USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტაენთი): „პრიგოჟინი „ეშმაკთან, ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“
Date:  415

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით სათაურით „პრიგოჟინი „ეშმაკთან, ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“ (ავტორი - პოლ ვუდი). მასალაში განხილულია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მკვლელობის მოტივები და რუსული ელიტის ცალკეულ წარმომადგენელთა სავარაუდო ინტერესები, მისი ლიკვიდაციის განხორციელების საქმეში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„როცა საერთაშორისო მასმედიით ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ამბები გავრცელდა, მე მარატ გაბიდულინს ვესაუბრე, რომელიც „ვაგნერის“ ერთ ერთი ძლიერი და გავლენიანი მეთაური იყო და გარკვეული დროის განმავლობაში ევგენი პრიგოჟინის  პირადი თანაშემწეც იყო სამხედრო საკითხებში. ამჟამად მარატ გაბიდულინი საფრანგეთში ცხოვრობს,  დევნილის სტატუსით და მას ყველა იცნობს, როგორც ევგენი პრიგოჟინის მკაცრ კრიტიკოსს. იგი იძულებული იყო რეგულარულად გამოეცვალა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, რადგან ეშინოდა - „ვაგნერის“ დამაარსებელი ვინმეს მიუგზავნიდა და მოკლავდა.

მარატ გაბიდულინი თავის ყოფილ ბოსს ადრეც ახასიათებდა როგორც ჭკვიან, მაგრამ იმავდროულად დაუნდობელ, მკაცრ და ხარბ ადამიანს, რომელიც მზად იყო ათი ათასობით „ვაგნეროველი“ გაეწირა საკუთარი შემოსავლების ზრდისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, მაგრამ ახლა ევგენი პრიგოჟინის ყოფილი თანამებრძოლი მისი სიკვდილის გამო საკმაოდ დადარდიანებულია: ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს „ერთ-ერთი დიდი ადამიანი აღარ ჰყავს“: „დიდი ადამიანების ეპოქა დასრულდა, დგება პატარა ადამიანების დრო“.

ევგენი პრიგოჟინის გვამი ჯერ არავის უნახავს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იგი სადმე გამოჩნდეს პარიკით და მიწებებული წვერ-ულვაშით - იმ ფოტოსურათების მსგავსად, რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა სანქტ-პეტერბურში, „ვაგნერის“ შენობის ჩხრეკის დროს იპოვეს. ამბობენ, მას რამდენიმე ორეული ჰყავსო, მაგრამ ზუსტად ვერავინ დაასკვნის - ორეული დაიღუპა თუ თვითონ ევგენი პრიგოჟინი. მოკლედ, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი ძალადობრივად არის მოკლული (რასაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა მას შემდეგ, რაც ტანკები მოსკოვისაკენ გაგზავნა), ჩნდება კითხვა - ვინ გასცა მისი მოკვლის ბრძანება - თვითონ ვლადიმერ პუტინმა თუ რომელიმემ პრეზიდენტის ახლოს შეკრებილი მრავალრიცხოვანი მეტოქეებიდან? მე პირადად ის, რაც მოხდა, „ვაგნერის“ მეთაურის ისეთ საჯარო დასჯად მეჩვენება, რომლის დაკვეთა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეეძლო: „ასე მოუვა ყველას, ვინც კი პრეზიდენტს წინააღმდეგობას გაუწევს“. მაგრამ მარატ გაბიდულინი ამაში დარწმუნებული არ არის. იგი ფიქრობს, რომ მომხდარ ფაქტში თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელი ურევია: „პრიგოჟინის მკვლელობით აფრიკაში რუსეთის ინტერესებს ზიანი მიადგა, იგი გამოცდილი პიროვნება იყო და საქმის ორგანიზებას ვერავინ ისე ვეღარ გააკეთებს, როგორც ქვეყნის ინტერესებს ჭირდება. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინს ევგენი პრიგოჟინის ასეთი დასასრული არ უნდოდა. ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს ინიციატივას უფრო ჰგავს, ვიდრე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პრიგოჟინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა შოიგუს და მინისტრის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მის სიძეს, რომელიც უკრაინაში შეჭრას არ იწონებდა,  [უცენზურო] სიტყვებით ლანძღავდა“, - ამბობს მარატ გაბიდულინი.

მართლაცდა, ევგენი პრიგოჟინს უამრავი მტერი ჰყავდა. ინტერვიუში, რომელშიც მან სერგეი შოიგუ არასასიამოვნო გამონათქვამებით „შეამკო“, იგი გადასწვდა სერგეი ლავროვსაც და „მოსკოვური ელიტის“ სხვა წარმომადგენლებსაც: „თქვენი ასე და ისე (...), საკუთარ შვილებს რომ საზღვარგარეთ მალავთ და რიგითი რუსების შვილებს ომში აგზავნით“. ბრიტანული დაზვერვის Mi-6-ის ერთ-ერთმა გადამდგარმა ოფიცერმა, რომელიც ახლა რუსეთის საკითხებში კერძო კონსულტანტია, მითხრა, რომ ჯერ კიდევ ამბოხებამდე ცდილობდნენ შეთქმულება მოეწყოთ ევგენი პროგოჟინის მკვლელობის მიზნით - ზოგი ცალკე მოქმედებდა, ზოგიც ერთობლივად.

შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ბრძანების გაცემა არც ჭირდებოდა - ყველამ იცოდა, რაც უნდა გაკეთებულიყო და, სავარაუდოდ, იმედოვნებდნენ, რომ პრიგოჟინის მოკვლის გამო პრეზიდენტი კმაყოფილი იქნებოდა. ამ დღეებში ვესაუბრე კიდევ ერთ ნაცნობს, ყოფილ „ეფესბეშნიკს“, რომელმაც მითხრა, რომ პუტინის სასახლის კარზე საქმე სწორედ ასე კეთდება ხოლმე: „როგორც კი ბოსი რაღაცას მიანიშნებს ან რომელიმე წინადადებას დაეთანხმება (თავს დაუქნევს), ყველა ერთმანეთს ასწრებს შესრულებას იმ იმედით, რომ სამომავლოდ ჯილდოდ რაღაცას მიიღებს“.

ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა გარდაუვლად ჩანდა იმ მომენტიდან, როცა მას ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას „სამშობლოს გამყიდველი და მოღალატე“ უწოდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ რით დასრულდებოდა ამბოხება). ბოლოსდაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში მოღალატეებს მხოლოდ ერთი ბედი აქვთ. ვლადიმერ პუტინმა ერთხელ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში  მშვიდად თქვა, რომ მას ადამიანისათვის ყველაფრის პატიება შეუძლია, მოღალატეობის გარდა. მოგვიანებით, როცა პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინი „შეიწყალა“, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვლადიმერ პუტინის გავლენა დასუსტდა და ასე ამიტომ მოიქცაო, ანუ შეიქმნა ასეთი სიტუაცია: სანამ „ვაგნერის“ მეამბოხე მეთაური სიცოცხლეს აგრძელებდა და სუნთქავდა, მანამდე პუტინის ავტორიტეტი შელახული იქნებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში პუტინი იძულებული იყო ანგარიში გაეწია შიდა და გარეშე ფაქტორებისთვის: მან ევგენი პრიგოჟინი კრემლშიც კი მიიწვია და შეხვდა....

ცხადია, ევგენი პრიგოჟინსაც, თავის მხრივ, კარგად ეცოდინებოდა, რომ როცა შეწყალებისათვის მადლობის ნიშნად მბრძანებლის ხელებს კოცნი, უკნიდან რაღაც ცუდს უნდა ელოდე. გავიხსენოთ, რომ ომის 18 თვის განმავლობაში პრეზიდენტის რამდენიმე კრიტიკოსი ზოგი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და „უბედური შემთხვევის“ გამო გარდაიცვალა, ზოგიერთი კი ისეთი „გულის შეტევით“, რაც მას ადრე არ ჰქონია. ამიტომაც ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფაში (ერთ-ერთი სანდო ვერსიით, Embraer Legacy 600 რუსეთის არმიის სარაკეტო ქვედანყოფიდან გასროლილი რაკეტით ჩამოაგდეს) მოულოდნელი არაფერი არ არის - ეს მიუთითებს იმ დრამატულ, საჯარო და უშეცდომო მინიშნებაზე, რომ ადრე თუ გვიან, მართლაც ასე დაემართება ყოველს, ვინც კი პრეზიდენტს დუელში გამოიწვევს.

როგორც ასევე დევნილმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა, „ეს არის ანგარიშსწორება მსაჯულის გარეშე“. სხვათა შორის, მას ჩემთვის ადრეც უთქვამს, რომ „პუტინი ბანდიტი და განგსტერია, რომელიც მიჩვეულია კანონის იგნორირებას“. იგი თვლიდა, რომ პრიგოჟინის აღზევება იმის შედეგია, რაც რუსეთში ბოლო წლებში ხდება: „ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სხვაგვარად არც მოხდებოდა“.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეეძლო იოლად დაეპატიმრებინა „ვაგნერის“ მეთაური, მაგრამ სასამართლოში მისი საქმის განხილვა წარმოუდგენელი იქნებოდა. მართალია, რუსეთში მოსამართლეები მთლიანად ხელისუფლებას ექვემდებარებიან, მაგრამ ევგენი პრიგოჟინისთვის საჯარო ტრიბუნის მიცემა წარმოუდგენელი იქნებოდა.

რამდენად შეიძლება პრიგოჟინი დარწმუნებული ყოფილიყო, რომ იგი რუსეთში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ხელს ვერ ახლებდნენ? განა იგი ამდენად ბრიყვი იქნებოდა? თუმცა, რომ დავუკვირდეთ, ხანდახან მის გამონათქვამებშიც იგრძნობოდა, რომ იგი კარგად ხვდებოდა თავისი დასასრულის მოახლოებას. „ვაგნერის“ ლიდერი არ იყო ისეთი კაცი, რომელიც საწოლში სიკვდილს აპირებდა. „უმჯობესია მოკვდე გმირად, ვიდრე „პედიკივით“ იცხოვრო“, „ჩვენ, ალბათ, ყველანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით, მაგრამ იქაც მაგრები და საუკეთესოები ვიქნებით“, - ამბობდა ევგენი პრიგოჟინი ინტერვიუებში.

„ვაგნერის“ მხარდამჭერთა ტელეგრამ-არხებში ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის დამკვეთებს „რუსეთის მოღალატეებს“ უწოდებენ. გაისმის ხმები, რომ შეიძლება მოსკოვზე კიდევ ერთი ლაშქრობა მოეწყოს. ივნისის ამბოხთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი რჩება კითხვები - რამდენად ჰქონდა პრიგოჟინს კრემლის სხვა სტრუქტურების მხარდაჭერის იმედი? ელოდებოდა თუ არა იგი იმას, რომ უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები გადატრიალების მცდელობაში მხარს დაუჭერდნენ? ლოგიკის მიხედვით, თუ მოსკოვის დასაკავებლად მიდიხარ და რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების იმედი არ გაქვს, მაშინ ასეთი მოქმედება თვითმკვლელობის სულელურ აქტს წარმოადგენს.

„ვაგნერის“ მომხრეთა მუქარები ტელეგრამ-არხებში - „ასე და ასე ვიზამთ, შურს ვიძიებთო“ - სერიოზულად არ აღიქმება იმ რეალობის ფონზე, როცა ცნობილია - „ვინც პუტინზე მახვილს აღმართავს, ის იმავე მახვილით მოკვდება“. უბრალოდ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს პუტინისავე „რკინის ლოგიკა“ საკუთარ მოქმედებაში: „თუ რაიმეს გაკეთება გინდა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, ანუ თუ მეფის მოკვლა გინდა, იგი კი არ უნდა დაჭრა, არამედ მართლაც უნდა მოკლა. თუ თქვენ მოსკოვისაკენ მარშით სვლა გადაწყვიტეთ, არ უნდა გაჩერდეთ“.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/prigozhin-sent-to-hell/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way