USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთ): „უკრაინაზე ლაპარაკი [დასავლეთის მოსახლეობაში] არავის აღარ უნდა“
Date:  

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინაზე ლაპარაკი არავის აღარ უნდა“ (ავტორი - ლიონელ შრაივერი). „დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობამ უკრაინის კონფლიქტისადმი ინტერესი დაკარგა. მოქალაქეებს სულ უფრო უმტკიცდებათ აზრი, რომ უკრაინის დაპირისპირებას რუსეთთან „ბედნიერი დაბოლოება“ არ ექნება. კიევის არმია სულ უფრო სუსტდება“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინა-რუსეთის ომის პირველ თვეებში ბევრი დასავლელი „ობივატელი“ საომარ მოქმედებებს ყოველდღიურად თვალს ადევნებდა. რასაკვირველია, საზოგადოებაში თანადგომისა და სოლიდარობის გრძნობა ნამდვილად არსებობდა. ვოლოდიმირ ზელენსკი კლასიკურ დადებით გმირს ანსახიერებდა, უკრაინელ ხალხთან ერთად, ხოლო ვლადიმერ პუტინი ისეთ ნეგატიურ ადამიანს და ავაზაკს, რომლის სახის შექმნა უილიამ შექსპირს თუ შეეძლო. ბუჩას ტრაგედია, შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის მთავარი სამხედრო ხომალდის ჩაძირვა, ხერსონის გათავისუფლება, ყირიმში რუსული ბაზების დაბომბვები უკრაინელების მიერ - ეს და სხვა მსგავსი მოვლენები მოსახლეობის ყურადღებას იწვევდა.

მაგრამ ახლა სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. უკრაინის მოვლენები უკვე „გუშინდელ ამბებად“ გადაიქცა. თუ არ ჩავთვლით მმართველ პოლიტიკური წრეებს, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ ყურადღებას უთმობენ უკრაინის საკითხს, ფართო მოსახლეობაში კიევის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა ქრება. ნაწილობრივ, ამაში „დამნაშავეა“ ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში და ღაზას სექტორში მიმდინარე კრიზისი, რომელიც ანაზდეულად დაიწყო და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გარდა ამისა, ინტერესი შეამცირა უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შედეგებმა, რომლებიც კიევის გეგმების სრულ კრახში გამოიხატა.

ყოველდღიურად სულ უფრო აშკარა ხდება, რომ კიევს წინ ბედნიერი მომავალი არ ელოდება, პირიქით - ომის დაბოლოება უაღრესად ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება. უკრაინის არმია დიდ დანაკარგებს განიცდის და მის მდგომარეობას ვერანაირი დასავლური დახმარება ვერ გამოასწორებს.

                ომის ფინალი, დიდი ალბათობით, უკრაინისათვის მარცხიანი მოჩანს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რეალობას ვერსად ვერ გავექცევით: ამჟამად უკრაინის არმიის ჯარისკაცთა საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენს. ჯარს ახალგაზრდები აკლია. დიახ, ბევრმა თავი უცხოეთს შეაფარა, მაგრმა ბევრზე ბევრი უკვე უკვე დაღუპული და დასახიჩრებულია. უკვე ფრონტის წინა ხაზზე ქალებს გზავნიან საბრძოლველად. უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია - ომამდე რუსეთის მოსახლეობა ოთხჯერ მეტად ჭარბობდა უკრაინის მოსახლეობას, ახლა კი უკვე, ალბათ, ხუთჯერ ჭარბობს: ქალები და ბავშვები ლტოლვილებად იქცნენ და საეჭვოა ევროკავშირის ქვეყნებიდან უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

                რუსეთის მოსახლეობამ კი ტრადიციულად, ომის მიმართ ადაპტირება მოახდინა. ფართო მასშტაბიანი უკმაყოფილება ომით შექმნილი სირთულეების გამო არ იგრძნობა. რუსეთის მთავრობა ცდილობს ნეგატიური პროცესები გაანეიტრალოს. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მატულობს, რუბლის კურსი საკმაოდ მყარია. დასავლურმა სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია.

ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ე.წ. „მორალური კომპრომისი“ წარმოადგენს. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დროა მოუწოდონ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, რათა უკრაინამ თავისი არსებობა შეინარჩუნოს, თუმცა გარკვეული ტერიტორიული დათმობების ფასად.

პატური (ჩიხური) სიტუაციის გაჭიანურება ფრონტზე კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს და ნგრევას გამოიწვევს. და თუ უკრაინას დასავლეთი მხოლოდ იმდენ იარაღს მისცემს, რომ მათ ბრძოლა ბოლო მამაკაცამდე და ქალამდე გააგრძელონ, ეს არა მარტო ამორალური ქმედებაა, არამედ ეს უკრაინელი ერის მკვლელობაა.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/no-one-wants-to-talk-about-ukraine-any-more/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way