USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „ბრუნდებიან თუ არა დასავლური კომპანიები რუსეთში?“
Date:  720

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ორი აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბრუნდებიან თუ არა დასავლური კომპანიები რუსეთში?“, რომლის ავტორია მარკ გალეოთი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი. მასალაში გაანალიზებულია იმ დასავლური კომპანიების რუსულ ბაზარზე დაბრუნების ალბათობა, რომლებმაც უკრაინის ომის დაწყების გამო, 2022 წელს რუსეთი დატოვეს. ავტორის აზრით, თუ მათი დაბრუნების პროცესი დაიწყება, ის იოლი არ იქნება - იმიტომ, რომ რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც კონკურენტების „მეორედ გამოცხადება“ არ აწყობთ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის გახმაურებული სატელეფონო საუბრიდან, რომელიც გასულ თვეში გაიმართა, საკმაო დრო გავიდა, მაგრამ რუსეთში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ დასავლური კომპანიები, რომლებმაც ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დატოვეს, ისევ უკან, რუსეთში დაბრუნდებიან, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიები. ზოგიერთებისათვის ეს ოცნებაა, ზოგიერთებისათვის კი - პირიქით, ნამდვილი კოშმარი.

როგორც არ უნდა იყოს, ამ თემაზე საუბრისას მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ზედმეტ აქცენტებს აკეთებენ, თუმცა ბევრი თვალს ხუჭავს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთის ნაზარი ახლო პერსპექტივაში მაინც ტოქსიკური დარჩება დასავლური კომპანიებისათვის.

რუსული პრესა სავსეა მასალებით, რომლებშიც სხვადასხვა თვალსაზრისებია გადმოცემული. მაგალითად, პოპულარული გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სტატიაში სათაურით „ისევ გამარჯობათ? როგორ დაბრუნდებიან ამერიკული კომპანიები რუსეთში“ დამაჯერებლად აცხადებს, რომ „დაე, დაბრუნდნენ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ახლა თამაში რუსული წესებით იქნება“. რუსმა „მტრედებმა“ და „ქორებმა“ - ყოველმა თავიანთი მიზეზებით - მაგრამ ყველამ ერთნაირი სიმღერა დაიწყო.

„მტრედებისათვის“ ეს არის ვლადიმერ პუტინის მცდელობა იმისათვის, რომ აცდუნოს დასავლური კომპანიები რუსული ეკონომიკური პერსპექტივის ხიბლით, პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად: „აი, შეხედეთ, უკრაინაში ომის დასრულება რეალური ხდება, თქვენთვის ფართო პერსპექტივა იშლება... აიძულეთ თქვენი მთავრობები, რომ ანტირუსული სანქციები გააუქმონ“.

„ქორები“ კი, თავის მხრივ, ცდილობენ აღკვეთონ მასშტაბური დათმობები დასავლური კომპანიებისათვის და ხატავენ ისეთ სურათს, რომ „ჩვენ [რუსები], მართალია, კეთილი ხალხი ვართ, მაგრამ უცხოელ ბრენდებს ჩვენი ყიდვის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“. ისინი ხაზს უსვამენ იმ რუსული ფირმებისა და კომპანიების წარმატებულ საქმიანობას, რომლებმაც დასავლური კომპანიების ნიშა დაიკავეს მათი წასვლის შემდეგ: მაგალითად, კომპანია „ვკუსნო ი ტოჩკა“, რომელმაც ამერიკული McDonald's-ი ჩაანაცვლა და სხვები. მაგრამ თუ მტაცებელი ტრანსეროვნული კომპანიები ისევ დაბრუნდებიან, მათ ჯერ საკუთარ მთავრობებს სანქციების მოხსნა უნდა მოსთხოვონ, შემდეგ გარკვეული კომპენსაციები უნდა გადაიხადონ რუსულ ბაზარზე დაბრუნებისათვის.

დასავლური კომპანიების დაბრუნება რუს პროტექციონისტებს საკმაოდ აღელვებთ, განსაკუთრებით იმ რუსულ კომპანიებს, რომლებთაც მარალი შემოსავლები აქვთ უცხოური კონკურენციის არარსებობის პირობებში. ისინი გარკვეულ კავშირებსაც კი ქმნიან, რომ ხელი შეუშალონ დასავლელი კონკურენტების დაბრუნებას. მაგალითად, გასულ კვირას, რუსეთის პრემიერ-მინისტრის წლიური საანგარიშო მოხსენების წინ რუსი ულტრანაციონალისტი ე.წ. „ლიბერალ-დემოკრატები“ და ასოციაცია „ახალი ადამიანები“ ერთად გამოვიდნენ უცხოური კომპანიების წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ მათთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლების მიცემა მთავრობის ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა.

„ახალი ადამიანების“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ალექსი ნეჩაევმა გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ „დასავლური კომპანიების დაბრუნებას შეუძლია რეალურად შეუშალოს ხელი რუსული ბიზნესის გაფართოება-განვითარებას. არ შეიძლება ჩვენი მშობლიური კომპანიების მიღწევების დაუფასებლობა-გაუფასურება, ჩვენი შრომითი კოლექტივებისა და ბიზნესწრეების ინტერესთა იგნორირება, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შექმნეს“. მისი აზრით, ამ საკითხში მთავრობის პოლიტიკა „ძალიან უბრალო და მარტივი უნდა იყოს“: „თუ დასავლური კომპანიის დაბრუნება რუსეთისათვის სასარგებლო იქნება, დაე, დაბრუნდეს და იმუშაოს, მაგრამ თუ ჩვენ იმავე საქმეს კარგად და მასზე უკეთესადაც ვაკეთებთ, მაშინ უნდა ვუთხრათ - „მშვიდობით, აქ თქვენი ადგილი აღარ არის“ და წერტილი“.

მეორე მხრივ, ჩამოყალიბდა არანაკლებ პარადოქსული ალიანსი იმ ადამიანებს შორისაც, რომლებსაც დასავლური კომპანიების რუსეთში დაბრუნება და რუსული ბაზრის მათთვის გახსნა სურთ. ესენი არიან როგორც ნამდვილი ლიბერალები, ასევე ზოგიერთი მსხვილი ნავთობ-გგაზის კორპორაცია (თუმცა ისინი თავიანთ თავს არ აფიშირებენ). რასაკვირველია, მათ საკუთარი იტერესები ამოძრავებთ და ასე ფიქრობენ: „კარგი იქნება, თუ ისინი დაბრუნდებიან, შემოიტანენ ინვესტიციებს და დასავლურ მოწინავე ტექნოლოგიებს, მაგრამ მათი საქმიანობა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“.

ჯერ-ჯერობით კრემლი ფრთხილი და შეზღუდული ურთიერთობის აღდგენისაკენ იხრება. ამას წინათ რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უპირატესობა მიეცემა იმ დასავლური კომპანიების დაბრუნებას, რომლებიც ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდნენ, ზედმეტად არ აქტიურობდნენ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და რუსეთიდან წასვლა არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ საკუთარი მთავრობების ზეწოლით წასულიყვნენ.

მაგრამ მსხვილი დასავლელი ბიზნეს-მოთამაშეების უკან დაბრუნება იოლად არ მოხდება, კრემლის მხრიდან შეწყალება მათთვის საკმარისი არ იქნება. რისკები ძალიან მაღალია: ჯერ ერთი, რომ კრემლს შეუძლია მათ რუსეთში დატოვებული ქონება დაუბრუნოს, მაგრამ ასევე შეუძლია ისევ წაართვას. მეორე - დასავლური კომპანიებისათვის, ალბათ, მაინცდამაინც მმზიდველი არ უნდა იყოს უმცროსი პარტნიორის როლში ყოფნა და ერთობლივი საწარმოების იძულებით შექმნა: მათ ძალიან კარგად ახსოვთ ის მწარე გამოცდილება, როცა რუსული უმცროსი პარტნიორები ხშირად უფროსები ხდებოდნენ... მესამე - თუ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები თავიანთ კომპანიებს რუსეთში დაბრუნების უფლებას მისცემენ, სანქციების სწრაფი შერბილება და მოხსნა არ მოხდება: პროცესი გაჭიანურდება, შეზღუდული და ეტაპობრივი იქნება. რასაკვირველია, დასავლეთი რუსულ ბაზარზე დაბრუნების ნებას არ მისცემს იმ კომპანიებს, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდებათ რუსებს, მაგალითად, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში. რაც შეეხება ფასტფუდის („სწრაფი კვების“) კომპანიებს, ვთქვათ, იგივე „მაკდონალდსს“, ან ტანსაცმლის ფირმებს, რუსეთს მათი დაბრუნება მაინცდამაინც არ ანტერესებთ. ი მათ გარეშეც გააგრძელებ არსებობას.

ამრიგად, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში დასავლეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მეტ-ნაკლებად მოწესრიგდება. ერთი მხრივ, შესაძლოა ასეთი ოპტიმიზმი ნაჩქარევი და ნაადრევი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს განწყობა არამარტო რუსებში შეიმჩნევა, არამედ დასავლელებშიც. 2022 წელს მე კონსულტაციას ვუწევდი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას, რომელიც იძულებული იყო რუსეთის ბაზრიდან წასულიყო, მაგრამ „რბილად“ და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. გასულ კვირას იგივე კომპანიის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჯერ ფრთხილად მოქმედებენ, ნიადაგს ამოწმებენ და სურთ იმ პირობების განხილვა, რომლის ჩარჩოებში ისინი რუსულ ბაზარზე დაბრუნებას შეძლებენ“.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/are-western-companies-heading-back-to-russia/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way