისგან გამოკვეთილი სახე აქვს - სერგეი ლავროვ-ქალანთაროვი, რომელიც მცირე ხანს მეზობელ თბილისშიც ცხოვრობდა.

სომხეთი, რომელიც 1700 წლის წინათ კავკასიაში პირველი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა, თავისი წარმოშობის ისტორიას ნოეს მითიურ შვილთაშვილს უკავშირებს (ეს ის ნოეა, რომლის გემი-კიდობანი წარღვნის დროს არარატის მთის წვერზე გაჩერდა, დღევანდელ თურქეთის საზღვართან ახლოს). სხვათა შორის, არარატის ორწვერა თოვლიანი მთა კარგად ჩანს ერევნიდან - სომხეთის მომხიბლავი დედაქალაქიდან, სადაც რუსი გოგონები გაბერილი ტუჩებით და ვარდისფერი სპორტული ფორმით ქალაქის ღვინის ბარებს არ ერიდებიან და თავს შინაურულად გრძნობენ.

სომხეთს ბევრი პრობლემა აქვს, უმეტესად კლიმატური და გეოგრაფიული ხასიათისა - წყალი ცოტაა, შესაბამისად, ჰიდროენერგიაც. „წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეზობლები თქვენს სიდედრს ჰგავნან, - მეუბნება ლოვენ ზურაბიანი, ოპოზოციური პოლიტიკოსი (ჩვენ ვზივართ და ცივ არაყს ვწრუპავთ იმ რესტორანში, რომლის მფლობელები რუსები არიან), - „და ამ დროს თქვენ არჩევანი არ გაქვთ, სიტუაციას უნდა შეეგუოთ“.

პატარა სომხეთს ბედმა არ გაუღიმა, იღბალი არ აქვს, ის იძულებულია აგრესიულ რეგიონში იარსებოს: დასავლეთით მას თურქეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - თურქეთის ძმა აზერბაიჯანი, სამხრეთიდან - ირანი. ჩრდილოეთიდან რუსეთის სუნთქვა იგრძნობა - სომხეთსა და რუსეთს შორის საქართველოა, მაგრამ მოსკოვის გავლენა ერევნამდე მაინც აღწევს. სომხეთმა გაბედა და 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რისთვისაც რუსეთმა იგი დასაჯა - კრემლმა მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებულ ომში ფაქტიურად აზერბაიჯანის მხარე დაიკავა.

მაგრამ დღეს სწორედ ბებერი „დედა-რუსეთი“ უზრუნველყოფს სომხეთის უშიშროებას: ორი ათასი რუსი მესაზღვრე და მშვიდობისმყოფელი დგას სომხეთსა და მის თურქ მეზობლებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, თურქეთთან დახურულ საზღვარს იცავენ და მეორე მხრივ, თეორიულად და არა პრაქტიკულად) აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების დამცველები არიან, რომლებსაც შიმშილი ემუქრებათ.

ეს [ტერიტორიული] დავა ისეთივე ძველია, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ისტორია [რომელიც სადაო იყო დანიასა და პრუსიას (გერმანიას) შორის]. პოლიტიკურ-დიპლომატიური სიუჟეტის ცენტრში მთიანი ფორპოსტი - სომხებით დასახლებული ყარაბაღი იმყოფება, რომელიც სსრ კავშირის დროს ავტონომიის უფლებით აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში არსებობდა. ეს ფაქტი მუდამ გარკვეულ სირთულეებს იწვევდა, რაც განსაკუტრებით გამზაფრდა სსრ კავშირის დაშლის დროს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში სომხეთთან ომში მარცხი განიცადა, მაგრამ 2020 წელს რევანში აიღო, ყარაბაღი გააკონტროლა და ანკლავს სომხეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გადაუკეტა. რუსი მშვიდობისმყოფლები კი ამ დროს უმოქმედოდ იყვნენ.

ნიკოლ ფაშინიანის ლიბერალური მთავრობა დიდი სიამოვნებით დაუწვებოდა დასავლეთს, მაგრამ რუსული თვალი ფხიზლადაა: სომხეთში სამი რუსული სახელმწიფო ტელეარხი კრემლის პროპაგანდას ეწევა. როცა ფსონების თამასა მაღლა იწევს, ერევანი ყოველთვის კრემლს უთმობს. ასე იყო 2013 წელს, როცა სომხეთის იმდროინდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ბრიუსელში უნდა გამგზავრებულიყო ევროკავშირთან საპარტნიორო (ასოცირების) შეთანხმების დასადებად, როცა მას ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და კრემლში გამოიძახა. პრეზიდენტი „სმენაზე“ დადგა, ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა და მოსკოვს მიაშურა: საბოლოოდ, სომხეთი, ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა (მოგვიანებით, 2017 წელს, ხელი მაინც მოეწერა თანამშრომლობის პაქტს, მაგრამ მისი მნიშვნელობა, ასოცირების შეთანხმებასთან შედარებით, ძალზე მცირეა).

2018 წელს სომხეთში „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ იფეთქა, რომელმაც სერჟ სარგსიანის მთავრობა დაამხო და დასაბამი მისცა ნიკოლ ფაშინიანის ევროცენტრულ რეჟიმს, მაგრამ მას ძალიან ნერვიული მდგომარეობა აქვს: „ყოველთვის, როცა მთავრობა ჯიუტობს, რუსები დათმობას გვაიძულებენ. კრემლმა კარგად იცის, რომ თუ სომხეთს დაკარგავს, ამით მთელ კავკასიას დაკარგავს“, - ამბობს ადგილობრივი ინტერნეტ-ჟურნალისტი.

როცა გასულ შემოდგომით აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ტერიტორიას შეუტია, ნიკოლ ფაშინანმა „ოდკბ“-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას - რუსულ ნატოს, რომელსაც ცინიკოსები „დიქტატორთა კლუბს“ უწოდებენ) დახმარების მიზნით მიმართა, რუსეთმა, რომელიც „ოდკბ“-ში დომინირებს, არავითარი დახმარება არ გაუწია. კრემლს შეეშინდა - ვაითუ ბაქოელი ბიჭები გავანაწყენოო.

ევროკავშირი სომხეთისგან შორს იყო, რომ ერევანს დახმარებოდა... ან დახმარება არ სურდა. კაცმა რომ თქვას, როგორ დაეხმარებოდა, როცა ბრიუსელს ბაქოს ნავთობისა და გაზის მიღების იმედი აქვს. ამერიკა სად იყო? ამერიკა ერთი თვალით ირანს და ისრელს უყურებს, მეორეტი - აზერბაიჯანს. ვაშინგტონსაც სურს, რომ ილჰამ ალიევთან კარგად იყოს. როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მორიდებულად და პატივისცემის გრძნობით სთხოვა აზერბაიჯანელ ლიდერს - ნუ შეუწყვეტ გაზით მომარაგებას მთიან ყარაბაღსო, ილჰამ ალიევმა ამერიკელი პოლიტიკოსის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია.

არადა, სომხეთს ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სომხური ლობი ვაშინგტონში ძალიან ძლიერია, ებრაულის შემდეგ. სხვათა შორის, ნენსი პელოსს, რომელიც კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი იყო, კალიფორნიის საარჩევნო ოლქში ყველაზე მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს.

მაგრამ მოდით რუკაზე სომხეთს ისევ შევხედოთ: ის ისეთი პატარაა, რომ მას ადგილობრივი დიდი თევზები შეჭმით ემუქრებიან. რის გაკეთება შეიძლება ასეთ სიტუაციაში? არასასურველი, მაგრამ აუცილებელი რუსი მშვიდობისმყოფლები არასაიმედო ძალას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინი უკრაინის ავანტიურით არის დაკავებული და სომხეთის მიმართ ძველებურად ყურადღებას არ იჩენს. თუ „ტერიტორიული მიერთების“ რუსულ პრეცედენტს გავითვალისწინებთ - ყირიმისა და დონბასის ანექსიის სახით, 10 მილიონიან აზერბაიჯანსაც რომ გაუჩნდეს მსგავსი სურვილი თავის ანკლავთან - ნახჭევანთან გაერთიანებისა და თურქეთთან სახმელეთო გზით დაკავშირების მიზნით, მერე რას ვშვრებით? რა ელოდება სამხრეთ კავკასიას?

საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ავტორიტარული მმართველობის დროს ხელისუფლება კავკასიურ ისტორიულად არსებულ კონფლიქტებს ახშობდა და რეგიონში მშვიდობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა, მაგრამ ახლა რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაციამ“ ტერიტორიული ავანტიურები ლეგალურად გადააქცია.

საბჭოეთის დიდი იმპერიის ორი ქრისტიანული ნამსხვრევი - საქართველო და სომხეთი - ბაგირის გადამწევების როლში როლში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს, არამედ თურქულ სამყაროსაც შორის.

ორივე ქვეყანას, როგორც ჩანს, გადარჩენის სხვადასხვანაირი სტრატეგიები აქვთ. ქართველები, რომელთა შორის ბევრი ნაციონალისტი ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე ოცნებობს, თვლიან, რომ საკუთარი ხელისუფლება ზედმეტ ყურადღებას იჩენს მოსკოვის ინტერესების  მიმართ. ზოგიერთები შიშობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას ისეთი წესებით ცდილობს - ავტორიტარულ-ოლიგარქული მოდელის მიხედვით - როგორიც რუსეთს აქვს.

სომხეთში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს ერთი მხრივ, მთავვრობას (რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე - უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, ატარებს სასამართლო რეფორმას - და იმ ძალებს შორის, რომლებიც ვერ შორდებიან რუს ძიძას  და ეშინიათ, ვაითუ მოსკოვის გარეშე უარეს დღეში ჩავცვივდეთო.

ზემოთ ნახჭევანი ვახსენეთ: მართლაც, ამჟამად ბაქოსა და ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკების დღის წესრიგშია სატრანსპორტო (საავატომობილო და სარკინიგზო) დერეფნის უზრუნველყოფა, რომელიც აზერბაიჯანს ნახჭევანთან დააკავშირებს. ამ საკითხში რუსეთის აზერბაიჯანს ემხრობა - დერეფნის უსაფრთხოებას რუსი მშვიდობისმყოფლები დაიცავენ, რომლებიც, როგორც ამბობენ, უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აკონტროლებს. „თუ აზერბაიჯანი დერეფანს მიიღებს, ჩვენს ქვეყანას მთლიანად დავკარგავთ“, - მითხრა პროდასავლურად განწყობილმა სომეხმა ჟურნალისტმა გოგონამ, თან დაბეჯითებით მთხოვა, რომ მისი გვარი უცნობი დარჩენილიყო.

გასულ წელს სომხეთში ბევრი რუსი ჩავიდა, რომლებიც უკრაინასთან ომს და მობილიზაციას გამოექცნენ, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობას ფლობს. რუსების მოზღვავებით და ფინანსური ნაკადით სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2022 წელს 14%-ით გაიზარდა. ერევნის ცენტრი მდიდრულად გამოიყურება.

მაგრამ სომხეთს, რუსების გარდა, სხვა „სვავებიც“ დასტრიალებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოგების მიღებით: მაგალითად, ინდოელები სომხებს იარაღს აწოდებენ და ამბიციური გეგმის განხორციელება სურთ - ირანის ჩეჰბეხარის ნავსადგურიდან (ომანის ყურეში) ევროპისაკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა - სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. „ინდოელების მიზანია ხელი შეუშალონ პაკისტანელებს, რომლებიც აზერბაიჯანს ეხმარებიან“, - ამბობს ლოვენ ზურაბიანი, - „ყველა ჩვენთან თამაშს ცდილობს, სომხეთი დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ობიექტი ხდება“.

თუ ამისთვის ვინმეს დამატებითი მტკიცებულებები ჭირდება, ამას ერევნის აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე დაინახავს, სადაც ორი ქვეყნის საელჩოების ახლახან აგებული უზარმაზარი შენობები მოჩანს, უსაფრთხოების აპარატურით დახუნძლული: ერთი - ამერიკის შეერთებული შტატებისაა, მეორე კი - უფრო დიდი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეკუთვნის, რომელიც დიდ კავკასიურ თამაშებს მოგვიანებით შეუერთდა.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/the-great-caucasian-game/?fbclid=IwAR0PnLqC1-pir5TxHbD5ebP8i35Elp0B0nLVuO7eojQLCS-Hmi9jqBhOvTE

 

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის