USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
The Independent: „სტამბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც თვითონ კრემლის მიერ იქნა ინიცირებული, ვლადიმერ პუტინის არყოფნა დიალოგის ჩაშლას არ ნიშნავს“
дата:  702

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთის“ (The Independent) 16 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „სტამბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც თვითონ კრემლის მიერ იქნა ინიცირებული,  ვლადიმერ პუტინის არყოფნა დიალოგის ჩაშლას არ ნიშნავს“. ავტორის აზრით, თუ მხარეებს მართლაც სერიოზულად სურთ მშვიდობის მიღწევა, მაშინ მოილაპარაკებენ, დოკუმენტის პროექტს შეიმუშავებენ, რომლებსაც შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბევრისთვის სტამბოლში დაგეგმილი რუსულ-უკრაინული შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ასე ჟღერდა - ჩავიდოდა თუ არა თურქეთში ვლადიმერ პუტინიც? ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში არ გაემგზავრება. რა თქმა უნდა, უკრაინელმა ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააყოვნა რუსეთი დელეგაცია პუტინის გარეშე „ბუტაფორულ შემადგენლობის“ მქონედ ჩათვალა. თუმცა წესით პუტინის არყოფნამ მოლაპარაკების წარმატებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

როცა ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა სამომავლო შეხვედრის შესახებ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე ჰქონდა ნათქვამი - „პირდაპირი შეხვედრა წინასწარი პირობების გარეშე გაიმართებაო“, ვოლოდიმირ ზელენსკისაგან გამოწვევა მიიღო: „მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები მოლაპარაკებას, თუ ჩემს წინ მხოლოდ პირადად პუტინი დაჯდებაო“. კრემლი ბოლო მომენტამდე დუმილს ინარჩუნებდა - არც ადასტურებდა და არც უარყოფდა პრეზიდენტის მონაწილეობას და მხოლოდ სამიტის წინა დღეს, როცა რუსული დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდა, აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ მიდიოდა და მოსკოვში რჩებოდა.

მაგრამ ამ სიტუაციას ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი აქვს:

პირველ რიგში ის, რომ თავიდანვე ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდა ვლადიმერ პუტინის გამგზავრება სტამბოლში, თანაც ესოდენ მოკლე ვადაში. ტრადიციულად, მსოფლიოს დიდი ლიდერებისათვის (ალბათ, დონალდ ტრამპის გამოკლებით) ერთკვირიანი ვადა არასაკმარისია საზღვარგარეთული ვიზიტის მოსამზადებლად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ კრემლი და პირადად ვლადიმერ პუტინი უცხოურ ვიზიტებს წინასწარი მტკიცე მომზადების გარეშე არ ახორციელებს, ყოველ საპრეზიდენტო ვიზიტს წინ უძღვის მინიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მაინც, ნებისმიერი მოულოდნელობები რომ გამორიცხული იყოს.

ვლადიმერ პუტინისათვის კარგად არის ცნობილი ვოლოდიმირ ზელენსკის პიარ-ტალანტი და ის სიმპათიები, რომლითაც დასავლეთში უკრაინელი ლიდერი სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით კრემლს ორმაგი სიფრთხილით უწევს მოქმედება, რომ ყველანაირ ხაფანგ-მახეებს თავი აარიდოს.. ერთ-ერთი ასეთი მახე იყო დონალდ ტრამპის შეთავაზება 30-დღიან ზავზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მცირე ყოყმანის შემდეგ, მხარი დაუჭირა. კრემლისათვის კი ეს მოულოდნელი იყო, რუსეთის ხელმძღვანელობას სიურპრიზები არ უყვარს. შესაბამისად, საეჭვო ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმებოდა ისეთ ერთთვიან ზავს, რომლის დროსაც უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტა გარანტირებული არ იქნებოდა. ასეა თუ ისე, რუსეთ-უკრაინის დელეგაციათა მოლაპარაკება 16 მაისს მაინც გაიმართება, თუნდაც შედარებით დაბალ დონეზე და არ არის გამორიცხული სასიკეთო შედეგის მიღწევა. მოლაპარაკების პერსპექტივა დადებითად შეფასდა ნატოს გენმდივნის მარკ რიუტეს მხრიდანაც, რომელიც 15 მაისს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. როგორც ჩანს, მატულობს იმის გააზრება, რომ კონფლიქტი თავის დასასრულს უახლოვდება. თუ სტამბოლში მხარეები მართლაც მოილაპარაკებენ, არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპი შეძლებს მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნების განხორციელებას - ზელენსკისა და პუტინს ერთმანეთს შეახვედრებს. ამ ეტაპზე მათი რანდევუ ნაკლებსავარაუდოდ ჩანს, მაგრამ საბოლოო ხელის ჩაქნევაც ნაადრევი იქნებოდა.

მეორე ნიუანსი ეხება რუსეთის დელეგაციის დონეს სტამბოლის მოლაპარაკებაზე, რომელიც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმაც, რომლის თქმით, კრემლი თავისი მოქმედებით ვოლოდიმირ ზელენსკის იმიჯს „ამცირებს და დიპლომატიურ შეურაცხყოფას აყენებსო“. ასეთი კრიტიკა მაინცდამაინც სამართლიანი არ არის, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი აშკარად ემზადებოდა სხვადასხვა ვარიანტებისათვის: მან თურქეთში ჩასვლით თავისი საქმეც გააკეთა - რეჯეფ ერდოღანს შეხვდა (ვლადიმერ პუტინის ჩასვლა-არჩასვლის მიუხედავად). მას ასევე შეუძლია სტამბოლში გამგზავრება - იგი მიჩვეულია ასეთი სწრაფი რეჟიმის მქონე ვიზიტებს. თავის მხრივ, რუსეთის დელეგაცია შედგება ძირითადად მინისტრების მოადგილეებისაგან, მაგრამ ეს ფორმატი სავსებით მოსალოდნელი ჩანდა  - ასე იყო 2022 წლის მარტ-აპრილშიც, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ.

მნიშვნლოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნებისმიერი დონის პირდაპირი მოლაპარაკების ფაქტი დიდ დათმობას წარმოადგენს უფრო მეტად უკრაინისათვის, ვიდრე რუსეთისათვის. კიევი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს აცხადებდა რუსეთთან ნებისმიერ კონტაქტებზე, თუმცა ბოლოს უკრაინის პრეზიდენმა თანხმობა განაცხადა ვლადიმერ პუტინს სტამბოლში შეხვედროდა. კრემლის დელეგაციის საკვანძო ფიგურას ვლადიმერ მედინსკი წარმოადგენს, რაც მოსკოვის განზრახვის სერიოზულობას ადასტურებს. მედინსკი ოფიციალურად მხოლოდ კულტურის საკითხებშია პუტინის თანაშემწე, მაგრამ 2022 წლის მარტ-აპრილის მოლაპარაკების დროსაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. როგორც ცნობილია, იმ დროს მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით დოკუმენტს ხელი არ მოეწერა და გარიგება ჩაიშალა. მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზები დღემდე საკამათოა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ომი გაგრძელდა, ორივე მხრიდან მსხვერპლი კატასტროფულად გაიზარდა და ახლა მშვიდობის მიღწევა უფრო გართულებულია, ვიდრე იმ დროს. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იმას აჩვენებს, რომ მოსკოვი სტამბოლის შეხვედრაში 2022 წელს შეწყვეტილი პროცესის გაგრძელებას ხედავს. კაცმა რომ თქვას, ეს გარემოება არც უკრაინისთვის არის ცუდი. მართალია, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ პროგრესს ტერიტორიების დაკავებაში, მაგრამ ამით კრემლის დღევანდელი პირობები 2022 წლის მარტ-აპრილის პირობებისაგან მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება; რუსულენოვანი მოსახლეობის დაცბა (ე.წ. „დენაციფიკაცია“), უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის გადაცემა რუსეთისათვის, ყირიმის მიერთების აღიარება და კრემლის მთავარი მარადიული მოთხოვნა - უკრაინის ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე (დასაშვებია ევროკავშირში მიღება).

მართალია, უკრაინისათვის ასეთი პირობები მიუღებლად ითვლება იმდენად, რამდენადაც აკანონებს ქვეყნის ტერიტორიულ დანაკარგებს, მაგრამ თუ ისინი ადრეც დღის წესრიგში იყვნენ შეტანილნი, ახლაც შეიძლება მათი განხილვა, მით უმეტეს, რომ რუსეთს ამჟამადაც უპირატესი პოზიციები აქვს.

თუ ამას დავამატებთ ათასობით ბავშვის დაბრუნებას უკრაინაში, რომელთა უკანონო გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევი მოსკოვს აბრალებდა (ეს ფაქტი პუტინისათვის დაპატიმრების ორდერის გამოწერის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ), მაშინ შეიძლება ისეთი შეთანხმების კონტურები დავინახოთ, რომელიც უკრაინას დაეხმარება დარჩეს დამოუკიდებელ, სუვერენულ და პროდასავლურ სახელმწიფოდ.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати