USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, ჩაიშალა. ვინ არის დამნაშავე?“
Date:  698

ბრიტანულმა გაზეთმა „ინდეფენდენტმა“ (The Independent) გამოაქვეყნა ცნობილი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, ჩაიშალა. ვინ არის დამნაშავე?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა მოუვიდა უკრაინის კონტრშეტევას? ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ყველა მოუთმენლად ელოდა კიევის არმიის წარმატებებს როგორც უკრაინაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ერთნი ფიქრობდნენ, რომ გარდატეხა მოხდებოდა საომარ მოქმედებებში, მეორენი კი იმედოვნებდნენ, რომ რუსები საერთოდ გავიდოდნენ უკრაინის ტერიტორიიდან. მაგრამ დღეს არც ერთია და არც მეორე. ზაფხული იწურება, ზღურბლზე შემოდგომაა, ძირითადი კითხვები კი უპასუხოდ „ჰაერში დაეკიდნენ“. ნუთუ რაც ვნახეთ, სულ ეს იყო ნაქები კონტრშეტევა? და თუ იყო, რა კონკრეტული გეგმები არსებობდა? ვინ იცის, იქნებ მომავალ წელსაც იგივე განმეორდეს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იოლი არ არის, მათ შორის იმიტომაც, რომ ორივე მხარე სინამდვილეს მალავს და საზოგადოებას არაზუსტი და ყალბი ინფორმაციებით კვებავენ. უკრაინამ სასტიკად აკრძალა საომარი დანაკარგების გამოქვეყნება, რუსების ინფორმაციებს კი ან დასავლეთი ბლოკავს აპრიორულად (წინასწარ), ანდა უკიდურესად სკეპტიკურად აღიქმება. მართალია, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინელი ჟურნალისტების მასალებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე წერენ სტატიებს, ნამდვილობის მეტი დონე აქვთ, მაგრამ რეალურად ისინიც მკაცრად კონტროლირდებიან [სამთავრობო] მედია-მენეჯერების მიერ...

ალბათ, სიმართლეს მეტ-ნაკლებად შეესაბამება ასეთი ფორმულირებები:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა, თუ კონტრშეტევა მართლაც ნამდვილად იყო (არის), საკმაოდ გვიან დაიწყო და დაყოვნებით, ნელა მიმდინარეობს, ვიდრე უკრაინის არმიის სარდლობა თავდაპირველად იმედოვნებდა. შორს რომ არ წავიდეთ, ამას თვითონ უკრაინის პრეზიდენტიც პერიოდულად ამბობს ხოლმე. ვინ-ვინ და ქვეყნის მეთაურები ნამდვილად არ დამალავენ სამხედრო წარმატებებს, თუ ისინი რეალურად არსებობენ. ეს პირველი მომენტი.

მეორე მომენტი ისაა, რომ თუ კონტრშეტევა მართლაც ნამდვილად იყო (არის), ძალიან ძვირი უჯდება უკრაინას - ჯარის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დანაკარგების გათვალისწინებით. ამას უცხოელი რეპორტიორებიც ყოველდღიურად აღნიშნავენ თავიანთ პუბლიკაციებში, რომლებიც დასავლურ პრესაში ვრცელდება. ეს უკვე ე.წ. „რუსული პროპაგანდა“ არ არის.

იმავე დროს (და ეს გაურკვევლობის კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს), არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ბევრ გარეშე დამკვირვებელს არ სურს კონტრშეტევის „ჩამოწერა“ - არ აღიარებენ, რომ ის ჩაიფუშა და ეს ხდება არამარტო უკრაინისადმი ლოიალობის გამო. საქმე იმაშია, რომ ამ კონფლიქტმა იმდენი სიურპრიზი მოიტანა, რომ წინასწარ რაიმეს კატეგორიული მტკიცება სახიფათოა. შეიძლება ამ საღამოს მოისმინო, რომ ყველაფერი ცუდად მიდის და კიევის შეტევა ჩაიშალა, ხვალ დილით კი უცებ გაიგებ, რომ უკრაინელებმა რუსების თავდაცვის ზღუდეები გაარღვიეს, დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები ისევ დაიკავეს და ქერჩის ხიდიც საბოლოოდ გაანადგურეს. ამის იმედი ჯერ კიდევ არის იმის მიუხედავად, რომ წარმატების მისაღწევი დრო სწრაფად მცირდება.

უკრაინის კონტრშეტევის შესახებ დასკვნების გაკეთებისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ იქნა ის ჩაფიქრებული. ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ რას გეგმავდა ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი გენერლებით, რომლებმაც ნებით თუ უნებლიედ, თავიანთი გულადი და ამაყი განცხადებებით, ვაშინგტონს და მთლიანად დასავლეთს იმედიანი განწყობა ჩაუნერგეს.

იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება (ყოველ შემთხვევაში, უკრაინის შიგნით თუ არა, მის ფარგლებს გარეთ მაინც), რომ კონტრშეტევა დაიწყება მაშინ, როცა გაზაფხულის უგზოობის შემდეგ მიწა გაშრება და მძიმე ტექნიკა იმოძრავებს: უკრაინული ჯარი ხერსონთან მდინარე დნეპრს გადალახავდა, ზაპოროჟიედან კი პირდაპირ დაატყამდა რუსეთის გამაგრებულ ხაზს, მელიტოპოლს აიღებდა, გადაჭრიდა ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს და ბერდიანსკთან აზოვის ზღვაზე გავიდოდა. და თუ მართლაც ასე მოხდებოდა, შეიძლებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინის გათავისუფლება და ყირიმის დაბრუნებაზე ფიქრიც.

თუ მიზანი მართლაც ეს იყო, მაშინ, როგორც ჩანს, გეგმა არარეალური აღმოჩნდა და კონტრშეტევა, როგორც არ უნდა შეალამაზო, ის უკვე ჩაიფუშა. მაგრამ ისევ კითხვები იბადება: რამდენად აჭარბებდა ხელოვნურად უკრაინა თავის შესაძლებლობებს და რამდენად ჰქონდა დასავლეთის დახმარების იმედი?

უკრაინის არმიის სარდლობა და ოფიციალური პირები, რასაკვირველია, კონტრშეტევის დაგვიანებას დასავლური მძიმე ტექნიკის მიწოდების დაყოვნებას აბრალებენ. დიახ, ლაპარაკით ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ პრაქტიკულად ამერიკული და გერმანული მძიმე ტექნიკა უკრაინის არმიას მართლაც დაყოვნებით მიეწოდებოდა. უკრაინას არ ჰყავდა (და არც ახლა არ ჰყავს) ავიაცია. კიევის თხოვნები „ფანტომების“ (F16-ების) მიწოდებაზე დარჩა „ხმად მღაღადებლისა შინა“. ჯერ-ჯერობით, მფრინავების მომზადებაც არ დაწყებულა. ამის ნაცვლად ნატოელებმა კიევს ძველი საბჭოური თვითმფრინავები („MIG“-ები) შეაჩეჩეს, რომელთა სუსტი წერტილები თვითონ რუსებმაც კარგად იციან.

სხვათა შორის, როგორც ამერიკული მასმედია წერდა ამას წინათ, დასავლელმა სამხედრო ჩინოვნიკებმა ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინას რუსების გასაძევებლად არც შესაბამისი მომზადება არ აქვს და არც ნორმალური იარაღი, მაგრამ დასავლეთს იმედი აქვს, რომ იარაღისა და მომზადების ნაკლებობის კომპენსაცია უკრაინელების შეუპოვრობით, მამაცობით და გამძლეობით მოხდება. ჰოდა, ასეთ ფონზე განა არ აქვს კიევს იმის საბაბი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავის დასავლელ მოკავშირეებს ბრალდება წაუყენოს უკრაინელთა სიცოცხლის უაზროდ განკარგვის გამო?

ყურადღება უნდა მივაქციოთ კონტრეტევის რუსულ შემადგენელსაც. რამდენად გაითვალისწინა უკრაინის სარდლობამ რუსეთის არმიის ძალა? იქნებ სწორი არ იყო იმის მტკიცება, რომ რუსეთის არმიას აღარც ჭურვები არ აქვს და რაკეტებიც გამოელია? საერთოდ, მოწინააღმდეგის რეზერვებისა და რესურსების სათანადოდ  შეუფასებლობა მძიმე შედეგების მომტანია. კიევი იმდენს ლაპარაკობდა კონტრშეტევის თაობაზე, რომ რუსეთმა თავი დაიზღვია: კიდევ უფრო გაამაგრა თავისი თავდაცვის ხაზი დამატებით - გაზარდა დანაღმულ ველებზე ნაღმების კონცენტრაცია, გათხარა მეტი ტანკსაწინააღმდეგო თხრილი, მოაწყო მეტი საცეცხლე წერტილი, რაც, უკრაინისათვის მოულოდნელად, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

ალბათ, სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ უკრაინას ამ ორ თვეზე მეტი ხნის ბრძოლებში რაიმე პროგრესისთვის არ მიუღწევია. რა თქმა უნდა, წარმატებები არის, მაგრამ მოსალოდნელზე ბევრად მცირე და მათ ძირითადად მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვთ. თვითონ განსაჯეთ: კიევის ჯარმა დღემდე ვერ მოახერხა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გამაგრება. ბოლო დროს ვრცელდებოდა ამბები, რომ რამდენიმე კატერმა ხერსონთან, აღმოსავლეთ ნაპირზე, დესანტი გადასხაო, მაგრამ მის შესახებ აღარაფერი არ ისმის. სავარაუდოდ, „დესანტი“ და მის მიერ დაკავებული ტერიტორიაც იმდენად მცირეა, რომ მას მნიშვნელოვან წინსვლად ვერ ჩავთვლით.

მცირე პროგრესის ფონზე უკრაინა მიხვდა, რომ სახმელეთო კონტრშეტევას ეფექტური გაგრძელება არ ექნება, ამიტომ დინამიურობის მიზნით ისეთი სხვა საშუალებების გამოყენება დაიწყო, რომლებითაც რუსული საზოგადოების გაღიზიანებასა და ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ესენია საჰაერო და საზღვაო დრონებით განხორციელებული დარტყმები რუსეთის სამხედრო ქარხნებზე, ნავთბაზებზე, აეროდრომებზე, მოსკოვზე და შავი ზღვის ნავსადგურებზე, ჩონგარისა და ქერჩის ხიდებზე.

უკრაინის გათვლები, როგორც ჩანს, იმაში გამოიხატება, რომ რუსებში გაჩნდება დაუცველობის სინდრომი და რომ რუსული საზოგადოება დაფიქრდება კითხვაზე - ღირს კი ამდენ მსხვერპლად ის ტერიტორიები, რომლებსაც მოსკოვი აკონტროლებს? მაგრამ ამგვარი მიდგომა სარისკოა და მასში საფრთხე იმალება: გაღიზიანებულ რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ უკრაინის დასავლეთი რეგიონები (ლვოვი, როვნო, ვოლინი და კარპატები...) დაბომბოს - ისინი ბოლო დრომდე თითქმის ხელუხლებელნი რჩებოდნენ - და ამრიგად, კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს.

შეიძლება სხვა ფაქტორებიც დავასახელოთ: აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისათვის კასეტური ბომბების მიწოდების თაობაზე იმაზე მეტყველებს, რომ სხვა საბრძოლო მასალების, ვთქვათ, ჭურვების რეზერვები დასავლეთში მართლაც ამოწურულია. ალბათ, ბევრი ექსპერტი დამეთანხმება, რომ დასავლეთს კიევისათვის თანამედროვე ტანკების მიწოდებაც უჭირთ და ძველ „ლეოპარდებს“ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების საწყობებში ეძებენ... მალე დადგება უკრაინული შემოდგომა და მასთან ერთად წვიმების სეზონი. ვინც იცის, თუ რას ნიშნავს უკრაინის ველ-მინდვრებზე წამოსული წვიმა, კარგად მიხვდება, რომ მძიმე ტექნიკის მოძრაობა ძალიან გართულდება. კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო რუსი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება, არამედ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისაც. კიევისათვის ცოცხალი ძალის დანაკარგები ძალიან დიდია და მუდმივად დგება ჯარში ახალ-ახალი გაწვევების აუცილებლობა. სამწუხაროდ, უკრაინისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა ნატოს ვილნიუსის სამიტიც - ალიანსში მისი დაჩქარებული მიღების შანსები გაქრა.

არსებობს სხვა უფრო მასშტაბური გაურკვევლობებიც: მაგალითად, პოლონეთში, რომელიც უკრაინისადმი ევროპული და ნატოური მხარდაჭერის ავანგარდში იმყოფება, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს [არ არის გამორიცხული, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში ადგილები დაკარგოს). აშშ-ში თანდათან ძალას იკრებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია (შესაძლოა დემოკრატებმა პრეზიდენტის სავარძელი ვერ შეინარჩუნონ). დიდი ბრიტანეთიც უკრაინას ისეთ მტკიცე მხარდაჭერას არ უწევს, როგორსაც ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს უწევდა.

ალბათ, გააცნობიერა რა საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის შეცვლის ალბათობა უკრაინის მიმართ, კიევმა საზღვარგარეთ დიპლომატიური მხარდაჭერის ძიება დაიწყო, მათ შორის საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩატარებულ სამიტზეც, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით.

საბოლოო ჯამში, ყველა ამ მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს უფრო შეუძლიათ უკრაინაზე გავლენის მოხდენა, ვიდრე ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას. უკრაინამ სასწაული რომ მოახდინოს და რუსების მიერ გამაგრებული თავდაცვის ხაზი გაარღვიოს, რომლის იმედი კიევს ჰქონდა, ყირიმ-დონბასის დერეფნის ლიკვიდაცია მას ვერაფერს უშველის და საბოლოო გამარჯვებას ვერ მოუტანს. დრო უკვე წავიდა...

წყარო: https://www.independent.co.uk/voices/ukraine-russia-conflict-spring-counteroffensive-b2390990.html

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way