USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«The Indian Express» (ინდოეთი): „ხმები რუსეთის დაცემის და კრახის შესახებ გადაჭარბებულია“
Date:  501

ინდოეთის ყოველდღიურ გაზეთ „ინდიან ექსპრესში“ (The Indian Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხმები რუსეთის დაცემისა და კრახის შესახებ გადაჭარბებულია“ (ავტორი - პხუნჩო სტობმანი, ყოფილი ელჩი, ნიუ-დელის სამხედრო კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისინი, ვინც დისკუსიაში მონაწილეობენ გლობალური პოლიტიკის თემაზე, ძალიან  გადაჭარბებულ დასკვნებს აკეთებენ რუსეთ-უკრაინის ომის ფინალთან მიმართებით, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: დასავლური პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რუსეთი ომით დასუსტდა, მისი ეკონომიკა დანგრეულია, ხოლო კრემლის დამარცხება მხოლოდ დროის საქმეა. კაცმა რომ თქვას, მათ აქვთ გარკვეული არგუმენტები თავიანთი თვალსაზრისითვის: რუსეთმა მართლაც ვერ შეასრულა ის მიზნები, რასაც თავდაპირველად აცხადებდა უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, კრემლის რეპუტაცია დაიჩრდილა, რუსეთის არმია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: დასავლეთის კრიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვი ომს იგებს და პოზიტიურად მიიჩნევენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს ავი საქმეები ყველას დაანახა.

გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ განწყობილმა საზოგადოებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ისიც, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია აკონტროლებს ყირიმს და დონბასის უმეტეს ნაწილს, მოსკოვის არმიას შეუძლია დამატებითი ტერიტორიების დაკავებაც, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.

როგორიც არ უნდა იყოს კონფლიქტის დასასრული, ვლადიმერ პუტინი საეჭვოა დათანხმდეს ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. ეს გარემოება უკრაინის პოზიციებს ძალიან დაასუსტებს პერსპექტიული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. საბოლოო ჯამში რჩება გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელსაც თან ახლავს გამალებული შეიარაღება და დიდი თანხების ხარჯვა თავდაცვაზე, რაც, ბუნებრივია, ევროპას კისერზე დააწვება. როგორიც არ უნდა იყოს ომის დასასრული, რუსეთი მაინც დარჩება ევროპის უსაფრთხოების საკვანძო ელემენტად. თუ უკრაინა ომს წააგებს და საომარი მოქმედებები დასრულდება, ევროკავშირს უამრავი პრობლემა ექნება: ქვეყნის აღდგენას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება დაჭირდება. საიდან მისცემს ევროპა უკრაინას საკმარის ენერგორესურსებს, როცა თვითონაც პრობლემების წინაშე დგას? უეჭველია, აუცილებელი გახდება რუსული ნავთობი და გაზი, რომელიც კრემლს თავზესაყრელი აქვს. გასათვალისწინებელიაისიც, რომ რუსეთის ბირთვული სახელმწიფოა, ეს გარემოება კი მას ნებას აძლევს გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სტრატეგიულ ბალანსზე.

ამრიგად, დასავლეთს (ამერიკას და ევროპას) სურს თუ არ სურს, მათ მაინც მოუწევთ რუსეთის პოლიტიკის მხედველობაში მიღება, მისი ჩართვა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში.

რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აშშ-ის გავლენა ევროპაზე. ვაშინგტონი  თავის გადამწყვეტ „სიტყვას იტყვის“ რუსეთის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართვის დროს. თავის მხრივ, მოსკოვის სამომავლო საგარეო პოლიტიკას ბევრად განსაზღვრავს არამარტო უკრაინის ომი, არამედ ისიც, თუ როგორ გადაწყდება კონფლიქტი ღაზას სექტორში. კრემლი, ტრადიციულად, უფრო მეტად შეეცდება დაიცვას პალეტინელების ინტერესები.

დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსულ სტრატეგიულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია ის, რომ რუსებს სხვა ქვეყნებიდან მომეტებული საფრთხისა და მუქარების ღრმა შეგრძნება აქვთ. ამის მაგალითია კარიბის 1962 წლის კრიზისის და 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მწვავე დაძაბულობა, ევროპაში ამერიკული და საბჭოთა რაკეტების განლაგების გამო.

21-ე საუკუნეში კი სიტუაციის გამწვავება შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, დასავლეთს ყურადღება რომ მიექცია კრემლის განცხადებებისადმი (ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნჰენის კონფერენციაზე) და რომ არ მოეხდინა რუსეთის არაერთი გაფრთხილების იგნორირება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

ომმა რუსეთის ეკონომიკის სიმტკიცე აჩვენა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნნელი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებამ წინა წლებში, როცა ნავთობზე მაღალი ფასები იყო, სავალუტო მარაგი შექმნა. მოსკოვი სწორედ ენერგეტიკის სფერომ გადაარჩინა - რუსული ენერგოშემცვლები ევროპის ნაცვლად, ახლა აზიაში იყიდება. მოსკოვა მეტ-ნაკლებად წარმატებით განახორციელა ენერგეტიკული ნედლეულის ნაკადის გადამისამართება ევროპიდან აზიისაკენ - ინდოეთისა და ჩინეთისაკენ. ასევე მოახდინა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, მესამე ქვეყნებზე ტრანზიტის მეშვეობით. კრემლის ასეთი ნაბიჯი ფაქტიურად, მსოფლიო ბალანსისათვის ისტორიულ გარდატეხას ნიშნავს. 

ინდოეთის ოფიციალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით რეალიზმს ემყარება, მაგრამ დამკვირვებლები და ანალიტიკოსები  უფრო მეტად დასავლეთის არასწორი დასკვნებით სარგებლობენ, რომ რუსეთის შესახებ რაც შეიძლება მეტი მცდარი აზრი გაავრცელონ, აკრიტიკონ ვლადიმერ პუტინი „ომის არჩევანისთვის“. არადა, რუსეთის პოტენციალის ობიექტურად, აწონილ-დაწონილად შეფასება აუცილებელია, ნაადრევი უსაფუძვლო დასკვნები კი მათ [ბუმერანგივით] უკან დაუბრუნდებათ.

წყარო: https://indianexpress.com/article/opinion/columns/reports-of-russias-decline-are-greatly-exaggerated-9031465/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way